იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და ეკონომიკურად გამართლებულ ჩარევას წარმოადგენს, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციური დაავადებებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობას. საქართველოს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამა, რომელიც 1995 წლიდან ფუნქციონირებს, ვაქცინებით მართვადი დაავადებების კონტროლის ცენტრალურ მექანიზმს წარმოადგენს და ეტაპობრივად ჰარმონიზებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) Expanded Programme on Immunization (EPI) და Immunization Agenda 2030-ის სტანდარტებთან.
იმუნიზაციის პროგრამის ევოლუცია და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება
საქართველოს იმუნიზაციის პროგრამამ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. ამ თემასთან დაკავშირებით მედსკრიპტუმი პედიატრ იმუნოლოგ რუსუდან კანაშვილს ესაუბრა.
როგორც ქალბატონი რუსუდანი აღნიშნავს ქვეყანამ „ძალიან დიდი გზა გაიარა და უზარმაზარ წარმატებას მიაღწია, რადგან თანამედროვე ეროვნული კალენდარი თითქმის სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს”
ექსპერტის შეფასებით, მნიშვნელოვანი პროგრესი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ვაქცინების შემადგენლობისა და ხარისხის კუთხით. ამას წარსულ გამოცდილებასთან კონტრასტიც შესანიშნავად ასახავს:
„თუ ადრე რუსული АКДС-ის მინიმუმიდან მოვდიოდით, დღეს უკვე ჰექსავალენტური ვაქცინა კეთდება — დიფტერია, ტეტანუსი, არაუჯრედული ყივანახველა, ინაქტივირებული პოლიომიელიტი, B ჰეპატიტი და ჰემოფილუს ინფლუენზა ტიპი b. ეს ფრანგული, უძვირფასესი და რაც მთავარია უმაღლესი ხარისხის ექვსკომპონენტიანი ვაქცინაა”.
პროგრამაში ეტაპობრივად დაემატა პნევმოკოკური ვაქცინა (2014 წლიდან), როტავირუსის საწინააღმდეგო(2013) აცრა და შემდგომ ტეტრაქსიმი (DTP-IPV)(2020 წ), რაც ადასტურებს პროგრამის მუდმივ განვითარებას და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მიდგომას.
HPV ვაქცინაცია: პროგრამის გაფართოება და რეალური გამოწვევები
ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოს იმუნიზაციის პროგრამაში 2017 წელს თავდაპირველად საპილოტე რეჟიმში ჩაეშვა. როგორც რ.კანაშვილი განმარტავს, პროგრამა ეტაპობრივად გაფართოვდა:
„თავდაპირველად ეს იყო საპილოტე პროგრამა 2008–2009 წლებში დაბადებული გოგონებისთვის, შემდგომ კი სრულად ამუშავდა 10–11-12 წლის გოგონების იმუნიზაციისთვის, მოგვიანებით დაემატა ბიჭებიც“
2023–2025 წლებში HPV ვაქცინაციის ასაკობრივი ზღვარი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამჟამად მოიცავს:
- ქალებს 13–45 წლის ჩათვლით;
- მამაკაცებს 45 წლის ჩათვლით (2026 წლის 1 იანვრიდან).ექსპერტი ხაზს უსვამს ვაქცინის განსაკუთრებულ მნიშვნელობას:
„ეს ვაქცინა მართლაც ძალიან საჭიროა, რადგან ორმაგი დაცვის ეფექტი აქვს — აცრილი იცავს საკუთარ თავსაც და თავის პარტნიორსაც“
თუმცა, ოფიციალური სტატისტიკის არქონის მიუხედავად, სპეციალისტის შეფასებით HPV ვაქცინაციის რეალური დაფარვა კვლავ დაბალია და რეკომენდირებულ მაჩვენებლებს ვერ აღწევს.
იმუნიზაციის დაფარვა და საზოგადოებრივი ნდობის კრიზისი
2025 წელს გამოქვეყნებული WUENIC-ის მონაცემებით, საქართველოში მაღალია DTP1 (~96%), HepB3 (~93%) დაფარვა, თუმცა სრულად ვერ მიიღწევა ≥95% სამიზნე ყველა ვაქცინაზე, განსაკუთრებით DTP3, Pol3 და როტავირუსის შემთხვევაში.
სამწუხაროდ აღნიშნული სტატისტიკა შესაძლოა რეალურ სურათს მაინც ვერ ასახავდეს პროცენტული მონაცემები ბევრად დაბალი იყოს. ვინაიდან საზოგადოებაში ფართოდ ცირკულირებს ვაქცინებისადმი სკეპტიკური აზრი რაც იმუნზაციის ცენტერბისადმი მიმართვიანობაზეც აისახება.
ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება საზოგადოებრივი ნდობის პრობლემას ეთმობა. ქალბატონი რუსუდანი ერთ-ერთ მიზეზად COVID-19 პანდემიის გავლენასაც ასახელებს.
„ მრავალი მიზეზი არსებობს თუ რამ იმოქმედა მომართვიანობაზე და , განსაკუთრებით კოვიდის ვაქცინას გამოვყოფდი, რომელის გარშემოც წარმოქმნილმა აზრთა სხვადასხვაობამ, წლობით ნაშენებ ნდობაზე ზოგადად ვაქცინებისა და იმუნიზაციის როლის მიმართ ძალიან ცუდი გავლენა იქონია. კოვიდპანდემიის მერე განსაკუთრებით დაიწია მომართვიანობამ. ძალიან მომრავლდნენ ე.წ. “ანტივაქსერები”, რამაც ზოგადად ვაქცინებისა და იმუნიზაციის როლის მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად შეარყია“
მისივე თქმით, საზოგადოებრივ სკეპტიციზმს ხელი წითელას ინდური წარმოების ვაქცინის გარშემო შექმნილმა სპეკულაციებმაც შეუწყო, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა ხარისხობრივად არაფრით ჩამოუვარდებოდა ევროპულ ანალოგებს.
“ასევე ინდური წარმოების წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცნების თემა, ვაქცინა, რომელიც იდეალური მონაცემებისაა და სხვა ნებისმიერი ევროპიდან შემოტანილ ვაქცინათაგან აბსოლუტურად არაფრით განსხვავედებოდა, გვერდითი მოვლენებისა თუ შედეგობრივი თვალსაზრისით, სამწუხაროდ გახდა მიზეზი უნდობლობისა და სპეკულაციისა. რამაც მომართვინობა მხოლოდ წითელაზე კიარა ზოგადად სხვა აუცილებელ ვაქცინებზეც შეამცირა. ამ ყველაფერს უფრო საზოგადოებაში ცუდად ინფორმირებულობასა და ამ საკითხისადმი ძალიან ზედაპირულ ცოდნას მივაწერდი.”
მშობლების ინფორმირებულობა და ხელმისაწვდომობა
ექსპერტის შეფასებით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ინფორმაციის დეფიციტი წარმოადგენს:
“იმუნიზაციის პროგრამაში ჩართული თითოეული ვაქცინა ბავშვის ჯანმრთელობისთვის ძალიან მარგებელია, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში და არარამრტო, მათ უამრავ ძალიან საშიში დაავადებისგან დაცვას უზრუნველყოფენ. საუბარია უმაღლესი ხარისხის ვაქცინებზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეთათვის სრულებით უფასოა. ვიმეორებ სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ეს ვაქცინები სრულიად უფასოა, ვინაიდან ხშირად მომართვის დაგვიანების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ისაა რომ მშობელმა ესეც არ იცის.”
იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში ვაქცინაცია ტარდება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, ოჯახის ექიმის ამბულატორიებსა და სამშობიარო სახლებში, რაც ქმნის ინფრასტრუქტურულ წინაპირობას, თუმცა ინფორმირებულობის გარეშე სრულყოფილი დაფარვის მიღწევა კვლავ რთულია.
დაგვიანებული იმუნიზაცია და ინდივიდუალური სქემები
თუ მოქალაქეს ბავშვობაში არ აქვს ჩატარებული ყველა აუცილებელი აცრა, ექსპერტის თქმით, გამოსავალი მაინც არსებობს:
„ზოგ ვაქცინას დაგვიანების შემთხვევაში ვეღარ ვაკეთებთ, მაგალითად როტავირუსს, მაგრამ სურვილის შემთხვევაში ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით ინდივიდუალური სქემის შექმნა ყოველთვის შესაძლებელია“.
ეს მიდგომა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროგრამის მოქნილობას და პაციენტზე ორიენტირებულ ხასიათს.
საქართველოს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამა ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზებულ, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემას წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს მნიშვნელოვან პროგრესს კრიტიკულ ვაქცინებზე, ხოლო ექსპერტული შეფასებები აჩვენებს, რომ პროგრამის ძირითადი გამოწვევები დღეს უკვე ნაკლებად ტექნიკური და მეტად სოციალური ხასიათისაა — ნდობა, ინფორმირებულობა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა.
მშობლების განათლება და ≥95% დაფარვის მიღწევა ყველა ძირითადი ვაქცინისთვის უნდა დარჩეს ეროვნული ჯანდაცვის პრიორიტეტად, რაც მომავალში მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფექციური და ონკოლოგიური დაავადებების ტვირთს საქართველოში

