ამერიკის შეერთებულ შტატებში თინეიჯერების ძილის ხარისხი კრიტიკულად გაუარესდა. ჟურნალ American Medical Association-ში (JAMA) გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, რომელიც თითქმის 121,000 საშუალო სკოლის მოსწავლის მონაცემებს ეყრდნობა, ძილის დეფიციტი უკვე საყოველთაო ხასიათს ატარებს.
კვლევის მიხედვით, რომელიც 2007-დან 2023 წლამდე პერიოდს მოიცავს, ვითარება მნიშვნელოვნად დამძიმდა:
-
არასაკმარისი ძილი (8 საათზე ნაკლები ღამით): 2023 წლისთვის ამერიკელი თინეიჯერების დაახლოებით 3/4-ს (75%) აღენიშნება ძილის დეფიციტი, რაც 2007 წელთან შედარებით 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
-
ძალიან მოკლე ძილი (5 საათი ან ნაკლები): ამ კატეგორიაში მყოფ მოსწავლეთა რაოდენობა 15.8%-დან 23.0%-მდე გაიზარდა.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ძილის დეფიციტის ზრდა მასშტაბური პროცესია და ის თინეიჯერის ასაკზე, სქესზე, რასასა თუ ეთნიკურ კუთვნილებაზე დამოკიდებული არ არის, თუმცა მონაცემებში რამდენიმე საყურადღებო დეტალი მაინც იკვეთება.
კერძოდ, ძილის დეფიციტის ზრდა უფრო გამოხატული შავკანიან სტუდენტებში იყო, ვიდრე თეთრკანიანებში; ამასთან, კვლევისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ძილის ნაკლებობა სოციალური მედიის გამოყენებასთან პირდაპირ კავშირში არ არის. უფრო მეტიც, იმ თინეიჯერებს, რომლებიც მცირე დროს ატარებენ ეკრანებთან, ძილის დეფიციტის უფრო მკვეთრი ზრდა აღენიშნებათ, ვიდრე მათ, ვინც გაჯეტებს აქტიურად იყენებს.
ქვეყანაში არსებული „ძილის დეფიციტის ეპიდემიის“ მოსაგვარებლად ექსპერტები რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს გამოყოფენ. პირველ რიგში, რეკომენდებულია სკოლების დაწყების დროის გადაწევა, რადგან კვლევები ადასტურებს, რომ დღის უფრო გვიან დაწყება მოსწავლეებში ძილის ხანგრძლივობასა და აკადემიურ მოსწრებას საგრძნობლად აუმჯობესებს.
ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს ძილის ჰიგიენის დაცვას, რაც გულისხმობს საძინებლის გრილ, ბნელ და წყნარ გარემოდ შენარჩუნებას, ასევე ძილის წინ გაჯეტების გამოყენების შეზღუდვას. გარდა ამისა, დილით ადრე ბუნებრივი, გარე განათების მიღება ხელს უწყობს ტვინის „ცირკადული რიტმის“ დარეგულირებას, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს ღამით ჩაძინებას და ძილის რეჟიმის მოწესრიგებას.
წყარო: JAMA

