დემენცია თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანის დამოუკიდებელ ცხოვრებას საფრთხეს უქმნის. სტატისტიკური მონაცემებით, დედამიწაზე ყოველ 3 წამში ერთ ადამიანს დემენცია უვითარდება. 2050 წლისთვის ამ დიაგნოზით მცხოვრებთა რიცხვი 150 მილიონს მიაღწევს.
სწორედ ამ მზარდი გლობალური კრიზისის საპასუხოდ, ბრიტანულმა სტარტაპმა CrossSense-მა შექმნა ახალი ტექნოლოგია, რომელიც დემენციით დაავადებულ ადამიანებს დაკარგული დამოუკიდებლობის დაბრუნებაში ეხმარება. ამ ინოვაციის მთავარი ღირსება ვირტუალური ასისტენტი Wispy-ია, რომელიც სმარტ-სათვალეში ინტეგრირებული კამერისა და მიკროფონის მეშვეობით პაციენტის გარემოს რეალურ დროში აანალიზებს.
სმარტ სათვალე მომხმარებელს ხმოვანი და ვიზუალური მინიშნებებით ეხმარება ისეთი ყოველდღიური ამოცანების შესრულებაში, როგორიცაა, მაგალითად, საოჯახო ნივთების პოვნა, ჩაიდნის ადუღება ან ახლობლებთან კომუნიკაცია. სტარტაპმა ინოვაციურიი პროექტისთვის პრესტიჟული ბრიტანული ჯილდო, Longitude Prize on Dementia, და 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოიგო.

ამ ინოვაციური ტექნოლოგიის შესახებ CrossSense-ის აღმასრულებელ დირექტორს შჩეპან ორლინსს ვესაუბრეთ. ინტერვიუში შჩეპანი განმარტავს, როგორ აქცია ხელოვნურმა ინტელექტმა ათი წლის წინანდელი თამამი იდეა რეალურ ტექნოლოგიურ გადაწვეტად და რა სპეციფიკური ბარიერების გადალახვა უწევს სტარტაპს გლობალურ ბაზარზე საბოლოო დამკვიდრებამდე.
საიდან გაჩნდა CrossSense-ის შექმნის იდეა? ხომ არ ყოფილა თქვენს ცხოვრებაში ისეთი კონკრეტული მომენტი ან ისტორია, რამაც დაგანახათ, რომ ეს პრობლემა გადაჭრას სასწრაფოდ საჭიროებდა?
CrossSense-ის შექმნის იდეა სინესთეზიის კვლევიდან დაიბადა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ერთი შეგრძნება პარალელურად მეორესაც ააქტიურებს. აღმოვაჩინეთ, რომ სხვადასხვა შეგრძნების ერთმანეთთან დაკავშირებით (მაგალითად, სახელების ფერებთან ასოცირებით) ტვინს ახალი ნეირონული კავშირების დამყარება ან არსებულის გაძლიერება შეუძლია, რაც მას უფრო მდგრადს ხდის.
ეს იდეა დაახლოებით ათი წლის წინ გაჩნდა. იმ პერიოდში, როდესაც ალცჰაიმერის კვლევებში გარკვეული სტაგნაცია იგრძნობოდა. ამას დაემატა ჩვენი გუნდის წევრების პირადი შეხებაც დემენციასთან, რამაც საბოლოოდ გვიბიძგა ამ იდეის განხორციელებისკენ. მაშინვე ვიცოდით, რომ „ჭკვიანი სათვალე“ იდეალური გამოსავალი იქნებოდა, თუმცა ტექნოლოგიური განვითარების დონე იმ დროს ამ იდეის განხორციელებისთვის საკმარისი არ იყო.
წლების განმავლობაში უამრავი მოუხერხებელი პროტოტიპი გამოვცადეთ, სანამ დღევანდელ მოდელამდე მოვიდოდით. მხოლოდ ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ბოლოდროინდელმა ნახტომმა გახადა შესაძლებელი, რომ ეს მოწყობილობები ისე დაპატარავებულიყო და გაძლიერებულიყო, რომ CrossSense-ის მსგავსი პროექტები თეორიიდან პრაქტიკაში განხორციელებულიყო.
სმარტ-სათვალეში ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი Wispy მხოლოდ შეხსენებებით არ შემოიფარგლება. ის დიალოგებს მართავს და ემოციურადაც რეაგირებს. რატომ გადაწყვიტეთ მისი ასეთად შექმნა და რატომ არ დატოვეთ მხოლოდ ფუნქციურ, დავალებებზე ორიენტირებულ ხელსაწყოდ?
Wispy-ს ინტერაქტიულ თანამოსაუბრედ ჩამოყალიბება შემთხვევითი პროცესი არ ყოფილა. ეს ვირტუალური ასისტენს ადამიანს აიძულებს იფიქროს, ილაპარაკოს და წარმოსახვა გამოიყენოს, რაც დემენციის დროს გონებრივი სტიმულაციისთვის აუცილებელია. ეს მიდგომა საჭიროა ნეირონული კავშირების შენარჩუნებისთვის, აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითებას ანელებს.
Wispy ადამიანის ყოველდღიურობის გასამარტივებლადაა შექმნილი. AI ასისტენტი ეყრდნობა ტვინის უნარს, ერთდროულად აღიქვას და დაამუშაოს ინფორმაცია სხვადასხვა შეგრძნებებიდან, მაგალითად, მხედველობიდან და სმენიდან. ყოველივე ეს გადამწყვეტია ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად.
სასექსის უნივერსიტეტთან ერთად ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ობიექტების დასახელების გარდა, მომხმარებლებს საგრძნობლად გაუუმჯობესდათ მოკლევადიანი მეხსიერება და სივრცითი აღქმა. სწორედ ამ შედეგებმა გვიკარნახა, რომ Wispy ზუსტად ასეთი, ინტერაქტიული და ემოციური, უნდა ყოფილიყო.
პირველმა ტესტირებებმა რაიმე მოულოდნელი ხომ არ გამოკვეთა? საინტერესოა, იყო თუ არა დემენციის მქონე ადამიანების მხრიდან CrossSense-თან ინტერაქციის ისეთი ფორმა, რასაც საერთოდ არ მოელოდით?
გარდა იმისა, რომ სათვალის ტარებისას ადამიანები ობიექტებსა უფრო მარტივად ასახელებდნენ, სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ისიც, რომ ეს დადებითი ეფექტი სათვალის მოხსნის შემდეგაც ნარჩუნდებოდა. ტესტირებისას ზოგიერთი პაციენტი პირდაპირ ამბობდა, რომ საგნის ამოცნობას სათვალის გარეშეც სწორედ მისი დახმარებით ახერხებდა.
ბევრი სხვა AI პროდუქტისგან განსხვავებით, მომხმარებლებთან უშუალო მუშაობისას აღმოვაჩინეთ, რომ მათთვის ხელოვნური ინტელექტის გასააქტიურებელი სპეციალური „საკვანძო სიტყვა“ მიუღებელი იყო. ეს მოთხოვნა მათთვის არაბუნებრივად ჟღერდა, რამაც გადაგვაწყვეტინა CrossSense ისე დაგვეპროექტებინა, რომ ჩვენს ციფრულ კომპანიონთან, Wispy-სთან, ურთიერთობა ყოველგვარი ზედმეტი ბარიერის გარეშე, სპონტანურად ყოფილიყო შესაძლებელი.
ხშირად პერსპექტიულ პროტოტიპებსა და მათ რეალურ ცხოვრებაში დამკვიდრებას შორის დიდი დრო და მანძილია. თქვენი აზრით, რა არის მთავარი ბარიერი იმ მიზნამდე, რომ ადამიანებმა ასეთი ჭკვიანი სათვალეები ყოველდღიურად მოირგონ და ეფექტურადაც გამოიყენონ?
დღეს არსებული „დემენციის ტექნოლოგიების“ უმეტესობა, ძირითადად, მომვლელების საჭიროებებზეა მორგებული და არა უშუალოდ პაციენტებზე. მართალია, სხვადასხვა სენსორი თუ მონიტორინგის სისტემა ოჯახის წევრებს სიმშვიდეს ჰგვრის, მაგრამ ისინი თავად დემენციის მქონე ადამიანებს დამოუკიდებლად ცხოვრებაში ან საყვარელი საქმეების კეთებაში ვერ ეხმარება. ხშირად სწორედ ეს ხდება ბარიერი, რის გამოც ასეთი ტექნოლოგიები ყოველდღიურობაში ვერ მკვიდრდება.
CrossSense-ის შექმნის პროცესში თავად პაციენტებიც მონაწილეობდნენ, რათა ის ნამდვილად მათზე ყოფილიყო ორიენტირებული. ბოლო ორი წლის განმავლობაში სწორედ მათი გამოხმაურებების საფუძველზე ვხვეწდით პროტოტიპებს. ხელოვნურმა ინტელექტმა არასდროს უნდა ჩაანაცვლოს ადამიანური ურთიერთობა ან ცოცხალი ზრუნვა, თუმცა, სწორად გამოყენების შემთხვევაში, ტექნოლოგიას მართლაც გარდამტეხი ეფექტი აქვს.
ჩვენი სისტემა თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალურ რუტინას სწავლობს და მათ საჭიროებებს ერგება. ის ადამიანებს იმ მცირე მინიშნებებს აწვდის, რაც მათ ყოველდღიური საქმიანობის დამოუკიდებლად და თავდაჯერებულად შესრულებაში ეხმარება. მომხმარებლებთან ერთად მუშაობა CrossSense-ის მთავარი პრინციპია. ეს გვეხმარება გადავლახოთ ყველა ბარიერი და შევთავაზოთ ადამიანებს რეალური, პრაქტიკული მხარდაჭერა.
კვლევები აჩვენებს, რომ ეფექტი სათვალის მოხსნის შემდეგაც ნარჩუნდება. როგორ ფიქრობთ, შეუძლია ამ ტექნოლოგიას ტვინის ერთგვარი სავარჯიშო ინსტრუმენტი გახდეს?
მართალია, CrossSense დემენციის მქონე ადამიანებისთვის შეიქმნა, თუმცა სამომავლოდ მისი გამოყენება პრევენციისთვისაც იქნება შესაძლებელი მათთვის, ვისაც დაავადების რისკი აქვს. ეს მოწყობილობა შეიძლება მართლაც ერთგვარ „გონებრივ სავარჯიშოდ“ იქცეს.
სასექსის უნივერსიტეტთან მუშაობისას აღმოვაჩინეთ, რომ ობიექტების დასახელების გარდა, მომხმარებლებს საგრძნობლად გაუუმჯობესდათ მეხსიერება და სივრცითი აღქმა. სწორედ ეს შედეგები გვაძლევს იმედს, რომ ტექნოლოგიას უფრო ფართო გამოყენება ექნება.
ექსპერტების მხრიდან ერთ-ერთი მთავარი კითხვა კონფიდენციალურობის საკითხს მიემართება, რადგან სისტემა რეალურ მონაცემებს მუდმივად ამუშავებს. როგორ უმკლავდებით ამ გამოწვევას და როგორ ახერხებთ მომხმარებლებისა და მათი ოჯახის წევრების ნდობის მოპოვებას?
CrossSense-ისთვის პრიორიტეტი მონაცემების სრული ანონიმურობა და დაცვაა. ინფორმაცია იშიფრება და ინახება ბრიტანეთში მდებარე დაცულ სერვერებზე. ჩვენ არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებთ მომხმარებლის მონაცემების გაზიარებას ან გაყიდვას.
ჩვენი მონაწილეობა ბრიტანეთის მონაცემთა დაცვის ორგანოს (ICO) სპეციალურ პროექტში კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ სტანდარტებს. ეს არის კონტროლირებადი გარემო, სადაც ჩვენნაირ ინოვაციურ პროდუქტებს მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ტესტავენ, რათა უსაფრთხოება თავიდანვე სისტემის განუყოფელი ნაწილი იყოს.
უსაფრთხოების ეს მიდგომა თავიდანვე ითვალისწინებს კონფიდენციალურობის ყველა რისკს, როგორც მომხმარებლისთვის, ისე მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვის.
რას აკეთებთ იმისთვის, რომ CrossSense ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდეს?
ჩვენი მიზანი იყო, CrossSense-ის გამოყენება მაქსიმალურად გაგვემარტივებინა. სათვალის გაკეთება ხომ ყველასთვის ნაცნობი და ჩვეულებრივი ქმედებაა, რაც ყოველდღიურ რუტინაში ბუნებრივად ჯდება.
თუმცა, რადგან დემენცია ყველასთან ინდივიდუალურად ვლინდება, მნიშვნელოვანი იყო ისეთი გამოსავალი გვეპოვა, რომელიც დაავადების განვითარებასთან ერთად თავადაც შეიცვლებოდა. ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა წინსვლამ სწორედ ამის საშუალება მოგვცა. შევქმენით ტექნოლოგია, რომელიც ადამიანს ერგება და არა პირიქით.
ამ მხრივ, ჩვენი ციფრული კომპანიონი, Wispy, ნამდვილი საყრდენია. ის უბრალო, მეგობრული კითხვებით სწავლობს თითოეული მომხმარებლის ჩვევებს და ზუსტად იმ დროს ეხმარება მათ, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

