აუტიზმი და მასთან ასოცირებული სოციალური განსხვავებები, რომლის მიზეზსაც რეალურად სხვაგავარად შეგვიძლია შევხედოთ

გააზიარე

აუტიზმის სპექტრის აშლილობა ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და კომპლექსური ნეიროგანვითარებითი მდგომარეობაა, რომელიც გავლენას ადამიანის სოციალურ ურთიერთობებზე, კომუნიკაციასა და ქცევით თვისებებზე ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმის შესახებ კვლევები ათწლეულებია მიმდინარეობს, მეცნიერები კვლავ ცდილობენ გაარკვიონ, თუ როგორ ვითარდება სოციალური განსხვავებები ბავშვობის ადრეულ ეტაპებზე და როგორ იცვლება ისინი ასაკის მატებასთან ერთად. ახალი მასშტაბური კვლევა, რომელიც ჟურნალ Nature Human Behaviour-ში, გამოქვეყნდა აჩვენებს, რომ აუტიზმთან დაკავშირებული სოციალური განსხვავებები ძალიან ადრეულ ასაკში ჩნდება, თუმცა ადამიანის ზრდასთან ერთად შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს.

კვლევა Beijing Normal University-ისა და Peking University-ის მეცნიერების მონაწილეობით ჩატარდა. მათ 2622 სამეცნიერო ნაშრომი გააანალიზეს, რომლებიც ბოლო 35 წლის განმავლობაში იყო გამოქვეყნებული და მოიცავდა სხვადასხვა ასაკის აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს მაგალითად ექვსი თვის ჩვილებიდან ზრდასრულებამდე. კვლევის მთავარი მიზანი მხოლოდ სოციალური სირთულეების აღწერა არ ყოფილა; მეცნიერები ცდილობდნენ გაეგოთ, თუ როგორ ორგანიზდება სოციალური ფუნქიციონირების კანონზომიერებები და რა კავშირები მყარდება ამა თუ იმ სოციალურ უნარს შორის.

მეცნიერებმა ჯამში 22 სხვადასხვა სოციალური უნიარი შეისწავლეს ისეთები როგორიცაა მაგალითად ყურადღება, ემპათია, მიმიკების აღქმა, იმიტაცია, „გონების თეორია“ და ურთიერთობების მართვა. მათი დასკვნით, აუტიზმის დროს სოციალური განსხვავებები შემთხვევითი ან ერთმანეთისგან განცალკევებული მოვლენები არ არის. პირიქით, ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ, იერარქიულ სისტემას ქმნიან. მეცნიერების აზრით, თავდაპირველად განსხვავებები სოციალური მოტივაციის დონეზე ჩნდება, აი მაგალითად, რამდენად შეიძლება ბავშვს ადამიანთან კონტაქტი იზიდავდეს, სწორეს მოტივატორი განსაზღვავს შემდგომ თუ როგორ განუვითარდება ბავშვს სხვა სოციალური უნარები. 

საიდუმლო არავისთვისაა, რომ, რომ სოციალური განვითარება სტატიკური და დროში ფიქსირებული პროცესი არ არის, ეს კვლევამაც დაადასტურა. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებები ადრეულ ბავშვობაში იჩენს თავს, ისინი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ზოგიერთი ადამიანი ასაკის მატებასთან ერთად უკეთესად ავითარებს სოციალურ უნარებს, ზოგი კი დამატებით სირთულეებს აწყდება მოზარდობასა და ზრდასრულობაში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ აუტიზმი ერთგვაროვანი მდგომარეობა არ არის და სხვადასხვა ადამიანს განსხვავებული განვითარების გზა შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ ეს მდგომარეობა შეგვიძლია ისეც წარმოვიდგინოთ, სადაც ინდივიდებს შედარებით მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ უნარების განსავითარებლად და სხვა არაფერი. 

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სოციალურ ფუნქციონირებაზე მხოლოდ ბიოლოგიური ფაქტორები არ მოქმედებს. გარემო, კულტურა და საზოგადოებრივი მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. იმ ქვეყნებში, სადაც სოციალური მხარდაჭერა უფრო მაღალია და საზოგადოება მეტად ინკლუზიურია, აუტისტურ და ნეიროტიპურ ადამიანებს შორის სოციალური განსხვავებები შედარებით ნაკლებადაა გამოხატული. საპირისპიროდ, უფრო კონკურენტულ და ნაკლებად მხარდამჭერ გარემოში ეს განსხვავებები უფრო თვალსაჩინო ხდებოდა.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ აღმოჩენებმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს აუტიზმის შეფასებისა და მხარდაჭერის თანამედროვე მიდგომები. მათი აზრით, აუცილებელია უფრო ფართო და მრავალმხრივი შეფასების სისტემების შექმნა, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე სიმპტომზე არ იქნება დაფუძნებული. მომავალში მეცნიერები გეგმავენ სოციალური განვითარების უფრო ზუსტი მოდელების შექმნას, ასევე ტვინის გამოსახულებითი კვლევებისა და კომპიუტერული მოდელირების გამოყენებას იმის გასაგებად, თუ როგორ ვითარდება სოციალური ფუნქციები აუტიზმის დროს.

სწორედ ამიტომაა აუცილებელი, საზოგადოებაში თვითშეგნებისა და ინფორმირებულობის გაზრდა. ინდივიდთა სტიგმატიზაციისგან თავის შეკავება, და ამ ადამიანთა საზოგადოებაში მაქსიმალურ ინტეგრაცია, ამას საოცარი შედეგების მოტანა შეუძლია, როგორც მათთვის ისე მათ გარშემო მყოფი ადამიანებისათვის. 

ეს კვლევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ აუტიზმი მხოლოდ დიაგნოზი არ არის. იგი წარმოადგენს მრავალფეროვან ნეიროგანვითარებით სპექტრს, რომლის თითოეული შემთხვევაც უნიკალურია. სოციალური უნარების განვითარების ტემპი შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს, ხოლო შესაბამისმა მხარდაჭერამ და გარემომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაზე.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები