ძილის აპნოე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ, თუმცა ხშირად დაუდგენელ ობსტრუქციულ დარღვევად რჩება. ეს მდგომარეობა მაშინ ვითარდება, როდესაც ძილის დროს ზედა სასუნთქი გზები პერიოდულად იკეტება, რის გამოც სუნთქვა წამიერად ჩერდება. შედეგად ორგანიზმი ვერ იღებს საკმარის ჟანგბადს, პაციენტი ფაქტობრივად იხრჩობა, მას ეღვიძება მიკროგამოფხიზლებების სახით და სრულფასოვანი ძილი ირღვევა. დაავადება არა მხოლოდ ძლიერ ხვრინვასა და დღის ძილიანობას იწვევს, არამედ ზრდის ჰიპერტენზიის, ინფარქტის, ინსულტის, გულის უკმარისობისა და მეტაბოლური დარღვევების რისკსაც. AD109 დაავადები ახალ სამკურნალო საშუალებად გვევლინება.
მრავალი წლის განმავლობაში ძილის აპნოეს მკურნალობის მთავარ მეთოდად CPAP-აპარატი ითვლებოდა, რომელიც ჰაერის მუდმივი წნევის საშუალებით სასუნთქ გზებს ღიას ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი ეფექტურია, ბევრი პაციენტი მას ვერ ეგუება. ზოგს ნიღაბი დისკომფორტს უქმნის, ზოგს ძილი ერღვევა, ნაწილი კი საერთოდ წყვეტს გამოყენებას. სწორედ ამიტომ მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ ისეთი ალტერნატივის შექმნას, რომელიც დაავადების უშუალო მექანიზმზე იმოქმედებს და პაციენტისთვის უფრო მოსახერხებელი იქნება.
2026 წელს ამერიკის თორაკალურმა საზოგადოებამ (ATS) წარმოადგინა კვლევა, რომელმაც დიდი ყურადღება მიიპყრო. საუბარი პრეპარატ AD109-ზეა, ერთხელ ღამით მისაღებ აბზე, რომელიც ძილის აპნოეს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზს, სასუნთქი გზების კოლაფსს, ებრძვის. კვლევის ავტორების თქმით, ეს პირველი მედიკამენტური თერაპიაა, რომელიც უშუალოდ ზედა სასუნთქი გზების ნეირომუსკულურ მექანიზმებზე მოქმედებს და არა მხოლოდ სიმპტომების კონტროლზე.
AD109 ორი მოქმედი ნივთიერების, აროქსიბუტინინისა და ატომოქსეტინის კომბინაციას წარმოადგენს. ეს ნივთიერებები ძილის დროს ყელისა და ენის კუნთების ტონუსს აძლიერებენ, რის შედეგადაც სასუნთქი გზები ნაკლებად იკეტება. ობსტრუქციული აპნოეს დროს სწორედ ამ ქსოვილების მოდუნება იწვევს ჰაერის ნაკადის შეწყვეტას. ახალი თერაპიის მიზანი, ძილის დროს ამ კუნთების უფრო აქტიურად დარჩენა და სუნთქვის შეუფერხებლად გაგრძელებაა.
ფაზა III-ის ფართომასშტაბიან კლინიკურ კვლევაში მონაწილე პაციენტებში სუნთქვის შეწყვეტის ეპიზოდები მნიშვნელოვნად შემცირდა. მკვლევრებმა დააფიქსირეს როგორც სატურაციის დონის გაუმჯობესება, ისე დაავადების სიმძიმის შემცირება. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში აპნოეს მაჩვენებლები იმდენად გაუმჯობესდა, რომ პრაქტიკულად სრულ კონტროლზე საუბრობდნენ.
თუმცა, როგორც თითქმის ყველა ახალ პრეპარატს, AD109-საც აქვს შეზღუდვები და შესაძლო გვერდითი ეფექტები. კლინიკური კვლევების დროს პაციენტების ნაწილმა გულისრევა, უძილობა, შფოთვა და შარდვის გაძნელება გამოყო, როგორც დისკომფორტის მთავარ წყარო, რის გამოც ზოგიერთმა მკურნალობა შეწყვიტა. სწორედ ამიტომ სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ პრეპარატი, სავარაუდოდ, ყველასთვის იდეალური არჩევანი არ იქნება და საჭიროა იმის განსაზღვრა, თუ რომელი პაციენტები მიიღებენ მისგან ყველაზე დიდ სარგებელს.
ბოლო წლებში ძილის აპნოეს მკურნალობაში რამდენიმე განსხვავებული მიმართულება განვითარდა. ერთ-ერთი მათგანი ჰიპოგლოსური ნერვის სტიმულატორია, იმპლანტირებული მოწყობილობა, რომელიც ენის კუნთებს ასტიმულირებს და სასუნთქ გზებს ღიას ინარჩუნებს. 2026 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი მეთოდები ეფექტიანი და შედარებით უსაფრთხოა იმ პაციენტებისთვის, რომლებიც CPAP-თერაპიას ვერ იტანენ.
ამასთან, მეცნიერები GLP-1 ჯგუფის პრეპარატებსაც სწავლობენ, რომლებიც თავდაპირველად დიაბეტისა და სიმსუქნის სამკურნალოდ შეიქმნა. კვლევების მიხედვით, სხეულის წონის შემცირების ფონზე ძილის აპნოეს სიმძიმის შემცირებაცაა შესაძლებელი, მაგრამ ეს შვება მხლოდ ფარდობითა, რადგან ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილი სასუნთქ გზებს ავიწროებს და კოლაფსს ხელს უწყობს.
მიუხედავად ახალი აღმოჩენებისა, ექიმები კვლავ აღნიშნავენ, რომ ძილის აპნოე ხშირად დაუდგენელი რჩება. ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ძლიერი ხვრინვა მხოლოდ უსიამოვნო ჩვევაა, თუმცა სინამდვილეში ეს შესაძლოა სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს. მუდმივი დაღლილობა, დილის თავის ტკივილი, კონცენტრაციის გაუარესება და დღის განმავლობაში ძილიანობა ის სიმპტომებია, რომელთა იგნორირებაც არ შეიძლება.
ახალი პრეპარატის გამოჩენა შესაძლოა გარდამტეხი ნაბიჯი აღმოჩნდეს ძილის მედიცინაში. თუ შემდგომი კვლევებიც დაადასტურებს მის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებას, მომავალში პაციენტებს შეიძლება არჩევანის უფრო ფართო სპექტრი ჰქონდეთ ნიღბებიდან და იმპლანტებიდან დაწყებული, უბრალოდ ერთხელ ღამით მისაღები აბით დამთავრებული.

