რაც უფრო ვუახლოვდებით შუა ხნის ასაკს, მით უფრო იზრდება მიღებული მედიკამენტების რაოდენობა. ეს ტენდენცია სერიოზულ კითხვებს აჩენს მედიკამენტების უსაფრთხოებასთან, აუცილებლობასა და ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებით. ბოლო კვლევების თანახმად, პოლიფარმაცია – ხუთი ან მეტი მედიკამენტის ყოველდღიური მიღება – უკვე მხოლოდ ხანდაზმულების პრობლემა აღარ არის. 40 წლის ასაკისთვის, ყოველი მეოთხე ზრდასრული პოლიფარმაციის კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
პოლიფარმაცია სერიოზულ რისკებს შეიცავს, მათ შორისაა: დოზირების შეცდომები, საშიში წამალთშორისი ურთიერთქმედება, წაქცევის რისკის მატება, კოგნიტური პრობლემები და ჰოსპიტალიზაციაც კი. პრობლემა მხოლოდ აბების რაოდენობაში არ მდგომარეობს, არამედ იმაში, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ეს მედიკამენტები ერთმანეთთან, რამაც შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესოს.
შუა ხნის ასაკის ადამიანებისთვის ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან მათ ისეთი ქრონიკული დაავადებების მართვა უწევთ, როგორიცაა დიაბეტი, ჰიპერტენზია და სხვა. ექსპერტები შიშობენ, რომ მედიკამენტების უკონტროლო მიღება შესაძლოა უფრო საზიანო აღმოჩნდეს, ვიდრე სასარგებლო.
Journal of General Internal Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, შუა ხნის ასაკში ხუთი ან მეტი მედიკამენტის მიღება დაკავშირებულია ფიზიკური ფუნქციების გაუარესებასთან. მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, იწვევს თუ არა მედიკამენტები უშუალოდ სისუსტეს, თუ უბრალოდ სუსტი ადამიანები საჭიროებენ მეტ წამალს, კავშირი ამ ორ მოვლენას შორის ძლიერი და შემაშფოთებელია.
დოქტორი კეროლაინ სლოანი, დიუკის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, აღნიშნავს: „მრავალი მედიკამენტის მიღებისას რისკი ყოველთვის არსებობს, რადგან მათ შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთქმედება და გვერდითი მოვლენების გამოწვევა“. მაგალითად, დიაბეტის რამდენიმე პრეპარატის ერთდროულად გამოყენებამ შესაძლოა სისხლში შაქრის დონე საშიშად დაბლა დაწიოს, ხოლო ანტიკოაგულანტებისა და ანტითრომბოციტული საშუალებების კომბინაცია სისხლდენის რისკს ზრდის.
გერიატრი ელისონ მ. მეისი აღნიშნავს, რომ ხანდაზმული პაციენტები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან, რადგან ასაკთან ერთად მეტაბოლიზმი და ამტანობა იცვლება, რის გამოც მედიკამენტის ის დოზა, რომელიც ახალგაზრდობაში უსაფრთხო იყო, შესაძლოა საზიანო გახდეს.
მრავალი მედიკამენტის მართვა რთულია. ფარმაცევტი დანა ქეროლი განმარტავს, რომ რაც უფრო მეტ მედიკამენტს იღებს პაციენტი, მით მეტი სპეციალისტია ჩართული მის მკურნალობაში, რაც კომუნიკაციის ხარვეზებისა და შეცდომების რისკს ზრდის. მართალია კომპიუტერული სისტემები ექიმებს წამალთშორისი ურთიერთქმედების გამოვლენაში ეხმარება, თუმცა მათი ეფექტურობა მხოლოდ რეგულარული გამოყენებით მიიღწევა.
პაციენტებისთვის მედიკამენტების მიღების რთული რეჟიმი ხშირად დამაბნეველი და დამღლელია, რაც მკურნალობის რეჟიმის დაცვის მოტივაციას ამცირებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს დაავადების არასათანადო კონტროლი და მოულოდნელი ჰოსპიტალიზაცია.
რა შეიძლება გაკეთდეს?
ექსპერტები ხაზს უსვამენ მედიკამენტების სიის რეგულარულად გადახედვის აუცილებლობას. მიშელ კელერი, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, აღნიშნავს, რომ მედიკამენტების გადამოწმება ხელს უწყობს ზედმეტი ან შეუსაბამო წამლების გამორიცხვას. ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანია დანამატებისა და ვიტამინების განხილვაც, რადგან მათ შეიძლება გავლენა მოახდინონ დანიშნული მედიკამენტების ეფექტურობაზე. მაგალითად, კრაზანას ბალახს (St. John’s Wort) ან გინკგო ბილობას შეუძლია სისხლის გამათხელებელ ან ანტიდეპრესანტულ პრეპარატებთან ურთიერთქმედება.
ალკოჰოლის ურთიერთქმედება კიდევ უფრო ართულებს მედიკამენტების უსაფრთხოებას, განსაკუთრებით იმ წამლების შემთხვევაში, რომლებიც ძილიანობას იწვევენ და ზრდიან წაქცევისა და დაზიანების რისკს.
დე-პრესკრიფცია: უსაფრთხო მკურნალობის გზა
დე-პრესკრიფცია მხოლოდ აბების რაოდენობის შემცირებას არ გულისხმობს, არამედ პაციენტებთან და მათ ოჯახებთან კონსულტაციას. კელერი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, ბენზოდიაზეპინები, რომლებიც ხანმოკლე შფოთვისა და ძილის პრობლემებისთვის ინიშნება, ხშირად ზედმეტად დიდხანს მიიღება, რის გამოც მათი რისკები სარგებელს აჭარბებს. მაშინ, როდესაც კოგნიტურ-ქცევით თერაპიაზე (CBT) გადასვლა შესაძლოა უძილობის უსაფრთხო, გრძელვადიანი ალტერნატივა იყოს.
ანტიდეპრესანტების მიღების შეწყვეტა უნდა მოხდეს დოზის ფრთხილად შემცირებით, რათა თავიდან იქნას აცილებული მოხსნის სიმპტომები, მაგალითად, გუნება-განწყობის ცვლილებები და უძილობა. ისეთი ანტიდეპრესანტები კი, როგორიცაა SSRIs, ზოგადად, უსაფრთხოა, მაგრამ მათი მონიტორინგი მაინც აუცილებელია.
თუმცა ამავდროულად მნიშნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა მედიკამენტი ზედმეტი არ არის. ქრონიკული დაავადებებისთვის, მაგალითად, ჰიპერტენზიისა და დიაბეტის დროს გარკევული წამლების მიღება აუცილებელია. მიზანი ოპტიმიზებული თერაპიაა. კელერი აფრთხილებს: „ის მედიკამენტები, რომლებიც მოკლევადიანი გამოყენებისთვის იყო განკუთვნილი, წლების განმავლობაში არ უნდა რჩებოდეს დანიშნულებაში“.
პოლიფარმაცია გუნდურ მიდგომას მოითხოვს – თანამშრომლობას პირველადი ჯანდაცვის ექიმებს, სპეციალისტებს, ფარმაცევტებსა და პაციენტებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის ელექტრონული ინსტრუმენტები ვითარდება, ადამიანური კომუნიკაცია მაინც ფუნდამენტურია.
პაციენტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დასვან კითხვები თითოეული მედიკამენტის დანიშნულებისა და აუცილებლობის შესახებ. რაც უფრო გამარტივდება მკურნალობის რეჟიმი, მით მეტია შანსი, რომ პაციენტმა ის დაიცვას, რაც საბოლოოდ ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს.
წყარო: Medscape

