მიკრობიომის “ვესტერნიზაცია”

გააზიარე

ვენესუელის უკიდურეს სამხრეთში, დაბურული ჯუნგლების დაახლოებით 45 ათას კვადრატულ კილომეტრზე, იეკვანასა და იანომამი-სანემას მკვიდრი თემები გაფანტულად ცხოვრობენ. მათი ყოველდღიურობა თაობიდან თაობაზე გადაცემულ რიტმს მიჰყვება – თევზაობენ, ნადირობენ, მოჰყავთ იუკა, სახლებს კი გარშემო არსებული ტყის მასალისგან აგებენ. ამ სოფლების უმეტესობამდე მიღწევა მხოლოდ საჰაერო ან მდინარის გზითაა შესაძლებელი.

კაცობრიობისთვის ნაცნობი ისტორიის მანძილზე ამ თემებს თანამედროვე მედიცინასთან თითქმის არანაირი შეხება ჰქონიათ. ეს მოცემულობა 2015 წელს შეიცვალა, როდესაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამამ ვერტმფრენებით ყველაზე მიყრუებულ სოფლებამდეც კი მიაღწია და მათ მართლაც ფასდაუდებელი რამ – ონქოცერკოზის (“მდინარის სიბრმავის”) სამკურნალოდ მედიკამენტი ჩაუტანა. 

Cell

პროგრამამ გაამართლა. მკვლევართა ჯგუფმა კი, რომელიც ამ თემებს წლების განმავლობაში აკვირდებოდა, უნიკალური შანსი ხელიდან არ გაუშვა. მათ მიეცათ შესაძლებლობა, ადგილობრივების მიკრობიომი ჯერ გარე სამედიცინო კონტაქტამდე გაეზომათ, შემდეგ კი – ყოველი მომდევნო ვიზიტისას. მეცნიერებს შეეძლოთ რეალურ დროში ედევნებინათ თვალი, თუ რა ემართება ადამიანის სხეულში არსებულ მიკროსკოპულ ეკოსისტემებს თანამედროვე მედიცინასთან პირველივე შეხებისას.

მიკრობიომის როლი

ადამიანის ორგანიზმი ტრილიონობით მიკროორგანიზმის – ბაქტერიების, სოკოების, ვირუსებისა და სხვა მიკროსკოპული სიცოცხლის ფორმების – თავშესაფარია. ისინი ყველგან არიან: ნაწლავებში, კანზე, პირის ღრუსა და ცხვირში. ეს ბიოლოგიური ერთობა აყალიბებს ადამიანის მიკრობიომს, რომლის წევრებიც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს აქტიურად მართავენ.

აბორიგენული, ტრადიციული ყოფის მქონე პოპულაციებს, რომლებიც მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი რაციონით იკვებებიან და მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ბუნებასთან, საოცრად მრავალფეროვანი ნაწლავის მიკრობიომი აქვთ – სახეობრივი სიმდიდრე, რომელიც ინდუსტრიული ქვეყნების მოსახლეობამ, ფაქტობრივად, უკვე დაკარგა.

მკვლევრებმა დიდი ხანია იციან, რომ ურბანიზაციასთან ერთად ეს მრავალფეროვნება მცირდება. თუმცა მთავარი კითხვა ყოველთვის იმაში მდგომარეობდა, თუ კონკრეტულად როდის იწყება ეს კლება და რა ხდება მისი მთავარი ტრიგერი. დიეტის შეცვლა? ანტიბიოტიკები? თუ ოთხ კედელში გამოკეტვა? როგორც წესი, ეს ფაქტორები ცივილიზაციას ერთდროულად მოჰყვება ხოლმე, რაც კონკრეტული მიზეზის იზოლირებას თითქმის შეუძლებელს ხდის. 

ამ კვლევამ კი სწორედ ამ ფაქტორების ერთმანეთისგან გამიჯვნის უნიკალური შანსი გააჩინა.

კვლევის დეტალები

კვლევის ფარგლებში ექსპერტებმა შვიდ იზოლირებულ დასახლებაში მცხოვრები 335 მოხალისისგან ბიომასალა – ნაწლავური ტრაქტის, პირისა და ცხვირის ღრუს, ასევე კანის ნაცხები – ჰუმანიტარული მისიის დაწყებამდე და პირველი ორი ეტაპის დასრულების შემდეგ შეაგროვეს. მონაცემთა სანდოობისთვის მეცნიერებმა პროექტში საკონტროლო დასახლებაც შემოიყვანეს, რომლის წევრებსაც ცივილიზაციასთან ურთიერთობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება ჰქონდათ. ეს მიდგომა გრძელვადიანი ფარმაკოლოგიური ექსპოზიციის შედეგების ანალიზის შესაძლებლობას იძლეოდა.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო გუნდების სტუმრობას აბორიგენების ყოფით ცხოვრებაში სხვა არანაირი კორექტივები შეუტანია. ადგილობრივები კვლავ ტრადიციული მეურნეობიდან, ნადირობიდან თუ თევზაობიდან მიღებული პროდუქტებით იკვებებოდნენ (გარედან პროდუქტები არავის შეუტანია). სპეციალისტების ვიზიტები მხოლოდ ხანმოკლე, მიზნობრივ სამედიცინო სკრინინგსა და თერაპიას ითვალისწინებდა. შესაბამისად რუტინა უცვლელი დარჩა – ერთადერთ მოდიფიცირებულ ცვლადს მხოლოდ სამედიცინო ინტერვენცია წარმოადგენდა.

ნაწლავი

ყველაზე დრამატული ძვრები ნაწლავის მიკრობიომში დაფიქსირდა: მკვეთრად შემცირდა Prevotella, Treponema, Ruminococcaceae და Lachnospiraceae ჯგუფები. ეს მიკრობები პასუხისმგებელნი არიან მცენარეული ბოჭკოს დაშლასა და მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების სინთეზზე, რაც ფუნდამენტურია იმუნური რეგულაციისა და ანთების კონტროლისთვის. ინდუსტრიულ საზოგადოებებში ეს ბაქტერიები თითქმის სრულად გამქრალია.

მოცემული ტრანსფორმაცია ყოველგვარი კვებითი თუ სოციალური ფაქტორის მონაწილეობის გარეშე განვითარდა, რაც მიკრობულ ეკოსისტემაზე უშუალოდ სამედიცინო ინტერვენციის გავლენაზე მიუთითებს. ამასთანავე, ვიზიტების სიხშირის ზრდასთან ერთად, მოსახლეობაში ანტიბიოტიკორეზისტენტობის გენების კონცენტრაციამაც იმატა (სავარაუდოდ ანტიბიოტიკოთერაპიის შედეგი).

პირი, ცხვირი და კანი: განსხვავებული ანატომიური ზონების უნიკალური დინამიკა

კვლევამ აჩვენა, რომ სამედიცინო ინტერვენციაზე ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილს ინდივიდუალური რეაქცია აქვს:

პირის ღრუ: მიკრობული მრავალფეროვნება პირველივე ვიზიტისთანავე შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი გაუჩინარებული მიკრობი პათოლოგიებთან ასოცირდება, საერთო კლების ტენდენცია მაინც იმეორებს ინდუსტრიული სამყაროს მოდელს.

ცხვირის ღრუ: მრავალფეროვნება მოულოდნელად გაიზარდა მეორე ვიზიტის შემდეგ, რაც მიუთითებს, რომ ინტერვნეცია ანატომიურ ზონებზე ერთგვაროვნად არ მოქმედებს.

კანი: დაფიქსირდა მრავალფეროვნების მყისიერი კლება და რამდენიმე ბაქტერიული ჯგუფის სრული გაქრობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ცვლილებები ყველაზე თვალსაჩინოდ ბავშვებში დაფიქსირდა, რაც სრულიად კანონზომიერია – მათი მიკრობული ეკოსისტემა ფორმირების სტადიაშია და მეტად სენსიტიურია დარღვევების მიმართ.

მეთოდოლოგიური შეზღუდვები

მოცემული კვლევა ობსერვაციული (დაკვირვებითი) ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მხოლოდ კორელაციებს აღწერს და არა პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. სამედიცინო მისიები გარე პერსონალის ჩასვლას გულისხმობდა, რაც აჩენს ალბათობას, რომ მიკრობული ძვრების ნაწილი უშუალოდ ახალ ადამიანებთან ფიზიკურმა კონტაქტმა და არა კონკრეტულად პრეპარატებმა გამოიწვია. დიეტის სეზონური ცვალებადობის ფაქტორიც სრულად ვერ გამოირიცხება, თუმცა ბიომასალის აღება მკაცრად მშრალ სეზონზე, სტაბილური კვების რაციონის პირობებში მიმდინარეობდა.

კვლევა ასევე ვერ გვცემს პასუხს კითხვაზე, არის თუ არა მიკრობიომის ეს ტრანსფორმაცია შექცევადი, ანუ აღდგებოდა თუ არა თემების პირვანდელი ეკოსისტემა, სამედიცინო ვიზიტები რომ შეწყვეტილიყო. და რაც მთავარია, სამეცნიერო ჯგუფს იმის მტკიცება არ შეუძლია, თუ როგორ აისახა ეს მიკრობული ძვრები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

მთავარი, რისი დემონსტრირებაც ამ ნაშრომმა შეძლო, არის ის, რომ ცვლილებების დრო და დინამიკა ზუსტად ემთხვევა სამედიცინო ინტერვენციების გრაფიკს. მით უმეტეს, რომ ეს მოდელი სხეულის სხვადასხვა ანატომიურ ზონაში, რამდენიმე იზოლირებულ სოფელში და როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულ პოპულაციაში იდენტური აღმოჩნდა.

ბალანსი სარგებელსა და დანაკარგს შორის

მოცემული მიგნებების გაანალიზებისას უმნიშვნელოვანესია სამეცნიერო მიუკერძოებლობის შენარჩუნება. არავინ უარყოფს, რომ ონქოცერკოზი უმძიმესი სნეულებაა, ხოლო ივერმექტინით მასობრივი მკურნალობის კამპანიამ უდიდესი გლობალური წარმატება მოიტანა – ამერიკის ოთხ ქვეყანაში დაავადება სრულად აღმოიფხვრა, ვენესუელაში კი მისი გავრცელება მინიმუმამდეა დაყვანილი. ფაქტია, რომ ამ მედიკამენტმა ათასობით ადგილობრივი მაცხოვრებელი შეუქცევადი ჯანმრთელობის პრობლემებისგან იხსნა.

თუმცა, მიღებული მონაცემები სხვა რეალობაზეც მიგვითითებს: ყველაზე პროგრესულ სამედიცინო ჩარევებსაც კი ახლავს არაპროგნოზირებადი ბიოლოგიური დანაკარგები. საუბარია იმ შინაგანი ეკოსისტემების რღვევაზე, რომლებიც ადამიანის სახეობასთან ერთად ათასწლეულების მანძილზე ვითარდებოდა. 

მკვლევართა შეფასებით, ეს არის ერთგვარი ფასი, რომელსაც ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის სანაცვლოდ ვიხდით: ჩვენ წარმატებით ვამცირებთ საშიში ინფექციების გავრცელებას, მაგრამ, ამავდროულად, შექცევადად ვკარგავთ იმ უნიკალურ მიკრობულ მრავალფეროვნებას, რომლის აღდგენის ფორმულა დასავლურ მედიცინას ჯერ არ გააჩნია.

აქ მიზანი მედიცინის კრიტიკა კი არ არის, არამედ იმის შეხსენება, რომ ფარმაკოლოგიური ჩარევებისას მიკრობული ფონი ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს. ეს ფაქტორი გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებისა და მისი შედეგების ანალიზის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს.

წყარო: Cell



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები