გერმანია სულ უფრო აქტიურად ცდილობს, ევროპაში სამედიცინო ინოვაციების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი გახდეს. 2026 წელს ქვეყნის ჯანდაცვისა და სამედიცინო დაფინანსების სისტემამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მაღალტექნოლოგიურ კარდიოვასკულურ და ნეიროვასკულურ მეთოდებზე, რომლებიც უახლოეს წლებში შესაძლოა გულისა და ტვინის დაავადებების მკურნალობის სტანდარტი გახდეს. გერმანიის საავადმყოფოების დაფინანსების ინსტიტუტმა ახალი ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიების სია გამოაქვეყნა, რომელთაც NUB-ის („ახალი კვლევისა და მკურნალობის მეთოდები“) სტატუსი მიენიჭა. ეს ნიშნავს, რომ გერმანულ კლინიკებს უკვე ამ ინოვაციური პროცედურების დაფინანსებაზე მოლაპარაკებების დაწყება შეეძლებათ, უფრო მარტივად- პაციენტებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი გახდება.
სიაში განსაკუთრებულ ყურადღებას ახალი მინიმალურად ინვაზიური კარდიოქირურგიული მეთოდები იქცევს. სიაში მოხვდა კათეტერული ტრიკუსპიდალური სარქვლის ჩანაცვლების ტექნოლოგიები, რომლებიც ღია გულის ოპერაციის გარეშე ტარდება. მსგავსი პროცედურები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის, რომელთათვისაც ტრადიციული ქირურგიული მიდგომა შესაძლოა ზედმეტად საშიში იყოს. ასევე დაფინანსდა პერსონალიზებული აორიტის ბოლქვის გარე ექსტრა კორპორალური გამაგრების (external aortic root support)-ის სისტემები, რომლებიც აორტის დაავადებების დროს გამოიყენება და პაციენტის ანატომიას ინდივიდუალურად ერგება.
ნეიროვასკულურ სფეროში გერმანია ასევე დიდ ნაბიჯებს დგამს. დაფინანსებულ ინოვაციებს შორის მოხვდა ახალი თაობის ულტრა-რბილი მავთულაკები (Coil), რომლებიც ტვინის ანევრიზმების ენდოვასკულური მკურნალობისთვის გამოიყენება. ასეთი მოწყობილობები საშუალებას აძლევს ნეირორადიოლოგებს, ბევრად უფრო უსაფრთხოდ იმუშაონ ტვინის განსაკუთრებით მგრძნობიარე სისხლძარღვებზე. პარალელურად ვითარდება თანამედროვე თრომბექტომიური სისტემებიც, რომლებიც ფილტვის არტერიებიდან სიცოცხლისთვის საშიში თრომბების სწრაფ მოცილებას უზრუნველყოფს. მსგავსი ტექნოლოგიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც მძიმე ფილტვის ემბოლია აქვთ.
გერმანიის სტრატეგია მხოლოდ ცალკეული მოწყობილობების დაფინანსებით არ შემოიფარგლება. ქვეყანა აქტიურად დებს ინვესტიციებს პერსონალიზებულ მედიცინაში, ხელოვნურ ინტელექტსა და მონაცემებზე დაფუძნებულ კარდიოლოგიურ კვლევებში. მაგალითად, curATime-ის სახელით ცნობილი კვლევითი კლასტერი, რომელშიც მონაწილეობენ გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრი (DFKI), მაინცის უნივერსიტეტის კლინიკა და სხვა ინსტიტუტები, დამატებით 15 მილიონ ევროს მიიღებს ინდივიდუალიზებული კარდიოვასკულური თერაპიების განვითარებისთვის. პროექტის მიზანია ათეროთრომბოზისა და გულის დაავადებების უფრო ზუსტი პროგნოზირება და პერსონალიზებული მკურნალობის შექმნა.
გარდა ამისა, გერმანია ევროპულ პროგრამებთან თანამშრომლობით ავითარებს ახალი თაობის პერსონალიზებულ კარდიოვასკულურ მედიცინას. CARMEN2026-ის ინიციატივა გულის, მეტაბოლური და თირკმლის დაავადებების მიმართულებით მოლეკულური მარკერების, პროგნოზული დიაგნოსტიკისა და ინოვაციური თერაპიების შექმნას ისახავს მიზნად. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ უახლოეს წლებში მსგავსი მიდგომები კარდიოლოგიასა და სისხლძარღვთა მედიცინაში „ერთნაირი მკურნალობის“ მოდელს ჩაანაცვლებს და თითოეული პაციენტის გენეტიკურ და ბიოლოგიურ თავისებურებებს მოერგება.
ბოლო წლების განმავლობაში გერმანია სულ უფრო ცდილობს, რომ მხოლოდ სამედიცინო ტექნოლოგიების მომხმარებელი კი არა, მათი განვითარების გლობალური ლიდერიც გახდეს. სწორედ ამიტომ, 2026 წლის ინოვაციური დაფინანსების პროგრამა ბევრმა სპეციალისტმა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ სამედიცინო ინიციატივად შეაფასა. ექსპერტების აზრით, ეს ნაბიჯები მომავალში მნიშვნელოვნად შეცვლის როგორც კარდიოქირურგიასა და ნეიროქირურგიას, ისე პაციენტების გადარჩენისა და რეაბილიტაციის შედეგებს.

