დემოგრაფიული კოლაფსი სიკვდილიანობის მთავარი მიზეზების ფონზე საქართველოში, მეტი ვიდრე უბრლოდ ფუჭი სტატისტიკა

გააზიარე

უკანასკნელი დეკადის განმავლობაში საქართველო ფაქტობრივად, დემოგრაფიული კატასტროფისკენ მიექანება, რომელზეც დიდი ხანია საზოგადოების არაერთი წარმომადგენელი საუბრობს, მაგრამ სიტუაციას სამწუხაროდ გაუარესების გარდა სამწუხაროდ არაფერი ეტყობა. იმისათვის,რათაუკეთ გავერკვეთ საკითხში, სამედცინო კონტექსტში აუცილებელი გვესმოდეს თუ რა მიზების გამო იღოპება ყოველწლიურად ათასობით ჩვენი თანამოქალაქე.  საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში 44 319 ადამიანი გარდაიცვალა. რაც 348 შემთხვევით,  მეტია 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ერთი შეხედვით ზრდა მცირეა, მაგრამ როდესაც, გარდაცვალების რიცხვი წლობით იზრდება და ის შობადობის მაჩვენებელს უკვე 12 წელიწადია ათასებით უსწრებს ასეთი მონაცემი სერიოზულ ანალიზს მოითხოვს, რადგან საქმე ეხება არა უბრალოდ ციფრებს, არამედ მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ცხოვრების წესს, სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას და პრევენციის ხარისხს.

გულსისხლძარღვთა დაავადებები 37.7%

გარდაცვალების მიზეზებს შორის პირველ ადგილზე სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებია. 2025 წელს ამ მიზეზით 16 711 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ნიშნავს, რომ გარდაცვალებების ყველაზე დიდი ნაწილი დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა პრობლემებთან, გულის დაავადებებთან, ინსულტთან, მაღალი არტერიული წნევის გართულებებთან და სხვა მსგავს მდგომარეობებთან. საქსტატის მონაცემებით, გარდაცვლილთა 37.7 პროცენტი სწორედ ამ კატეგორიაზე მოდის. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია და პირდაპირ მიანიშნებს, რომ საქართველოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევაა.

ამ პრობლემის უკან რამდენიმე მიზეზი შეიძლება იდგეს. 

პირველია ცხოვრების წესი: არაჯანსაღი კვება, ჭარბი მარილი, ცხიმიანი საკვები, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, თამბაქოს მოხმარება და სტრესი.

 მეორეა დაგვიანებული დიაგნოსტიკა: ბევრი ადამიანი ექიმთან მიდის მხოლოდ მაშინ, როცა მდგომარეობა უკვე გართულებულია და ნაკლებად რეალისტურია მკურნალობის ფონზე ადამიანი ცხოვრების ჩვეულ წესს მაინც დაუბრუნდეს. 

მესამეა პრევენციის სუსტი კულტურა. არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი, სისხლში ქოლესტერინის შემოწმება და გულის დაავადებების რისკების დროული შეფასება ბევრ მძიმე შედეგს თავიდან აგვარიდებდა. მაგრამ რეალობა ის არის, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯანმრთელობას ყურადღებას მხოლოდ სიმპტომების გაჩენის შემდეგ აქცევს. ამას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის ისიც რომ სამედიცინო მომსახურება ქვეყანაში მაინც უზარმაზარ ხარჯებთან ასოცირდება, არსებული სოციალურ ეკონომიკური ფონი კი მოქალაქეებს ექიმის სახელის გაფიქრებაზეც კი აშინებს. 

არაკლასიფიცირებული მიზეზები  21,1%

მეორე ადგილზეა კატეგორია, რომელიც ფორმულირებულია როგორც „სიმპტომები, ნიშნები და კლინიკური თუ ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლენილი ნორმიდან გადახრები, რომლებიც სხვა რუბრიკებში არ არის შეტანილი“. 2025 წელს ამ მიზეზით 9 389 ადამიანი გარდაიცვალა. ეს კატეგორია პირდაპირ ერთ კონკრეტულ დაავადებას არ ნიშნავს. უფრო სწორად, აქ შედის ისეთი შემთხვევები, როდესაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი სრულად ან კონკრეტულად არ არის კლასიფიცირებული. ეს მონაცემი პრობლემურია, რადგან თითქმის 10 ათასი გარდაცვალება, სრული მონაცემის ერთ მეხუთედზე მეტი საკმაოდ დიდი რიცხვია იმისთვის, რომ მიზეზი ბუნდოვან კატეგორიაში მოხვდეს.

ამ მონაცემმა უნდა გაგვაჩინოს კითხვა: რამდენად ზუსტად ხდება გარდაცვალების მიზეზების აღრიცხვა? ყურადღების მიღმა ხომ არ გვრჩება სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები? თუ სიკვდილის მიზეზი საკმარისად კონკრეტულად არ დგინდება, შემდეგ რთულდება ჯანდაცვის პოლიტიკის დაგეგმვაც. მაგალითად, თუ ზუსტად არ ვიცით, რა დაავადებამ გამოიწვია გარდაცვალება, რთულია იმის განსაზღვრა, სად უნდა დაიხარჯოს მეტი რესურსი კარდიოლოგიაში, ონკოლოგიაში, გადაუდებელ მედიცინაში, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაში თუ სხვა მიმართულებით. ამიტომ ეს კატეგორია მხოლოდ სტატისტიკური ჩანაწერი არ არის; ის მიუთითებს დიაგნოსტიკისა და მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების საჭიროებაზე.

ონკოლოგიური დაავადებები 15.5%

მესამე ადგილზე ონკოლოგიური დაავადებებია. 2025 წელს საქართველოში სიმსივნით 6 877 ადამიანი გარდაიცვალა, რაც გარდაცვლილთა 15.5 პროცენტს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ყოველ წელს ათასობით ოჯახს ეხება ონკოლოგიური დაავადებების მძიმე შედეგი. სიმსივნეების მაღალი წილი აჩვენებს, რომ ონკოლოგიური დაავადებები საქართველოში არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალური და ეკონომიკური პრობლემაც არის. მკურნალობა ხშირად ძვირია, დიაგნოზი ხშირად გვიან, არასწორა ან საერთოდ ვერ ისმება, ხოლო სკრინინგისა და ადრეული გამოვლენის მნიშვნელობა საზოგადოებაში ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გააზრებული.

სიმსივნის შემთხვევაში მთავარი ფაქტორი ხშირად სწორედ დროა. ბევრ ონკოლოგიურ დაავადებას ადრეულ ეტაპზე უკეთესი პროგნოზი აქვს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ადრეულ ეტაპზე სიმპტომები შეიძლება სუსტი ან საერთოდ შეუმჩნეველი იყოს. ამიტომ სკრინინგი და რეგულარული შემოწმება გადამწყვეტი ხდება. თუ სახელმწიფო და საზოგადოება მეტ ყურადღებას დაუთმობს ადრეულ დიაგნოსტიკას, ინფორმირებას და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას, შესაძლებელი იქნება სიკვდილიანობის შემცირება. მხოლოდ მკურნალობაზე საუბარი საკმარისი არ არის; ძლიერი ჯანდაცვის სისტემა დაავადების გამოვლენამდე იწყება, არა მხოლოდ გართულების შემდეგ.

პრევენციულ თვალსაზრისით ასევე აუცილებელია ჰაერის ხარისხსა და მოწამლულ გარემოზე ვისაუბროთ. რასაც უზარმაზარი გავლენა აქვს ადმიანის ზოგად ჯანმრთელობასა და კარცეროგენული რისკ ფაქტორების სატურაციაზე. განსკუთრებით მაღალია ონკოლოგიური პაციენტების რიცხვი ჭიათურის, ზესტაფონის, ტყბულის, რუსთავის რაიონებიდან, იქ არსებული უაღრესად მძიმე ეკოლოგიური გარემოს გამო. სამწუხაროდ ზუსტი რიცხვების მოძიება ამ კონკრეტულ სეგმენტში ვერ მოხერხდა. 

სასუნთქი სისტემის ავადობები 8 %

მეოთხე ადგილზეა სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები. 2025 წელს ამ მიზეზით 3 533 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ჯგუფში შეიძლება შედიოდეს ფილტვებისა და სასუნთქი გზების სხვადასხვა მძიმე, დაავადება. ამ მიმართულებით წამყვანი რისკ ფაქტორი თამბაქოს მოხმარებაა, რომელიც ობსტრუქცულ-რესტრიქციული დაავადებების განვითარებას პირდაპირ უწყობს ხელს. ასევე ჰაერის დაბინძურება, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, ინფექციების გართულებები და ასაკთან დაკავშირებული ჯანმრთელობის გაუარესება. სასუნთქი სისტემის დაავადებები განსაკუთრებით მძიმე შეიძლება იყოს ხანდაზმულებში და იმ ადამიანებში, ვისაც სხვა ქრონიკული დაავადებებიც აქვთ. ეს მონაცმი პირდაპირ ბმაშია ონკოპაციენტებთან, ვინაიდან დაბინძურებული ჰაერი და გარემო ინდივიდებზე ან ამ ან ონკოლოგიური სახით ახდენს გავლენას.  

ამ მონაცემს გარემოსდაცვითი მნიშვნელობაც აქვს. ჰაერის ხარისხი, საცხოვრებელი გარემო, სამუშაო პირობები და მავნე ჩვევები პირდაპირ მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე. თუ საზოგადოება მხოლოდ მკურნალობაზე იქნება ორიენტირებული და არა პრევენციაზე, შედეგი მუდმივად დაგვიანებული რეაგირება იქნება. თამბაქოს კონტროლი იმ დონეზე, რომ მისი მოხმარება ახალგაზრდებში სოციალურ სტატუსთან აღარ ასოცირდებოდეს, ჰაერის დაბინძურების შემცირება, ქრონიკული დაავადებების მონიტორინგი და ვაქცინაციის კულტურა ამ მიმართულებით რეალური ბერკეტებია.

ტრამვებ, მოწამვლები და გარეგანი მიზეზის ზემოქმედების შედეგები 4,5%

მეხუთე ადგილზეა ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური სეგმენტი ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვა შედეგები. 2025 წელს ამ მიზეზით 1 973 ადამიანი გარდაიცვალა. ეს კატეგორია განსხვავდება წინა მიზეზებისგან, რადგან აქ ხშირად საქმე გვაქვს არა ქრონიკულ დაავადებასთან, არამედ შემთხვევებთან, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს უბედურ შემთხვევებთან, საგზაო შემთხვევებთან, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების დარღვევასთან, მოწამვლებთან ნარკტიკულ ზემოქმედებასა და სიცოცხლის ხელყოფასთან ან სხვა გარეგან ფაქტორებთან. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 5-დან 39 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში სწორედ ტრავმები და გარეგანი მიზეზები ჭარბობს, რადგან ამ ასაკში უბედური შემთხვევების ალბათობა შედარებით მაღალია.

ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალება საზოგადოებისთვის ორმაგი დანაკარგია. ერთი მხრივ, იკარგება ადამიანის სიცოცხლე, მეორე მხრივ კი  შრომითი, სოციალური და ოჯახური პოტენციალი. ტრამვებით, საგზაო შემთხვევებით და ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობა ხშირად პრევენცირებადია. ეს არაფრის გულისთვის დაკარგული სიცოცხლეებია, რომელის მიზეზიც ქვეყანაში გაჩენილ სხვა ბევრად უფრო ღრმა და დამანგრეველ პრობლემებთანაა კავშირში. საგზაო უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა, ალკოჰოლისა და სხვა რისკფაქტორების კონტროლი, ნარკოპოლიტიკა, უსაფრთხოების კულტურის გაძლიერება ეს ყველაფერი პირდაპირ შეიძლება აისახოს სიკვდილიანობის შემცირებაზე.

ჯერ მხოლოდ ავტო საგზაო შემთხვევებს გასულ წელს 469 ხოლო ნარკო ზედოზირებას 71 ახალგაზრდის სცოცხლე ემსხვერპლა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები 3,4%

მეექვსე ადგილზეა საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები. 2025 წელს ამ მიზეზით 1 521 ადამიანი გარდაიცვალა. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები ხშირად დაკავშირებულია კვებასთან, ღვიძლის დაავადებებთან, ქრონიკულ ანთებით პროცესებთან, ინფექციებთან, ალკოჰოლის მოხმარებასთან და დაგვიანებულ მკურნალობასთან. ამ კატეგორიის მაჩვენებელი შედარებით ნაკლებია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და სიმსივნეებთან შედარებით, მაგრამ 1 521 გარდაცვალება მაინც სერიოზული რიცხვია.

ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია განათლება და ადრეული დიაგნოსტიკა. ბევრ ადამიანს კუჭ-ნაწლავის ან ღვიძლის პრობლემები „ჩვეულებრივ დისკომფორტად“ მიაჩნია და ექიმთან მისვლას აჭიანურებს. შედეგად დაავადება შეიძლება მძიმე ეტაპამდე მივიდეს. ჯანსაღი კვება, ალკოჰოლისგან თავის არიდება, ინფექციების დროული მკურნალობა და რეგულარული სამედიცინო კონტროლი ამ სფეროშიც მნიშვნელოვანი პრევენციული ნაბიჯებია.

ენდოკრინული დარღვევები 2,3%

მეშვიდე ადგილზეა ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები. 2025 წელს ამ მიზეზით 1 024 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ჯგუფში ხშირად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს დიაბეტი და მასთან დაკავშირებული გართულებები. ნივთიერებათა ცვლის დარღვევები თანამედროვე ცხოვრების წესთან მჭიდროდ არის დაკავშირებული: ჭარბი წონა, არაჯანსაღი კვება, უმოძრაობა და სტრესი ზრდის დაავადებების რისკს. თუ ასეთი დაავადებები სათანადოდ არ კონტროლდება, მათ შეიძლება გამოიწვიოს გულის, თირკმლის, სისხლძარღვების და სხვა ორგანოების მძიმე დაზიანება.

საქსტატის მონაცემებში ასევე მნიშვნელოვანია ასაკობრივი განსხვავებები. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში უფრო ხშირია ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზები. ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში წამყვანია სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები. ეს განსხვავება აჩვენებს, რომ ერთიანი მიდგომა საკმარისი არ არის. ბავშვებისთვის საჭიროა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაძლიერება, ახალგაზრდებისთვის — უსაფრთხოების პოლიტიკა და რისკების შემცირება, ხოლო უფროსი ასაკისთვის — ქრონიკული დაავადებების მართვა, სკრინინგი და პრევენცია.

საერთო სურათი საკმაოდ მკაფიოა: საქართველოში სიკვდილიანობის მთავარი ტვირთი მოდის იმ დაავადებებზე, რომელთა ნაწილი პრევენციით, ადრეული დიაგნოსტიკით და სწორად დაგეგმილი ჯანდაცვის პოლიტიკით შეიძლება შემცირდეს. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სიმსივნეები, სასუნთქი სისტემის დაავადებები და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები მხოლოდ ინდივიდუალური პრობლემა არ არის. ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია განათლებასთან, ეკონომიკურ მდგომარეობასთან, გარემოს ხარისხთან, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობასთან და მოქალაქეების ყოველდღიურ ჩვევებთან.

მაშინ როდესაც ქვეყანაში 12 წელიწადი მატება არ გვქონია, გასული წლის სიკვდილობა შობადობას 6452-ით აღემატება და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, მაშინ როდესაც ქვეყანას ყოველწლიურად საშუალოდ 30 000 მდე შრომისუნარიანი და რეალურად განათლებული ახალგაზრდა ტოვებს, დროა რაღაც საკთხებზე უფრო ღრმა ანალიზის კეთება დავიწყოთ. ქართველები მცირე რიცხოვანი ერი ვართ და თუ თავად არ ვეცით საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას პატივი, თუ თავად არ გავუფრთხილდით გარემოს რომელშიც ვცხოვრობთ და ვსუნთქავთ, არამგონია ეს ჩვენს მაგივრად სხვამ გააკეთოს.

geostat.ge

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები