MediClubGeorgia – ზრუნვისა და განვითარების 26-წლიანი ისტორია

გააზიარე

90-იანი წლები არა მარტო საქართველოსა და კავკასიისათვის, არამედ ყოფილი საბჭოთა სისტემის კონტროლს დაქვემდებარებული ქვეყნებისათვის ურთულესი პერიოდი იყო. არსებობა, თვითგადარჩენა, განვითარება, მართებული გეოპოლიტიკური ორიენტირის პოვნა და დამკვიდრება – ეს არასრული ჩამონათვალია იმ გამოწვევათა ვრცელ ნუსხაში, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა „დიადი საბჭოეთის“ შექმნის იდეის დამხობისას იძულებით გაერთიანებული ერები, ქვეყნები, ადამიანები.

ვისაც ახსოვს გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის მიწურულს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ახლებურად ჩამოყალიბებული ურთიერთობების თავისებურებები, ადვილად შეუძლია წარმოიდგინოს, რამდენად თავისებური იქნებოდა ორ ექიმს შორის დაწყებული ნაცნობობა.

შეხვედრა გარემოებების უცნაურად დამთხვევისას, მართებულ ადგილზე და მართებულ დროს; Pray that you are in the right place, at the right time, to meet the right person, that together you may help one another – ამ ორი წინადადების რეალობაში ასახულ პერიფრაზად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ საბირ ადნაევის და დიმიტრი მახათაძის პირველი შეხვედრა ქ. ბაქოში 1998 წელს.

მეოთხედ საუკუნეზე ცოტა მეტი გავიდა მათი პირველი შეხვედრიდან დღემდე – წვრილმანი ყოფითი და ტექნიკური პრობლემები, მასშტაბური გამოწვევები, წარმატებები და ცხადია წარუმატებელი პროექტები, გამარჯვებები და დამარცხებები, ჰიპოკრატეს მრწამსის და ბიზნეს შეხედულებების ერთგვარი ნაბიჯი… ბრენდული კომპანიები MediClub და MediClubGeorgia საქართველოში. ბრენდი, რომელიც უპირველესად პაციენტის უპირობო აღმატებულობას აღიარებს; პროფესიული საქმიანობის ხარისხის პრიორიტეტს ადასტურებს; სამედიცინო პროდუქტების წარმოების მთავარ ინსტრუმენტებად ინოვაციას, ხედვას, პროფესიონალიზმს გამოიყენებს. ბრენდი ორივე ქვეყანაში სამედიცინო ხარისხის ნიშნადაა მიჩნეული და პაციენტები ამიტომაც აღიარებენ სამედიცინო პერსონალის თითოეულ წევრს და ენდობიან მათ.

MediClub აზერბაიჯანი და MediClubGeorgia ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდნენ ერთიან სტრუქტურად, რომელიც ეფუძნება მართვისა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების საერთო პრინციპებს. სწორედ ამან განაპირობა, რომ შემდგომში ორივე კლინიკა ერთიანი სახელწოდებით „მედიქლაბი“ მოიხსენიება.

MEDSCRIPTUM წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ინტერვიუს აზერბაიჯანის დამსახურებულ ექიმთან, MediClub-ის დამფუძნებელ და MediClubGeorgia-ს თანადამფუძნებელთან საბირ ადნაევთან და დიმიტრი მახათაძესთან, MediClubGeorgia-ს თანადამფუძნებელთან.

რესპონდენტები გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, შეხედულებებს და საუბრობენ სამომავლო ხედვებზე.

როგორ შეხვდით ერთმანეთს და როგორ წარმოიშვა ერთობლივი პროექტის იდეა?

საბირ ადნაევი:

ჩვენი პირველი შეხვედრა პროფესიული ინტერესების თანხვედრამ განაპირობა. ბაქოში, იმ პერიოდში, ტარდებოდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სისტემის გარდაქმნასა და განვითარებას ეძღვნებოდა.

კონფერენციაში სხვა მონაწილეებთან ერთად დიტოც მონაწილეობდა საკუთარ კოლეგებთან ერთად. მისი გამოსვლა ყურადღებით მოვისმინე, დამანტერესა და შესვენებისას ჩვენ შორის ხანმოკლე საუბარიც გაიმართა. იმავე საღამოს შევთანხმდით შეხვედრაზე MediClub-ში, რომელიც იმ დროისთვის სულ ოთხი თვის გახსნილი იყო. დავათვალიერებინე კლინიკა, ვესაუბრე ჩვენს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე, ერთმანეთსაც გავუზიარეთ წარსული პროფესიული გამოცდილებიდან რამდენიმე ისტორია და გვიან ღამით უკვე მეგობრული განწყობით დავშორდით.

ორი დღის შემდეგ, კონფერენციის დასრულებისას, დავემშვიდობეთ ერთმანეთს და შევთანხმდით, რომ ერთობლივი საქმიანობის საქართველოში დაწყების საკითხზე საუბარსა და მიმოწერას გავაგრძელებდით.

დიმიტრი მახათაძე:

შორეულ 1998 წელს ქვეყნებს შორის საქმიანი ურთიერთობის დაწყება ერთობ რთული იყო. სულ რამდენიმე საშუალება არსებობდა კომუნიკაციისათვის: პირადი შეხვედრები, სატელეფონო საუბარი და … ფაქსი! ელექტრონული ფოსტა პირველი თვეების მანძილზე არ განიხილებოდა გარკვეული მიზეზების გამო. ჩამოთვლილთაგან ფაქსი აღმოჩნდა ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი, მარტივი, ეფექტური და რაც მთავარია იაფი! 1999 წლის იანვარში პირველი შეტყობინება მოვიდა ორი თაბახის ფურცელი ტექსტით, პატარა ზომის შრიფტით სავსე… „ეკონომია“. ტექსტში მოკლედ გადმოცემული იყო ჩვენი შეხვედრის შემაჯამებელი იდეა და რაც მთავარია კონკრეტული ნაბიჯები საქართველოში MediClub-ის მსგავსი ბიზნესსუბიექტის შესაქმნელად, რომელსაც ექნებოდა ამბიცია, შესაძლებლობა და მზადყოფნა მიეღო მონაწილეობა ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირების პროექტის ფარგლებში სრულ სამედიცინო მომსახურების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერში. ერთი თვე ვმსჯელობდით, ერთიც ვგეგმავდით, მესამე თვეს სრულად შევძელით დაგვესრულებინა მოსამზადებელი სამუშაოები. მაისში ტენდერი გამოცხადდა. ამას მოჰყვა ხუთი ადამიანის 22/7 (!) მუშაობა 5 ივნისამდე; ჩავაბარეთ უზარმაზარი მოცულობის ნაბეჭდი მასალა და … ველოდით გადაწყვეტილებას პირველ ივლისამდე. მოვიგეთ. გადაწყვეტილება იქნა მიღებული – საქართველოს ტერიტორიაზე სრულად უნდა ჩაგვენაცვლებინა ბრიტანული კომპანია და პირველ აგვისტოს გვქონოდა სრული მზადყოფნა ოპერირებისათვის. ადვილია გახსენება, სასიამოვნო; თუმცა წარმოუდგენლად დატვირთული ცხოვრება დავიწყეთ… და ასე გრძელდება დღემდე.

მანამდე ვინ უწევდა პროექტს სამედიცინო მომსახურებას?

დიმიტრი მახათაძე:

ჯერ კიდევ ადრეულ 90-იანებში ვიცოდით, რომ სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების ფარგლებში უნდა აშენებულიყო აზერბაიჯანული ნავთობის მილსადენი, რომელიც სუფსაში ნავთობტერმინალის გავლით საზღვაო მარშრუტით გაატარებდა ნავთობს საერთაშორისო ბაზარზე. პროექტის მასშტაბი ჩვენთვის (საქართველოში) წარმოუდგენლად დიდი იყო იმ დროისათვის და განსაკუთრებით მისი მშენებლობის პროცესში სხვა ინფრასტრუქტურებს შორის სამედიცინო სისტემის თავისებურებები და მოთხოვნები, სტანდარტები. მილსადენის მშენებლობის მოსამზადებელ ეტაპზევე, მშენებელმა კონსორციუმმა საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე გამოვლენილ შოტლანდიურ კომპანიას (OMS) ჩააბარა მთელი პროექტის „ჯანმრთელობა“. ეს კომპანია უძღვებოდა და მართავდა საქმიანობას სამედიცინო სფეროში მშენებლობის ეტაპის დასრულებამდე.

მიუხედავად ამისა, ჩვენ დავისახეთ ეს ამბიციური მიზანი და როგორც განვლილმა წლებმა აჩვენა, შევძელით პროექტის წარმატებული მართვა.

სწორედ იმ პერიოდში გამოყენებული მიდგომები:

  • ხედვა

  • ინოვაცია

  • პროფესიონალიზმი

გახდა შემდგომში ჩვენი კომპანიის მთავარი დევიზი.

ტენდერის ვადა მეორე დღეს იწურებოდა, როდესაც დასრულებული და ამობეჭდილი საკონკურსო დოკუმენტაცია ხუთ ეგზემპლარად უნდა გაგვეგზავნა ფოსტით. გვიან ღამით აღმოჩნდა, რომ სულ რამდენიმე საბეჭდი ფურცელი გვაკლდებოდა დოკუმენტაციის დასასრულებლად. ამ რამდენიმე ფურცლის არქონას შეიძლებოდა მთელი ჩვენი მცდელობა და რესურსები ნულზე დაეყვანა და სატენდერო კომისიას არ მიეღო ჩვენი შეთავაზება. და ეს ყველაფერი ხდებოდა 1999 წელს, როცა ასეთი, დღევანდელი გადმოსახედიდან უმარტივესი საკითხი იმ დროისათვის გადაულახავი და ფატალური შეიძლება აღმოჩენილიყო.

მახსოვს, როგორ ვეძებდი შუაღამის თბილისში ერთ შეკვრა საბეჭდ ქაღალდს. არც ერთი საკანცელარიო მაღაზია არ იყო ღია…

ალაღბედზე გავაჩერე სურსათის სადღეღამისო მაღაზიასთან და სრულიად შემთხვევით, ტკბილეულს და სათამაშოებს შორის დავინახე ის, რამაც გადაგვარჩინა – ერთი შეკვრა საბეჭდი ქაღალდი… ეს წუთები ნამდვილად არასოდეს დამავიწყდება…

ასე მოვიგეთ ეს ტენდერი, მაგრამ მაშინვე გადავაწყდით ახალ პრობლემას – ფინანსურს…

კარგად მახსოვს ჩვენი პირველი სამუშაო დღე, 26 წლის წინ, 1999 წლის პირველი აგვისტო, რვა თანამშრომელი ორი მძღოლის, ხუთი ექიმისა და ფინანსური მენეჯერის შემადგენლობით ვისხედით „ძველი ლუდკომბინატის“ შენობის 150 კვმ-იან ოფისში და ველოდებოდით პირველ პაციენტს.

იმ დღეს პაციენტი არ გამოჩნდა, თუმცა სწორედ იმ დღეს, 1999 წლის პირველ აგვისტოს ჩვენ ავიღეთ ვალდებულება BP და BP კონტრაქტორი კომპანიების 4000 თანამშრომლის ჯანმრთელობაზე და დღემდე წარმატებით ვუძღვებით ამ საქმეს.

რამდენად სწრაფად შეძელით საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ინტეგრირება?

დიმიტრი მახათაძე:

დღეს MediClub-ის მხოლოდ თბილისის ფილიალში 140 ექიმი მუშაობს ხელშეკრულებით. ეს თავისთავად მეტყველებს ჯანდაცვის სისტემასთან წარმატებულ ინტეგრაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემები საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ხოლო ორივე ქვეყანაში ამ 26 წლის განმავლობაში მრავალი რეფორმა ჩატარდა, MediClub-ი ისევ თავისი პრინციპების ერთგული რჩება და ინარჩუნებს პაციენტის მოვლის მაღალ სტანდარტს.

ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ „მედიქლაბი“ პირველი კლინიკაა საქართველოში, რომელმაც საერთაშორისო აკრედიტაცია JCI (Joint Commission International) მიიღო.

რა გაძლევთ საფუძველს, რომ ასე იფიქროთ?

დიმიტრი მახათაძე:

ის პაციენტები, რომლებმაც სამედიცინო მომსახურება მიიღეს ორივე ქვეყნის — საქართველოს და აზერბაიჯანის MediClub-ში, ერთხმად აღნიშნავენ, რომ სტანდარტები ორივეგან ერთნაირი ხარისხის და სტანდარტისაა, ორიენტირებულია პაციენტის უსაფრთხოებასა და პროგრესზე.

საბირ ადნაევი:

ვეთანხმები დიტოს. საქმე იმაშია, რომ ჩვენ განსხვავებული სასტარტო პოზიციები გვქონდა — არის დარგები, რაშიც აზერბაიჯანი ლიდერობს, თუმცა ასევე ბევრია კლინიკური მიმართულებები, სადაც ქართველი ექიმების კვალიფიკაცია სჯობს აზერბაიჯანელებისას. ეს განსხვავებები ახლაც საგრძნობია, ოღონდ არა MediClub-ში, სადაც ჩვენ შევძელით შეგვექმნა პაციენტის მოვლის ერთიანი მაღალი სტანდარტი, რადგან ვზრუნავდით არა ინტეგრაციაზე, არამედ პაციენტზე, რომელიც ჩვენთვის ყოველთვის ყველაზე მთავარი იყო.

ჩვენ ვზრდით არა მხოლოდ ექიმ-კლინიცისტებს, არამედ ლიდერებსაც. ჩემი ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი ახლა აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეა.

ჩემმა ერთმა ახლანდელმა თანამშრომელმა ერთხელ საინტერესო რამ მითხრა — „MediClub-ის მიმართ არ არსებობს ნეიტრალური დამოკიდებულება — ის ან უყვართ, ან სძულთ და ებრძვიან მას“.

რატომ ხდება ასე?

საქმე იმაშია, რომ გამოჩნდა ბევრი კლინიკა, რომლებიც აკოპირებდნენ ჩვენს სტანდარტებს და მიდგომებს, ცდილობდნენ თვითონ შეექმნათ უკეთესი და ამით დაეკნინებინათ „მედიქლაბი“. მე მათ ვეუბნებოდი: „ნუ ცდილობთ ჩვენს „ჩაძირვას“, შექმენით თქვენი სტილი და ვიყოთ ძლიერი კონკურენტები“. ასეა თუ ისე, ფაქტია MediClub-ი სტაბილურად ინარჩუნებს მაღალი ხარისხის სტანდარტს, „მედიქლაბის“ უკან დგას ისეთი ღირებულებები, რომელიც პაციენტის უსაფრთხოებისკენაა მიმართული და არ დაუშვებს ამ სტანდარტის დაწევას.

ფაქტი ფაქტად რჩება, რომ MediClub-ში მუშაობა ექიმებისთვის ყოველთვის იყო და რჩება პრესტიჟულად. როგორ მიაღწიეთ ამას?

საბირ ადნაევი:

ჩვენ არ მივდივართ საეჭვო გარიგებებზე. ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც ექიმი უარს ამბობს პრინციპებზე, ხელში იღებს კალკულატორს და ითვლის, რამდენპროცენტიანი სარგებელი დარჩება მას, თუკი პაციენტს არასაჭირო კვლევებს და დანიშნულებას გამოუწერს. ჩვენ უარს ვამბობთ ფარმაინდუსტრიასთან არაეთიკურ გარიგებებზე და პაციენტებს ენიშნებათ მხოლოდ ხარისხიანი პრეპარატები. ამის გამო ჩვენ ზოგჯერ სერიოზული ფინანსური დანაკარგებიც გვქონია, თუმცა ამ პრინციპებს განუხრელად ვიცავთ. მახსოვს, ერთობლივი მუშაობისას, პირველივე თვეებში დიტომ მითხრა: „ეს რა პრაქტიკაა, როდესაც ექიმი წამლის გადამყიდველად იქცევა? მე არასოდეს არ დავეთანხმები ამას!“.

მაშინ გულში გამეღიმა, ორი ექიმი, რომლებსაც ასეთი ერთნაირი ღირებულებები აქვს, შეხვდნენ და გადაწყვიტეს ბიზნესის კეთება… რა თქმა უნდა, მაშინ არსებობდა მოსაზრება, რომ ასეთი პრინციპული და ხისტი მიდგომა არ გაამართლებდა, თუმცა დრომ საწინააღმდეგო აჩვენა: ჩვენ ვაწვდით ხარისხიან მომსახურებას და სამაგიეროდ ვიღებთ პაციენტის ნდობას.

თქვენი აზრით, რა როლი ითამაშა MediClub-მა კერძო კლინიკების განვითარებაში?

საბირ ადნაევი:

როდესაც MediClub-ს ვქმნიდით, ჩვენ ვფიქრობდით კორპორაციულ ეთიკაზე, კულტურაზე, ურთიერთობებზე… სამწუხაროდ დღეს სწორედ ამ მიმართულებით გვაკლია კონკურენცია. დღეს მთელ მსოფლიოში დისკუსია მიდის იმაზე, თუ რა საჭიროა კერძო მედიცინა და რომ პასუხისმგებლობა მთლიანად უნდა აიღოს სახელმწიფომ თავის თავზე. მე მჯერა, რომ ძლიერი კერძო სექტორის არსებობა აუცილებელია, რადგან მხოლოდ სახელმწიფოს მკაცრი ვერტიკალის ქვეშ მყოფი ჯანდაცვა მალევე დაკარგავს ხარისხს, ხოლო კერძო სექტორი მას ამ ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება.

ვერ დაარეგულირებს ბაზარი ამ საკითხს?

საბირ ადნაევი:

სამწუხაროდ ვერა. MediClub-ის შექმნისას ჩვენ ორიენტაცია ავიღეთ გარკვეულ სოციალურ ფენაზე და ვფიქრობდით, რომ ეს ფენა დროთა განმავლობაში გაიზრდებოდა. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისათვის ეს სერვისები ფინანსურად მიუწვდომელია, მიუხედავად იმისა, რომ MediClub-ის მოგების მარჟა საკმაოდ მოკრძალებულია.

დიმიტრი მახათაძე:

1999 დან 2009 წლამდე მთელი ჩვენი რესურსები მიმართული იყო მსხვილი კორპორაციული კონტრაქტებისაკენ. 2009 წელს უკვე დავიწყეთ ზრუნვა ახალ ინფრასტრუქტურაში გადმოსვლაზე, რათა გაგვეფართოებინა ჩვენი შესაძლებლობები და სწორედ ამ პერიოდიდან გავხდით ჰოსპიტალური სექტორის სრულყოფილი მონაწილეები. აზერბაიჯანისაგან განსხვავებით იმ პერიოდში საქართველოში უკვე რამდენიმე ათეული კერძო კლინიკა ოპერირებდა, მაგრამ არც ერთ მათგანს არ ჰქონდა საერთაშორისოდ აღიარებული აკრედიტაცია.

ჩვენ ძალიან მაღალი სტანდარტის თამასა დავუწესეთ კომპანიას და შედეგად 2017 წელს პირველად არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში მივიღეთ JCI (Joint Commission International) აკრედიტაცია.

იმ პერიოდში მთელ მსოფლიოში მხოლოდ 600-მდე ჰოსპიტალს ჰქონდა ეს აღიარება.

რას ურჩევდით ახალგაზრდა თაობას?

საბირ ადნაევი:

ექიმის პროფესია თავგანწირვას მოითხოვს და დიდ სტრესთანაა დაკავშირებული. მეც და დიტოსაც უკიდურესად რთული წლები, ომები და კრიზისები გვაქვს გადატანილი, როგორც პრაქტიკოს ექიმებს – დიტოს, როგორც ქირურგს, ხოლო მე, როგორც ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგს. ახალგაზრდებს, რომლებიც ამ პროფესიას აირჩევენ, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ექიმობა ხელოვნებასა და ცხოვრებისეულ სიმკაცრესთან შერკინებაა.

მთავარი, რაც მათ უნდა ჰქონდეთ, ეს პაციენტის სიყვარულია.

დიმიტრი მახათაძე:

ჩვენ მთელი ცხოვრება დინების საწინააღმდეგოდ მივცურავდით. ვებრძოდით ავადმყოფობას იქ, სადაც ამის შესაძლებლობა და რესურსებით უზრუნველყოფა არ იყო, ვიბრძოდით თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად და არ გვინდა, რომ ახალგაზრდა კოლეგებმაც იგივე განიცადონ, რაც ჩვენ მაშინ.

დიახ, თანამედროვე მედიცინა მოითხოვს ტექნოლოგიებს, ინფრასტრუქტურასა და ფინანსურ სტაბილურობას. თუმცა, რეალურად, ჯანდაცვას ყოველთვის ადამიანები ქმნიან — თავიანთი პროფესიონალიზმით, ჰუმანურობით, ერთგულებითა და ყველაზე რთულ პერიოდშიც კი ერთმანეთის გვერდით დგომის მზაობით.

ვერც „MediClub“ და ვერც „MediClubGeorgia“ ვერ გახდებოდნენ ის, რაც დღეს არიან, იმ საოცარი ადამიანების გარეშე, რომლებმაც ჩვენთან ერთად წლები გაატარეს და დღითი დღე აშენებდნენ ამ ინსტიტუციებს. ბევრი მათგანი ჩვენთვის მხოლოდ თანამშრომელი ან კოლეგა არ ყოფილა — ისინი გახდნენ საერთო გზის, საერთო პასუხისმგებლობისა და ხანდახან საერთო თავგანწირვის ნაწილიც კი.

მე და საბირი თავადაც ექიმები ვართ და ამ საქმეს ჩვენი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი მივუძღვენით. თუმცა, გულახდილად რომ ვთქვათ, მხოლოდ გოლდა მეიერს ასეთი რამ აქვს ნათქვამი: „თუ თქვენ გინდათ ააშენოთ კარგი ქვეყანა, უზრუნველყავით ჯარისკაცი, მასწავლებელი და ექიმი ღირსეული პირობებით…“

… მთელი ინტერვიუს განმავლობაში ორივე რესპონდენტის ტელეფონებზე ზარი არ წყდებოდა. ისინი ყველას პასუხობდნენ და ინტერვიუს პარალელურად განიხილავდნენ პაციენტების მკურნალობის სქემებსა თუ ტაქტიკას.

და მე მომეჩვენა, რომ მიუხედავად გარკვეული პესიმიზმისა, რაც მათ სიტყვებში ხანდახან გაჟღერდებოდა, მათ ვერ წარმოუდგენიათ სხვანაირად ცხოვრება.

სწორედ ამიტომაა, რომ MediClub რჩება პაციენტისადმი ერთგულების სიმბოლოდ.

ავტორი: მარიამ სპარსიაშვილი

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები