რთული და ხანგრძლივი გზა პოლიენდოკრინულ მეტაბოლურ საკვერცხის სინდრომამდე – ინტერვიუ პროფესორ ბულენტ ილდიზთან

გააზიარე

მედიცინის ისტორია, არსებითად, მუდმივი გარდაქმნისა და გადაფასების უწყვეტი ჯაჭვია, სადაც ადრეულ შეხედულებებს თანდათან უფრო სრულყოფილი კონცეფციები ცვლის, ხოლო ერთ დროს ადეკვატურად მიჩნეული ტერმინები ეტაპობრივად საკუთარ ხარვეზებს ამჟღავნებს. კითხვა იმის შესახებ, თუ რა ფასს იხდის დარგი ამ პარადიგმული ცვლილებების მოლოდინში, სამედიცინო წრეებში იშვიათად ისმის ხმამაღლა. ზოგჯერ ამ კითხვის პასუხი მხოლოდ კონცეპტუალურია, ზოგჯერ კი – უშუალოდ პაციენტთა მხრებზე გადადის: დაგვიანებული დიაგნოსტიკის, ფრაგმენტული მკურნალობისა და იმ მდგომარეობების სახით, რომლებიც საჭიროზე ბევრად დიდხანს რჩება არასაკმარისად დაფინანსებული და ნაკლებად შესწავლილი.

პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი მრავალი თვალსაზრისით ამ პრობლემატიკის სახელმძღვანელო მაგალითია. ეს არის მდგომარეობა, რომელიც რეპროდუქციული ასაკის ყოველ მეათე ქალში გვხვდება და ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემაზე პათოლოგიურ ზეგავლენას ხანგრძლივად ახდენს. მიუხედავად ამისა, საუკუნეზე მეტია, სინდრომი იმ სახელწოდებას ატარებს, რომელიც დაავადების პათოფიზიოლოგიურ მრავალფეროვნებას ჩრდილავს და მცდარად მიუთითებს მხოლოდ ერთ, არასავალდებულო კლინიკურ მახასიათებელზე. ახლახან შემოღებული ტერმინი PMOS – პოლიენდოკრინული მეტაბოლური საკვერცხის სინდრომი – არსებული ნომენკლატურული ხარვეზის გამოსწორების მცდელობაა. 

მიუხედავად იმისა, რომ სახელის ცვლილება ზოგჯერ აკადემიურ ფორმალობად აღიქმება, მას რეალური კლინიკური დატვირთვა აქვს; იგი სინდრომს გინეკოლოგიური „ვიწრო ჩარჩოებიდან“ იმად გარდაქმნის, რაც სინამდვილეშია – კომპლექსურ, ქრონიკულ პოლიენდოკრინულ და მეტაბოლურ დარღვევად. ანკარის ჰაჯეტეფეს უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის პროფესორმა, ბულენტ ილდიზმა, თავისი კარიერის დიდი ნაწილი სწორედ ამ არგუმენტის დაცვას დაუთმო, რათა საკითხის არსი ვიწრო პროფილურ დიაგნოსტიკას არ შეეზღუდა.

პროფესორ ილდიზს თბილისში, კლინიკური ენდოკრინოლოგიის მე-8 ყოველწლიურ საერთაშორისო კონგრესზე შევხვდით. ინტერვიუ ვრცელ კლინიკურ და სამეცნიერო სპექტრს მოიცავს, თუმცა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი პროფესორის პაციენტებისადმი  გზავნილია: სირთულეების, ფრაგმენტული მკურნალობისა და თანმხლები რისკების გრძელი სიის მიღმა ოპტიმიზმი გულუბრყვილობას არ ნიშნავს – ეს ის არსებითი კომპონენტია, რომელიც კლინიკურ “ხმაურში” არასოდეს უნდა დაიკარგოს.

პროფესორო ილდიზ, PCOS-დან PMOS-ზე გადასვლა სამეცნიერო წრეებში აქტიური განხილვის საგნად იქცა. ძველი ტერმინი ყურადღებას მხოლოდ საკვერცხეებზე ამახვილებდა, მაშინ როდესაც ახალი ფორმულირება მდგომარეობის უფრო ფართო, მეტაბოლურ და ენდოკრინულ ბუნებას უსვამს ხაზს. თქვენი პერსპექტივიდან, ეს მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილებაა, თუ მას დიაგნოსტიკის, სკრინინგისა და მკურნალობის პრაქტიკაზეც აქვს რეალური გავლენა?

დიახ, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან სახელწოდება „PCOS“ ყოველთვის შეცდომაში შემყვანი და არაზუსტი იყო. ფაქტობრივად, ჯერ კიდევ 2012 წელს, NIH-ის სამუშაო შეხვედრაზე ჩვენ უკვე შევთავაზეთ მისი შეცვლა. ახალ ტერმინამდე მისასვლელად 14 წელი დაგვჭირდა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია – არა მხოლოდ როგორც სახელის ცვლილება, არამედ იმის გამო, რომ ის დარღვევის სისტემურ ბუნებას ასახავს. ეს მდგომარეობა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ გინეკოლოგიური ასპექტით; ის ახლა კომპლექსურ, მრავალმხრივ სინდრომად აღიქმება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს იდეა თავდაპირველად პაციენტებისგან წამოვიდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პაციენტთა ორგანიზაციებმა მტკიცედ დაუჭირეს მხარი უფრო ზუსტი სახელწოდების დამკვიდრებას და ჩვენ ამ ცვლილებით ძალიან კმაყოფილები ვართ. როდესაც ამბობთ „პოლიცისტურს“, ეს მიანიშნებს, რომ PMOS-ის მქონე ქალების საკვერცხეებში ნამდვილი პათოლოგიური ცისტებია, რაც სინამდვილეში ასე არ არის. ფაქტობრივად, ჩვენი მონაცემებით, ქალების 30%-მდეს შეიძლება ჰქონდეს ულტრასონოგრაფიული სურათის ეს თავისებურება დაავადების გარეშე, ან პირიქით – PMOS-ის მქონე ზოგიერთ პაციენტს ასეთი სურათი საერთოდ არ აღენიშნება.

შესაბამისად, სახელწოდებაში „პოლიცისტურის“ არ შეტანა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება გახლდათ. ტერმინი „პოლიენდოკრინული“ დარღვევის ჰორმონალურ ეფექტებს უკეთ ასახავს, ხოლო „მეტაბოლური“ ჩვენი პერსპექტივიდან უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ პაციენტებს ახასიათებთ ინსულინრეზისტენტობა, დიაბეტის მომატებული რისკი და კარდიომეტაბოლური დარღვევები. ჩვენ შევინარჩუნეთ „საკვერცხის“ (ovarian) კომპონენტი, რადგან მდგომარეობა კვლავ უკავშირდება ოვულატორულ დისფუნქციას, მენსტრუალური ციკლის დარღვევებს, უშვილობასა და ორსულობასთან დაკავშირებულ რისკებს.

მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ სახელის შეცვლა არ არის. უახლოეს მომავალში ჩვენ, სავარაუდოდ, ვიხილავთ მეტ კვლევას PMOS-ზე და უფრო დიდ ინტერესს ამ მდგომარეობის მიმართ. ფაქტობრივად, მას შემდეგ, რაც პრაღაში, ევროპულ კონგრესზე ახალი სახელი გამოვაცხადეთ, რამდენიმე კვირაში საერთაშორისო მედიაში 660-ზე მეტი სტატია გამოქვეყნდა, რომელმაც მთელ მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტ ადამიანამდე მიაღწია. ექსპოზიციის ეს დონე უზარმაზარია და როგორც პაციენტები, ისე ექიმები ამ ცვლილებით მეტად კმაყოფილები არიან.

ძველმა ტერმინოლოგიამ არა მხოლოდ თავად მდგომარეობის აღქმა შეზღუდა, არამედ მისი გრძელვადიანი შედეგების ინტერპრეტაციაც გაართულა. მრავალი პაციენტისთვის „PCOS“ პირდაპირ უშვილობასთან ასოცირდება, რაც უნებლიედ ჩრდილავს ჯანმრთელობის სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან ასპექტებს. როგორ ახერხებთ პაციენტებთან კომუნიკაციის ისეთ დაბალანსებას, რომ ისინი პოტენციური რისკების ჩამონათვალით არ დათრგუნოთ და, ამავდროულად, მდგომარეობის სერიოზულობა არ დააკნინოთ?

ეს ნამდვილად გამოწვევაა. მე უკვე პაციენტთა თითქმის სამი თაობა მყავს. ჩვეულებრივ, პაციენტი პირველად მაშინ მოდის ჩემთან, როცა ახალგაზრდაა და თან ორივე მშობელი ახლავს. დროთა განმავლობაში პაციენტი ჯერ მხოლოდ დედასთან ერთად მოდის, მოგვიანებით კი, როგორც წესი – 20 წლის ასაკის გადაცილების შემდეგ – დამოუკიდებლად იწყებს ვიზიტებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, როცა ოჯახის შექმნას გეგმავენ, ხშირად პარტნიორთან ერთად მოდიან.

აღნიშნული დინამიკის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომუნიკაციის ის სტილი, რომლითაც დაავადების შესახებ ინფორმაციას პაციენტსა და მის ოჯახს აწვდით. პირველ ვიზიტებზე მშობლები, სავსებით გასაგები მიზეზების გამო, აღელვებულები არიან, ვინაიდან სამედიცინო კონსულტაცია ხშირად მხოლოდ სიმპტომების მყისიერ მართვაზეა ორიენტირებული. ახალგაზრდა პაციენტებს ხშირად უნიშნავენ ორალურ კონტრაცეპტივებს და სთავაზობენ, ექიმთან მხოლოდ ორსულობის დაგეგმვის ეტაპზე დაბრუნდნენ. თუმცა, ქრონიკული დაავადების გრძელვადიანი რისკების შესახებ ინფორმაციის გარეშე, მსგავსი გზავნილის მოსმენა ახალგაზრდა პაციენტისთვისა და მისი ოჯახისთვის დამთრგუნველია: „თქვენ გაგიჭირდებათ შვილის გაჩენა და ეს არის ერთადერთი მედიკამენტი, რომელიც რამდენიმე წელი უნდა მიიღოთ“.

ვინაიდან PMOS თავისი ბუნებით რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული, სრულიად ბუნებრივია, რომ პაციენტთა უმრავლესობა სამედიცინო დახმარებისთვის თავდაპირველად მეან-გინეკოლოგს მიმართავს. თუმცა, ვინაიდან ეს მდგომარეობა მეტაბოლურ, დერმატოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასაც მოიცავს, პაციენტები თავდაპირველად ვერ იღებენ PMOS-ის მართვაში ჩართული სხვა სპეციალობების, მათ შორის ენდოკრინოლოგიის, კომპლექსურ გამოცდილებას.

სამწუხაროდ, მკურნალობა ფრაგმენტულია და მთელ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ცენტრი არსებობს, რომელსაც PMOS-ის მქონე პაციენტებისთვის ყოვლისმომცველი კლინიკური ზრუნვის გაწევა შეუძლია. როდესაც პაციენტები ჩვენთან მოდიან, მნიშვნელოვანია საკმარისი დრო დავუთმოთ როგორც პაციენტთან, ისე მის ოჯახთან საუბარს. ყოველთვის ვუსვამ ხაზს, რომ ამ მდგომარეობის ყველაზე ოპტიმისტური მხარე ეს არის: ადრეულ ეტაპზე ცხოვრების წესის სწორად მართვით, შესაძლებელია მასთან დაკავშირებული თითქმის ყველა გართულების თავიდან აცილება.

ეს არის ჩემი მთავარი მოტივაცია პაციენტებთან საუბრისას. ვეუბნები: ეს დარღვევა მთელი ცხოვრება თქვენთან იქნება და დროთა განმავლობაში შეიცვლება, მაგრამ რა პრობლემაც არ უნდა წარმოიქმნას, ჩვენი მიზანი მასთან გამკლავებაში დახმარებაა.

აღსანიშნავია, რომ თქვენი სამედიცინო პრაქტიკა მხოლოდ კლინიკური კაბინეტით არ შემოიფარგლება. შეგიძლიათ, უფრო დეტალურად გვიამბოთ იმ ინიციატივების შესახებ, რომლებიც პაციენტთა მხარდაჭერის მიზნით, თქვენი უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნდა?

ჩვენს უნივერსიტეტში მრავალი წლის წინ PMOS-ის ადვოკატირების ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ. თავდაპირველად ის მთლიანად სამედიცინო სტუდენტებისგან შედგებოდა, რომელთა უმეტესობას თავადვე ეს დიაგნოზი ჰქონდა. ისინი საკუთარ გამოცდილებას სოციალურ მედიაში აზიარებენ, აწყობენ შეხვედრებს და დროთა განმავლობაში ეს ჯგუფი ნამდვილ  “sisterhood“-ად ჩამოყალიბდა.

ამ სტუდენტთაგან ზოგიერთი უკვე რეზიდენტია. მათ აირჩიეს დერმატოლოგიის, გინეკოლოგიისა და სხვა მიმართულებები, რადგან PMOS-ის მქონე პაციენტებისთვის ეფექტური მართვის სქემის პოვნა სურთ. მათი მუშაობა ძალიან სასარგებლოა და ექსპერტების კლინიკურ გამოცდილებას მნიშვნელოვნად ავსებს.

რა თქმა უნდა, მე PMOS-ის ექსპერტი ვარ, მაგრამ სხვაა, როდესაც ექიმს ესაუბრები შენს მდგომარეობაზე და სულ სხვა – როდესაც ესაუბრები „უფროს დას“, რომელსაც იგივე პრობლემა ჰქონდა და მისი მართვა ისწავლა. მხარდაჭერის ასეთი ფორმა უკიდურესად ღირებულია.

ჯგუფს ახლა საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავს; მათ ვიდეოებს ათასობით ნახვა აქვს. სტუდენტებმა თავადვე შეაგროვეს მონაცემები PMOS-ის მქონე გოგონებისგან და რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომიც გამოაქვეყნეს, რაც მისასალმებელია.

მჯერა, რომ თანატოლთა მხარდაჭერა უკიდურესად მნიშვნელოვანია. როდესაც ახალგაზრდა გოგონა ან მოზარდი ხარ, შეიძლება ექიმისგან ერთი რამ გაიგო, მშობლებისგან – სხვა, მაგრამ „უფროსი და“ რჩება იმ მთავარ მეგზურად, რომლის გამოცდილებასაც ისინი ყველაზე მეტად ენდობიან.

PMOS-ის შემთხვევების დრამატული ზრდა არ აიხსნება ერთი მიზეზით და აშკარაა, რომ ამ მდგომარეობის ეტიოლოგია მულტიფაქტორულია. როგორ ხედავთ პოტენციური რისკ-ფაქტორების კომპლექსურ ურთიერთქმედებას? კლინიკური და მეტაბოლური საფუძვლების გარდა, თქვენი პრაქტიკული დაკვირვებით, არის თუ არა ისეთი გარემო ფაქტორები ან ცხოვრების წესის თავისებურებები, რომლებსაც, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ჰქონდეს ამ მზარდ სტატისტიკაში?

ეს რთული შეკითხვებია, რადგან ნებისმიერი გავრცელებული და კომპლექსური დარღვევისთვის პათოფიზიოლოგიის გარკვევა ძალიან ძნელია. PMOS-ც სწორედ ასეთი შემთხვევაა. გენეტიკურ მონაცემებზე, მათ შორის GWAS კვლევებზე დაყრდნობით, ჩვენ მემკვიდრეობითობის მხოლოდ 10-დან 15%-მდე ნაწილის ახსნა შეგვიძლია.

შესაბამისად, გენეტიკა წამყვან პოზიციას იკავებს. თუ PMOS ოჯახურ ისტორიაში გვხვდება, მაშინ ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე უნდა იცოდნენ რისკის შესახებ. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას, რადგან ვიცით, რომ ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი – განსაკუთრებით პუბერტატულ პერიოდში წონის მატება – ანდროგენების სიჭარბისა და ოვულატორული დისფუნქციის მთავარი რისკ-ფაქტორია. ამდენად, ცხიმოვანი ქსოვილის კონტროლი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახლავთ.

ამას გარდა, არსებობს ეპიგენეტიკური გავლენები და ენდოკრინული სისტემის დამრღვევი ნაერთები (disruptors). მრავალი გარემო ფაქტორის ზეგავლენა შესაძლოა ჯერ კიდევ საშვილოსნოსშიდა განვითარების პერიოდიდან იწყებოდეს. თუმცა, პაციენტებისა და ოჯახებისთვის პრაქტიკული რჩევების თვალსაზრისით, ჯერ კიდევ არ გვაქვს საკმარისი მონაცემები ამომწურავი პასუხების გასაცემად. ზედმეტი დროის დათმობა ამ თეორიულ ფაქტორებზე შესაძლოა პაციენტებისთვის დამაბნეველი და დამთრგუნველი აღმოჩნდეს. დიახ, ენდოკრინული სისტემის დამრღვევი ნივთიერებები არსებობს, მაგრამ ჩვეულებრივი სიფრთხილის ზომების გარდა, პაციენტებს მკაფიო ალგორითმებს ვერ ვთავაზობთ.

სწორედ ამიტომ, საუბარი ყოველთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ფუნდამენტურ მნიშვნელობამდე დადის. თანაც, ეს მხოლოდ ჭარბ წონას არ გულისხმობს. ჩემმა საერთაშორისო პრაქტიკამ ცხადყო, რომ პაციენტთა საჭიროებები რეგიონული თავისებურებების მიხედვით განსხვავდება. მაშინ, როდესაც შეერთებულ შტატებში მეტაბოლური პათოლოგიები ხშირად სიმსუქნის მაღალ გავრცელებას უკავშირდება, ჩვენს რეგიონში პაციენტთა პოპულაციაში მნიშვნელოვანია იმ ნორმალური წონის მქონე პირთა წილი, რომლებსაც მსგავსი მეტაბოლური რისკები, მათ შორის ინსულინრეზისტენტობა, აღენიშნებათ. 

შესაბამისად, მცდარია მიდგომა, როდესაც კლინიკური ყურადღება მხოლოდ სხეულის მასის მაჩვენებლებზე მახვილდება. ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია, ხოლო ჯანსაღი ცხოვრების წესი წონის მართვის მხოლოდ ინსტრუმენტი კი არა (პაციენტის სხეულის მასის ინდექსის მიუხედავად), გრძელვადიანი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელი მოთხოვნაა.

ფიქრობთ, რომ ეს გაურკვევლობა ნაწილობრივ იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ ქალის ბიოლოგიასა და ფიზიოლოგიას კლინიკურ კვლევებში ნაკლები ყურადღება ეთმობა?

ეს არის თემა, რომელსაც ჩვენი პაციენტებიც ხშირად აჟღერებენ. თუ სოციალურ მედიას დავაკვირდებით, ადამიანების დაახლოებით 85% სახელის ცვლილებით უკმაყოფილო არ არის. დარჩენილ 15%-ში, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი, საერთო პოზიცია ასეთია: „სად იყავით აქამდე?“. კიდევ ერთი საინტერესო მოსაზრებაა: „ეს კაცის პათოლოგია რომ ყოფილიყო, უკვე მოგვარებული იქნებოდა და ახალი მედიკამენტებიც იარსებებდა. რადგან ეს ქალის ჯანმრთელობის პრობლემაა, სწორედ ამიტომ არის ის უგულებელყოფილი.”

ფაქტობრივად, მრავალი წელია, ყველგან ვიმეორებ, რომ PMOS არის არასათანადოდ შეფასებული და სისტემურად უგულებელყოფილი დარღვევა. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ დავძლიეთ სტერეოტიპი, რომ ეს მხოლოდ ქალის პრობლემაა; სინამდვილეში კი ეს მდგომარეობა ოჯახის მამაკაცი წევრებისთვისაც აქტუალურია. ჩვენმა ჯგუფმა ეს მრავალი წლის წინ დაადასტურა და დღეს უკვე გენეტიკური მონაცემებიც გვაქვს, რომლებიც ამ ფაქტს ამყარებს. სწორედ ამიტომ, ეს მხოლოდ “ქალების პრობლემა” არ არის და ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში დაგროვილი მონაცემები მოგვცემს საფუძველს, ტერმინოლოგიიდან „საკვერცხის“ კომპონენტი საბოლოოდ ამოვიღოთ.

ეს ნამდვილად ისეთი დარღვევაა, რომელიც მემკვიდრეობით გადადის და ორივე სქესს აზიანებს, თუმცა ამ ეტაპზე ის კვლავ პირველ რიგში ქალის დაავადებად აღიქმება. პაციენტები, რომლებიც ჩივიან, რომ ეს სინდრომი კვლევით ფოკუსში ნაკლებად მოხვდა, მართლები არიან. ჩვენ მეტი დაფინანსება გვჭირდება და ამის მისაღწევად უფრო ძლიერი ადვოკატირებაა საჭირო.

პაციენტები პოლიტიკის შემქმნელებთან უნდა თანამშრომლობდნენ, ადვოკატირების ჯგუფები კი უფრო აქტიურები უნდა გახდნენ. ძუძუს კიბოც “ქალების დაავადებაა”, თუმცა იქ უზარმაზარი ინვესტიციაა ჩადებული; იგივე ეხება დიაბეტს, რომლის კვლევაც სათანადოდ ფინანსდება. მიუხედავად იმისა, რომ PMOS ძალიან გავრცელებულია – მაგალითად, საქართველოში რეპროდუქციული ასაკის PMOS-ის მქონე 100 000-ზე მეტი ქალია – ბევრმა არც კი იცის, რომ ეს დაავადება აქვს და ისინი დიაგნოზის გარეშე აგრძელებენ ცხოვრებას. ამიტომ, PMOS-ის კვლევებში ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ პაციენტებს გავახარებთ არა მხოლოდ სახელის ცვლილებით, არამედ პათოლოგიის სიღრმისეული გაგებითა და მკურნალობის გაფართოებული, ეფექტური ვარიანტებით.

თქვენ ასევე შეისწავლეთ ცხიმოვანი ქსოვილის ბიოლოგია PMOS-ის დროს. კონკრეტულად რა იგულისხმება ადიპოზური ქსვოვილის „შეცვლილ ქცევაში“  და უნდა გავითვალისწინოთ თუ არა ეს კომპონენტი თერაპიული სტრატეგიის დაგეგმვისას?

დიახ, ჩვენ და სხვა მკვლევარებმა დავამტკიცეთ, რომ PMOS-ის დროს ცხიმოვანი ქსოვილის ბიოლოგია განსხვავდება და ეს ცვლილებები საკმაოდ მნიშვნელოვანია. ახლახან დადგინდა, რომ ინსულინრეზისტენტობა ფერმენტის, ალდო-კეტო რედუქტაზის (aldo-keto reductase family 1 member C3)  ატივობას ზრდის, რომელიც ცხიმოვან ქსოვილში  ანდროსტენედიონს ტესტოსტერონად ლოკალურად გარდაქმნის. ამრიგად, ანდროგენები PMOS-ის მქონე ქალების ცხიმოვან ქსოვილში სწორედ ადგილობრივად სინთეზირდება.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ შეცვლილია ადიპოკინების (ადიპოციტოკინების) სეკრეცია; პრო-ანთებითი ადიპოკინები გაზრდილია, რაც მათ გაძლიერებულ სეკრეციას იწვევს. ასევე გვაქვს მონაცემები ცხიმოვან ქსოვილში ოქსიდაციური სტრესის მომატების შესახებ. ახლახან დავიწყეთ მიტოქონდრიული დისფუნქციის შესწავლაც, რადგან არსებობს მტკიცებულებები, რომ PMOS-ის მქონე ქალებში მიტოქონდრიული ფუნქციაც განსხვავდება.

ცხიმოვანი ქსოვილი ადრეული ინტერვენციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამიზნეა; შესაბამისად, პუბერტატამდელ პერიოდში მკურნალობის დაწყებას PMOS-ის განვითარების ტრაექტორიის რადიკალურად შეცვლა შეუძლია. 2025 წელს, Nature Reviews Endocrinology-ის საიუბილეო გამოცემისთვის, სარედაქციო სტატიის მოსამზადებლად მიმიწვიეს, სადაც დაავადების მიმდინარეობის გასული და მომდევნო ორი ათწლეულის პერსპექტივები შევაჯამე. 

PMOS-ის კონტექსტში, მაქვს მოლოდინი, რომ 2045 წლისთვის რუტინული მოლეკულური დიაგნოსტიკა დაინერგება, ხოლო „ნაწლავი-თავის ტვინი-საკვერცხის“ ღერძი გაცილებით სიღრმისეულად შეისწავლება. აღნიშნული პათოლოგიის არსის უკეთ გააზრების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება ცხოვრების ადრეულ ეტაპზევე, კერძოდ პუბერტატამდელ ან გესტაციის პერიოდში, ეფექტური თერაპიული ფანჯრების გამოვლენა. ეს კი PMOS-ის სიმპტომების მართვიდან დაავადების სრულ პრევენციაზე გადასვლის შესაძლებლობას მოგვცემს.

აღნიშნული პარადიგმული ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ანდროგენების სიჭარბით გამოწვეული ისეთი სიმპტომების მართვა, როგორიცაა ჰირსუტიზმი, აკნე და ალოპეცია, კულტურული კონტექსტის მიუხედავად, ახალგაზრდა ქალებისთვის ურთულეს გამოწვევას წარმოადგენს. ამ ეტაპზე, ხსენებული პრობლემების თერაპიული მართვის შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, პრევენციულ სტრატეგიებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. თუკი ინტერვენციას ამ სტრესული კლინიკური მახასიათებლების გამოვლენამდე მოვახერხებთ, პაციენტთა ცხოვრების ხარისხს რადიკალურად შევცვლით. მაქვს მყარი საფუძველი ვიფიქრო, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში ამ მიზანს მივაღწევთ.

თქვენ მუშაობთ სიმსუქნის, მე-2 ტიპის დიაბეტისა და PMOS-ის თანაკვეთაზე – სამი მჭიდროდ დაკავშირებული მდგომარეობა, რომელთა პრევალენტობა გლობალურად შემაშფოთებელი ტემპით იზრდება. როგორ აფასებთ მათ შორის არსებულ ბიოლოგიურ კავშირს? არის თუ არა სიმსუქნე ამ მდგომარეობათა მთავარი მამოძრავებელი ძალა, თუ საქმე გვაქვს უფრო ფართო მეტაბოლურ დისფუნქციასთან?

ხშირად აღვნიშნავ, რომ თუ სიმსუქნე და მეორე ტიპის დიაბეტი მეტაბოლური პათოლოგიების ოჯახში ტყუპი ძმები არიან, მაშინ PMOS მათი უმცროსი დაა. ეს მდგომარეობები ერთმანეთისგან სრულიად განუყოფელია. კლინიკური მონაცემების ანალიზისას, მათ შორის არსებული ორმხრივი კავშირი მკაფიოდ გამოიკვეთა. სიმსუქნე, ცხადია, ზრდის PMOS-ის გავრცელებასა და სიმძიმეს, თუმცა, მეორე მხრივ, თავად PMOS ქალებს წონის მატებისადმი გაცილებით მიდრეკილს ხდის. 

მაშინაც კი, როდესაც PMOS-ის მქონე პაციენტებს ნორმალური წონა აღენიშნებათ, ინსულინრეზისტენტობისა და დიაბეტის განვითარების რისკი მაინც გაზრდილია. ვინაიდან ეს დარღვევები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, კლინიკურ პრაქტიკაში ჰოლისტური მიდგომა უნდა გამოვიყენოთ. თუ პაციენტს ერთ-ერთი მათგანი აღმოაჩნდა, დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ შესაბამისი კითხვების დასმა დანარჩენი მდგომარეობების სკრინინგისთვის.

GLP-1 და ორმაგი ინკრეტინული თერაპია სიმსუქნისა და დიაბეტის მართვის პრაქტიკას უკვე ცვლის. ადრეული მონაცემები მიანიშნებს, რომ მათ შესაძლოა PMOS-ის დროს ინსულინრეზისტენტობა, ანდროგენების სიჭარბე და ოვულატორული ფუნქციაც გააუმჯობესონ, თუმცა აღნიშნული პრეპარატები სპეციალურად ამ ჩვენებისთვის ჯერ დამტკიცებული არ არის. თქვენი აზრით, რა ეტაპზე იმყოფება დღეს ამ აგენტების კვლევა და შედეგების რა კომბინაცია იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მათი როლის შესაფასებლად?

ეს კვლევის მართლაც პერსპექტიული მიმართულებაა. ჩვენი ჯგუფი ამ სფეროში ათ წელზე მეტია მუშაობს და PMOS-ის პათოფიზიოლოგიაში ინკრეტინების როლს შეისწავლის. თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ GLP-1-ზე დაფუძნებულ და ორმაგი ინკრეტინული მოქმედების თერაპიებს ამ დარღვევის მქონე ქალებში კლინიკური ვითარების რადიკალურად შეცვლა შეუძლია. 2023 წლის საერთაშორისო გაიდლაინის შემუშავებისას, PMOS-თან დაკავშირებული მონაცემები ფორმალური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების გამოსაქვეყნებლად მეტისმეტად შეზღუდული იყო. შესაბამისად, ჩვენ ზოგადი პოპულაციისთვის განკუთვნილ გაიდლაინებს დავეყრდენით. თუმცა, დარგობრივი ლანდშაფტი სწრაფად იცვლება. 

ბოლო წლებში ახალი მონაცემების მნიშვნელოვანი ნაკადი გამოიკვეთა და პარალელურად მასშტაბური კვლევებიც მიმდინარეობს. ეს ყველაფერი „ნაწლავი-თავის ტვინი-საკვერცხის“ ღერძს თერაპიული ჩარევის პრიორიტეტულ სამიზნედ აქცევს. მაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში აღნიშნულ პრეპარატებს სინდრომისთვის სპეციფიკური ჩვენებები მიენიჭება.

შეგვიძლია დაწვრილებით განვიხილოთ კლინიკური მიღწევები და ახალი თერაპიული აგენტები, თუმცა მედიცინა, საბოლოო ჯამში, ერთ ფუნდამენტურ გამოწვევამდე დადის: რეალურად რამდენად მიუწვდებათ პაციენტებს ხელი ადეკვატურ მკურნალობაზე? თქვენი საქმიანობა ქრონიკული მდგომარეობების დროს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხებსაც მოიცავს – თქვენი აზრით, რა არის ამ მიმართულებით ყველაზე ეფექტური სტრატეგიები, განსაკუთრებით PMOS-ის კონტექსტში ?

ნებისმიერ თერაპიულ სფეროში ახალი პრეპარატის ბაზარზე შემოსვლა, თავდაპირველად, მაღალ ფასთან არის დაკავშირებული, რაც წამლის კვლევისა და განვითარებისთვის საჭირო მასშტაბურ ინვესტიციებს ასახავს. დროთა განმავლობაში, იმავე კლასის ალტერნატივების გაჩენასთან ერთად, კონკურენცია მკურნალობის ხელმისაწვდომობას აფართოებს. თუმცა, მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ პაციენტები ამ ცვლილებებს დამოუკიდებლად ვერ მართავენ. პროგრესი მოითხოვს, ერთი მხრივ, მკაცრ მეცნიერულ მტკიცებულებებს, რომლებიც კონკრეტულ მდგომარეობაში მედიკამენტის ეფექტურობას დაადასტურებს, და მეორე მხრივ – მდგრად ადვოკატირებას, რათა პოლიტიკის შემქმნელები საჭირო გადაწყვეტილებების მისაღებად დავარწმუნოთ. ეს პროცესი გლობალურად რთული გამოწვევაა.

PMOS-ის შემთხვევაში ეს მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავეა. თუ გადავხედავთ ჩვენ მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო მითითებებს და შევადარებთ მათში რეკომენდებული ნებისმიერი პრეპარატის ინსტრუქციას, ვნახავთ, რომ არსად გვხვდება ტერმინი „PCOS“. ამ მდგომარეობის მართვისას გამოყენებული არცერთი მედიკამენტი არის ოფიციალურად აპრობირებული სწორედ PMOS-ისთვის. ეს თვალშისაცემი ხარვეზია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული სტრატეგიების გადაუდებელ საჭიროებას PMOS-ით დაავადებულ პაციენტთა გრძელვადიანი მკურნალობისთვის.



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები