მსოფლიოში პირველად: სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლის ინოვაციური თერაპია პაციენტზე გამოსცადეს

გააზიარე

58 წლის ტრეისი ტომლინსონი გახდა პირველი პაციენტი მსოფლიოში, რომელმაც შორსწასული საკვერცხის კიბოს სამკურნალოდ სრულიად ახალი, ექსპერიმენტული თერაპია მიიღო. თერაპია სახელწოდებით ZI-MA4-1 მას მანჩესტერში მდებარე კლინიკა Christie NHS Foundation Trust-ში ჩაუტარდა. ეს ინოვაციური კლინიკური კვლევა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სახის ონკოლოგიური დაავადების, მათ შორის ფილტვისა და თავისა და კისრის კიბოს მკურნალობის ეფექტურობას იკვლევს, ახალ შესაძლებლობას აჩენს იმ პაციენტებისთვის, რომელთაც გადარჩენის სხვა ალტერნატივა თითქმის აღარ დარჩათ.

ახალი თერაპია კიბოსთან საბრძოლველად ორ უძლიერეს მეთოდს აერთიანებს. თავდაპირველად ის იყენებს ორგანიზმის ბუნებრივ მკვლელ უჯრედებს, რომლებიც ანომალიური წარმონაქმნების გასანადგურებლად არიან სპეციალიზებულნი. ამასთან ერთად, ამ უჯრედებზე არსებული T-უჯრედების რეცეპტორები სპეციალურად არის ინჟინერირებული იმისათვის, რომ ზუსტად ამოიცნონ და შეუტიონ იმ სიმსივნეებს, რომლებიც ცილა Mage-A4-ს გამოიმუშავებენ, რაც სპეციალისტების შეფასებით, კიბოს უჯრედების გასანადგურებლად იდეალურ სამიზნეს წარმოადგენს.

სხვა პერსონალიზებული მკურნალობის მეთოდებისგან განსხვავებით, ZI-MA4-1 წარმოადგენს მზა თერაპიას, რომელიც დონორის იმუნურ უჯრედებს იყენებს. იმის ნაცვლად, რომ მედიკამენტი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად დამზადდეს, ის დონორის უჯრედებისგან წინასწარ იქმნება და ერთი საწარმოო პარტიიდან ასობით დოზის მიღებაა შესაძლებელი. ექიმების განმარტებით, ეს მიდგომა უჯრედულ თერაპიას ბევრად უფრო ხელმისაწვდომს, სწრაფსა და იაფს გახდის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიმსივნის აგრესიული ფორმების მქონე ადამიანებისთვის.

ტრეისი ტომლინსონს დაავადების დიაგნოზი 2020 წელს დაუსვეს და მას შემდეგ მან მრავალი ქირურგიული ჩარევა თუ ქიმიოთერაპიის კურსი გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება ორჯერ დაამარცხეს, სიმსივნე მაინც ბრუნდებოდა და მკურნალობის შეწყვეტისთანავე ორგანიზმში ვრცელდებოდა. ნორვეგიული კომპანია Zelluna-ს მიერ შექმნილი პრეპარატის კლინიკურ კვლევაში ჩართვა კი მრავალწლიანი ლაბორატორიული კვლევების კლინიკურ პრაქტიკაში გადატანის უმნიშვნელოვანესი ეტაპია და ექსპერტების ვარაუდით, ის ონკოლოგიური დაავადებების მართვის სტანდარტებს მნიშვნელოვნად შეცვლის.

წყარო: Sky News

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები