ბოლო 50 წლის განმავლობაში მამაკაცებში ტესტოსტერონის საშუალო დონე 54%-ით შემცირდა — ნათქვამია კვლევაში, რომელიც ლონდონში, ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპული საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე წარადგინეს. მეცნიერები აცხადებენ, რომ კაცობრიობა მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერიოზული კრიზისის წინაშე დგას.
მეტა-ანალიზი აერთიანებს 1972-დან 2019 წლამდე ჩატარებულ 6 მასშტაბურ კვლევას, რომელშიც მონაწილეობას აშშ-ის, ისრაელის, ბრაზილიის, ფინეთისა და დანიის 118 000-ზე მეტი მოქალაქე იღებდა. მონაცემების მიხედვით, ჰორმონის კლება ყოველწლიურად საშუალოდ 1%-ს შეადგენს, ხოლო პროცესი განსაკუთრებით 2000 წლის შემდეგ დაჩქარდა.
ებრაული უნივერსიტეტის პროფესორის, ჰაგაი ლევინის განცხადებით, ეს არ არის სტატისტიკური შეცდომა, არამედ ძალიან მკაფიო ტენდენციაა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ ვარდნის მინიმუმ მეოთხედს ან ნახევარს სიმსუქნისა და დიაბეტის მზარდი მაჩვენებლები განაპირობებს — ზედმეტი ცხიმი ორგანიზმში ტესტოსტერონის ესტროგენად (ქალის ჰორმონად) გარდაქმნას უწყობს ხელს. კლების სხვა სავარაუდო მიზეზებად გარემო ფაქტორები, მათ შორის გლობალური დათბობა და საყოფაცხოვრებო ნივთებში არსებული ქიმიური ნივთიერებები სახელდება, რომლებიც ენდოკრინულ სისტემას აზიანებენ.
სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ სოციალურ ქსელებში პოპულარული ტესტოსტერონის დანამატების (სუპლემენტების) თვითნებური მიღებისგან. მათი განმარტებით, ხელოვნური ტესტოსტერონის მიღება ხშირად საპირისპირო ეფექტს იწვევს და ორგანიზმში სპერმის გამომუშავებას სრულად თიშავს.
წყარო: The Guardian

