კაცობრიობის მიერ კოსმოსური სივრცის ათვისების პროცესი ახალ, ინკლუზიურ და ტექნოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის. ბრიტანელი პარაოლიმპიელი, ორთოპედი ქირურგი და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ასტრონავტთა რეზერვის წევრი, ჯონ მაკფოლი, შესაძლოა გახდეს ისტორიაში პირველი შშმ პირი, რომელიც დედამიწის ორბიტაზე გაემგზავრება. ეს შესაძლებლობა მას შემდეგ გახდა რეალური, რაც გაერთიანებული სამეფოს კოსმოსურმა სააგენტომ სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ამერიკულ კომპანია Vast-თან, რომელიც კომერციული კოსმოსური სადგურის, Haven-1-ის, განვითარებასა და ექსპლუატაციას ახორციელებს.
ჯონ მაკფოლის ისტორია ინსპირაციული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება პირადი ტრავმა მეცნიერული ცნობისმოყვარეობის მამოძრავებელ ძალად იქცეს. 19 წლის ასაკში, მოტოციკლის ავარიის გამო ქვედა კიდურის ამპუტაციის შემდეგ, მაკფოლმა არა მხოლოდ პარაოლიმპიურ სპორტში მიაღწია წარმატებებს და 2008 წლის პეკინის პარაოლიმპიურ თამაშებზე 100-მეტრიან სპრინტში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, არამედ წარმატებით დაეუფლა ორთოპედიული ქირურგის სპეციალობას და ამავე სფეროში განაგრძო პროფესიული კარიერა.
2022 წელს მან ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ ინიცირებულ პროექტში Fly! გაიმარჯვა, რომლის მიზანს ხანგრძლივ კოსმოსურ მისიებში შშმ ასტრონავტების მონაწილეობისა და ადაპტაციის შესაძლებლობების შეფასება წარმოადგენდა. ჩატარებულმა სამედიცინო და ტექნიკურმა შეფასებებმა დაადასტურა, რომ მაკფოლი აკმაყოფილებს ორბიტაზე საქმიანობისთვის აუცილებელ მოთხოვნებს და შეუძლია სრულფასოვნად შეასრულოს ასტრონავტის ფუნქციები.
ორკვირიანი მისია, რომლის გაშვებაც 2027 წლისთვის იგეგმება წარმოადგენს უნიკალურ სამედიცინო ექსპერიმენტს, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდება მიკროგრავიტაციის გავლენაზე როგორც ადამიანის ორგანიზმზე, ისე ბიომექანიკურ პროთეზულ სისტემებზე. თანამედროვე ბიონიკური პროთეზები აღჭურვილია სენსორებითა და მიკროპროცესორებით, რომელთა ფუნქციონირებაზე კოსმოსურმა გარემომ, მათ შორის მიკროგრავიტაციამ და კოსმოსურმა რადიაციამ, შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. კვლევის შედეგები საფუძველს შექმნის უფრო მსუბუქი, ადაპტირებადი და ფუნქციურად ეფექტიანი პროთეზების განვითარებისთვის.
გარდა ამისა, კვლევა გააფართოებს ცოდნას ძვლის მინერალური სიმკვრივის ცვლილებების, კუნთოვანი ატროფიისა და ნეირომუსკულური ადაპტაციის მექანიზმების შესახებ. ცნობილია, რომ მიკროგრავიტაციის პირობებში განვითარებული ფიზიოლოგიური ცვლილებები ძალიან ჰგავს ისეთ პათოლოგიურ მდგომარეობებს, როგორიცაა ოსტეოპოროზი და ხანგრძლივი უმოძრაობით გამოწვეული კუნთოვანი სისუსტე. შესაბამისად, მიღებულმა შედეგებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეაბილიტაციის ახალი მეთოდებისა და თერაპიული სტრატეგიების შემუშავებაში.
შეჯამების სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ ჯონ მაკფოლის მისია ამსხვრევს არსებულ სტერეოტიპებს შშმ პირებზე და ცხადყოფს, რომ ტექნოლოგიური პროგრესი და ადამიანური ნებისყოფა ახალი შესაძლებლობების საზღვრებს აფართოებს. აღნიშნული ნაბიჯი არ წარმოადგენს მხოლოდ კოსმოსური მისიების ცალკეულ ეპიზოდს — ეს არის მანიფესტი იმისა, რომ მომავლის კოსმოსური კვლევები თავისი არსით ჰუმანური და ინკლუზიური უნდა იყოს. სამეცნიერო საზოგადოებისთვის კი ეს პრეცენტენტი იქნება ტრანსფორმაციული გამოცდილება, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოებს მომავალთან, სადაც ფიზიკური შესაძლებლობები აღარ განსაზღვრავს ინდივიდის მიზნებს, არამედ — მხოლოდ ხედვა და მისწრაფებები.
წყარო: theguardian.com

