ორსულობისას აცეტამინოფენის მიღებასა და აუტიზმს შორის კავშირი არ არსებობს: ახალი კვლევა

გააზიარე

ორსულობის პერიოდში აცეტამინოფენის (აშშ-ში ცნობილი ბრენდული სახელით „ტილენოლი“) გამოყენება არ ახდენს გავლენას ბავშვებში აუტიზმის დიაგნოზის სიხშირეზე. ამის შესახებ ნათქვამია დანიაში ჩატარებულ მასშტაბურ კვლევაში, რომელიც სამედიცინო ჟურნალ JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნდა.

კვლევამ, რომელიც დანიის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის მონაცემებს ეყრდნობოდა, 1997-2022 წლებში დაბადებული 1.5 მილიონზე მეტი ბავშვის მონაცემები გააანალიზა. შედეგების მიხედვით, აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს იმ ბავშვების 1.8%-ს, რომელთა დედებიც ორსულობისას „ტილენოლს“ იღებდნენ, მაშინ როცა იმავე დიაგნოზის მაჩვენებელი 3% იყო მათ შორის, ვისაც მედიკამენტთან შეხება არ ჰქონია.

აღნიშნული საკითხი აშშ-ში განსაკუთრებით აქტუალური ტრამპის განცხადებების შემდეგ გახდა, რომლის მიხედვითაც „ტილენოლის“ გამოყენება აუტიზმის გამომწვევი ერთ-ერთ მთავარი მიზეზია. დონალდ ტრამპმა არაერთხელ მოუწოდა ორსულებს თავი შეიკავონ ამ პრეპარატის მიღებისგან.

ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ამ განცხადებების შემდეგ, საავადმყოფოების გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში ორსულებისთვის „ტილენოლის“ გამოწერის მაჩვენებელი 16%-ით შემცირდა. ექიმები შიშობენ, რომ მსგავსი რიტორიკა უარყოფითად აისახება პაციენტების ქცევაზე, რადგან აცეტამინოფენი ორსულობისას ტკივილისა და სიცხის მართვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საშუალებად მიიჩნევა.

რა არგუმენტები აქვთ მეცნიერებს?

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ აუტიზმი ძირითადად გენეტიკური ფაქტორებით არის განპირობებული. მსგავსმა კვლევამ შვედეთში (2024 წ.) ასევე აჩვენა, რომ მცირე კავშირი, რომელიც თავდაპირველად შეინიშნებოდა, სრულად გაქრა მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა მხედველობაში მიიღეს ოჯახური ანამნეზი და დედმამიშვილების მონაცემები.

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მკვლევარი, ჯერემი ფაუსტი განმარტავს, რომ „ტილენოლი“ რჩება საუკეთესო არჩევანად ორსულთათვის, რადგან სხვა ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა, მაგალითად, იბუპროფენი, ხშირად არ არის რეკომენდებული სისხლდენისა და პლაცენტასთან დაკავშირებული რისკების გამო.

ექსპერტების დასკვნით, გაუმართლებელმა შიშმა შესაძლოა ორსულები აიძულოს, საერთოდ უარი თქვან მკურნალობაზე, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობას.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები