ამერიკის შეერთებული შტატების 31 შტატში ნაწლავური ინფექციის, ციკლოსპორიაზის (Cyclosporiasis) მასშტაბური გავრცელება დაფიქსირდა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ოფიციალური მონაცემებით, ლაბორატორიულად უკვე დადასტურებულია 843 შემთხვევა, თუმცა რეალური ციფრი გაცილებით მაღალია — მხოლოდ მიჩიგანის შტატი 1 500-ზე მეტ სავარაუდო შემთხვევაზე იტყობინება.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ჰოსპიტალიზებულია 86 პაციენტი, ფატალური შემთხვევა კი არ დაფიქსირებულა. ეპიდემიოლოგები ინფექციის ზუსტ წყაროს ჯერჯერობით კვლავ ეძებენ, თუმცა ცნობილია, რომ აღნიშნული დაავადება, რომელსაც პარაზიტი Cyclospora იწვევს, ადამიანის ორგანიზმში დაბინძურებული საკვებითა და წყლით ხვდება. წინა წლების ეპიდაფეთქებები, როგორც წესი, იმპორტირებულ ნედლ პროდუქტებს — ჟოლოს, რეჰანს, ქინძს, მწვანე ბარდასა და სალათის ფოთლებს უკავშირდებოდა.
დაავადება იწვევს მწვავე ფაღარათს, გულისრევას, ორგანიზმის მკვეთრ გაუწყლოებასა და ძლიერ დაღლილობას. სიმპტომები ინფიცირებიდან 2-დან 14 დღემდე შუალედში იჩენს თავს.
სპეციალისტების განცხადებით, ინფექციის პრევენციის საუკეთესო გზა პროდუქტის თერმული დამუშავებაა, რადგან მინიმუმ 70°C-მდე (158°F) გაცხელება პარაზიტს სრულად კლავს. ამასთან, აუცილებელია ახალი ხილის, ბოსტნეულისა და მწვანილის ზედმიწევნით კარგად გარეცხვა, თუმცა ექსპერტები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ამ კონკრეტული პარაზიტის მხოლოდ წყლით ჩამორეცხვა საკმაოდ რთულია.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ციკლოსპორიაზი წარმატებით იკურნება ანტიბიოტიკებით. მწვავე ფორმებისა და გაუწყლოების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში კი პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.
წყარო: NPR

