ადამიანების უმეტესობა საკუთარ ჯანმრთელობას წელიწადში ერთხელ, გეგმური სამედიცინო შემოწმებისას აფასებს, რაც ორგანიზმის მდგომარეობის მხოლოდ სტატიკურ სურათს გვიჩვენებს. თუმცა, სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის (NUS Medicine) ახალი კვლევა, რომლის ფარგლებშიც პროფესორმა დინ ჰომ (Dean Ho) ექსპერიმენტი საკუთარ თავზე ჩაატარა, ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის შესახებ ჩვენს ტრადიციულ აღქმას სრულად ცვლის.
კვლევა, სახელწოდებით DELTA, ეფუძნება იდეას, რომ თითოეულ ადამიანს საკუთარი ბიოლოგიური საბაზისო მაჩვენებელი აქვს, რომელიც ასაკის, სტრესის, ძილის, კვებისა და ვარჯიშის მიხედვით მუდმივად იცვლება. რეალურ დროში ფიზიოლოგიურ ცვლილებებზე დასაკვირვებლად, 47 წლის პროფესორმა ყოველდღიური ცხოვრების სტილი რადიკალურად შეცვალა. მისი რეჟიმი მოიცავდა დღეში დაახლოებით 20-საათიან შიმშილს (Fasting), პერიოდულ 48-საათიან შიმშილს, ყოველ დილით 90-წუთიან ძალისმიერ ან კარდიო ვარჯიშსა და ხმელთაშუა ზღვის სტილის დიეტას (მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, თესლეული, ზეითუნის ზეთი, მჭლე ცილა). სასმელებიდან დაშვებული იყო მხოლოდ წყალი, ელექტროლიტები, შავი ყავა და ჩაი უშაქროდ.
ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სპეციალურად ამ კვლევისთვის შექმნილმა ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემამ პროფესორის ბიოლოგიური ასაკი 32 წლით განსაზღვრა, რაც მის რეალურ ასაკზე 15 წლით ნაკლებია. განსხვავებით ტრადიციული მეთოდებისგან, რომლებიც ბიოლოგიურ ასაკს ერთჯერადი ანალიზებით ადგენენ, AI სისტემა სტრესზე ორგანიზმის მოლეკულურ და ფიზიოლოგიურ პასუხს (ბიოლოგიურ გამძლეობას) უწყვეტად, რეალურ დროში ზომავდა.
ცხოვრების სტილის ცვლილებამ პროფესორის ორგანიზმში სხვა მნიშვნელოვანი გაუმჯობესებებიც გამოიწვია. მაგალითად, მისი მეტაბოლური გადართვის (ორგანიზმის მიერ ენერგიის წყაროდ შაქრიდან ცხიმზე გადასვლის) დრო 24-დან 16.5 საათამდე შემცირდა, მაშინ როცა მისი ასაკის ადამიანებისთვის ამ პროცესს საშუალოდ 36-72 საათი სჭირდება. გარდა ამისა, მოსვენების მდგომარეობაში გულისცემის სიხშირე (Resting heart rate) 65-დან 46 დარტყმამდე (bpm) დაეცა, ძილის ხანგრძლივობა 5-დან 8 საათამდე გაიზარდა, ხოლო ნაწლავის მიკრობიომის ჯანმრთელობაც საგრძნობლად გაუმჯობესდა.
„ეს კვლევა იმიტომ დავიწყეთ, რომ გაგვეგო, რა ხდება ყოველწლიურ სამედიცინო შემოწმებებს შორის. ჩვენი მიზანია, სტატიკური მარკერების მიღმა გავიხედოთ და ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებს და იცვლება სხეული რეალურ დროში. ჯანმრთელობა არის უწყვეტი ისტორია და არა მხოლოდ ერთი ფოტოსურათი“, — აცხადებს პროფესორი დინ ჰო.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ DELTA ადამიანებს დაეხმარება, უარი თქვან უნივერსალურ, შაბლონურ რუტინებზე და საკუთარი ჯანმრთელობის უწყვეტ მონაცემებზე დაყრდნობით, ცხოვრების სტილი ინდივიდუალურად და მიზანმიმართულად შეცვალონ.
წყარო: MedicalXpress

