ტრამპის ადმინისტრაციის ახალი წესი: სახელმწიფო სექტორში მომუშავე მეცნიერების გათავისუფლება მარტივდება

გააზიარე

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ახალ წესზე მუშაობა დაასრულა, რომელიც სამთავრობო სექტორში მომუშავე პირების, მათ შორის მეცნიერების, სამსახურიდან გათავისუფლებას გაამარტივებს.

5 თებერვალს კადრების მართვის სამსახურმა (OPM) საჯარო მოხელეთა ახალი კატეგორია შემოიღო – „პოლიტიკა/კარიერა“ (Policy/Career), რომელიც იმ თანამშრომლებს ეხება, ვინც სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაში უშუალოდ მონაწილეობს.

ამ ცვლილების შედეგად, მოხელეები აქამდე არსებულ მყარ სამართლებრივ გარანტიებს კარგავენ, რაც მათ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებისგან იცავდა. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებისთვის ამ კადრების დათხოვნა ბევრად უფრო მარტივი ხდება, თუკი მათი საქმიანობა ან ხედვები პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკურ კურსს არ დაემთხვევა.

ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეთა შეფასებით, ეს სტატუსი დამოუკიდებელ პროფესიონალსა და პოლიტიკურ ფიგურას შორის ზღვარს შლის, რადგან ნებისმიერი სპეციალისტი, ვისი სამეცნიერო თუ ექსპერტული დასკვნაც ადმინისტრაციის კურსს დაუპირისპირდება, შესაძლოა, ისევე მარტივად გათავისუფლდეს, როგორც ადმინისტრაციის პოლიტიკური გუნდის წევრი.

OPM-ის პროგნოზით, რეფორმის შედეგად გადაკვალიფიცირდება დაახლოებით 50 000 ფედერალური მოხელე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ისეთ უწყებებს, როგორიცაა, მაგალითად, მეცნიერების ეროვნული ფონდი (NSF) და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი (NIH), სადაც ახალ კატეგორიაში შესაძლოა მოხვდნენ სამეცნიერო გრანტების გაცემაზე პასუხისმგებელი პირებიც.

ადმინისტრაციის განმარტებით, ამ ნაბიჯით იმის ალბათობა მცირდება, რომ ჩინოვნიკებმა საკუთარი გავლენები თვითნებურად, ადმინისტრაციის პოლიტიკური კურსის საწინააღმდეგოდ გამოიყენონ, რაც სისტემას უფრო გამჭვირვალეს, მართვადს და საზოგადოებრივ საჭიროებებზე ორიენტირებულს გახდის.

სამეცნიერო საზოგადოება და პროფესიული კავშირები ამ გადაწყვეტილებას მეცნიერებაში პოლიტიკურ ჩარევად აფასებენ. ოპონენტების აზრით, ეს პროცესი გააჩუმებს კრიტიკულად განწყობილ კადრებს და კომპეტენტურ პროფესიონალებს პოლიტიკურად ლოიალური კადრებით ჩაანაცვლებს.

წესი ძალაში მარტის დასაწყისიდან შევა. მეცნიერები შიშობენ, რომ გრანტების გაცემისა და სამეცნიერო ექსპერტიზის გათანაბრება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან ობიექტურ შეფასებასა და პოლიტიკურ პროპაგანდას შორის ზღვარს წაშლის, რაც ამერიკული მეცნიერების ფუნდამენტურ პრინციპებს საფრთხეს შეუქმნის.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები