სხვა პროფესიებთან შედარებით, რადიაციასთან დაკავშირებული სიმსივნით სიკვდილიანობა პილოტებსა და ბორტგამცილებლებში ყველაზე მაღალია

გააზიარე

ჟურნალ JAMA Internal Medicine-ში გამოქვეყნებული ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ახალი კვლევის მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ 500-ზე მეტ პროფესიას შორის, პილოტებსა და ბორტგამცილებლებში რადიაციასთან დაკავშირებული სიმსივნით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. მკვლევრების განმარტებით, აღნიშნული ტენდენციის მთავარი მიზეზი დიდ სიმაღლეზე ფრენისას კოსმოსური გამოსხივების (რადიაციის) მაღალი დონეა.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 2020-დან 2024 წლამდე პერიოდის 13 მილიონამდე გარდაცვალების მოწმობა გააანალიზეს (მონაცემების კორექტირება მოხდა ასაკის, სქესის, გენეტიკისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით). შესწავლილი მონაცემები 503 სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელს მოიცავდა, მათ შორის 14 000 პილოტსა და 7 000 ბორტგამცილებელს. ანალიზმა აჩვენა, რომ ბორტგამცილებლების გარდაცვალების შემთხვევათა 6.9% და პილოტების გარდაცვალების 6.7% უშუალოდ რადიაციასთან დაკავშირებულ სიმსივნეებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით პილოტებმა და ბორტგამცილებლებმა ბირთვული ტექნოლოგიების სპეციალისტებსაც კი გადაუსწრეს (რომლებიც სიაში მხოლოდ მე-12 ადგილზე არიან).

კონკრეტული ონკოლოგიური დაავადებების ანალიზმა ცხადყო, რომ პილოტებსა და ბორტგამცილებლებში სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალია ძუძუს, ცენტრალური ნერვული სისტემის, პროსტატის კიბოსა და მელანომით გამოწვეული სიკვდილიანობა. დამატებით, პილოტების შემთხვევაში უფრო ხშირად ფიქსირდება ლეიკემიით ფატალური გამოსავალიც.

ცნობისთვის, პილოტები და ბორტგამცილებლები წლიურად საშუალოდ 3-დან 6 მილიზივერტამდე (mSv) კოსმოსურ რადიაციას იღებენ, რაც ბევრად აღემატება ჩვეულებრივი მგზავრის მაჩვენებელს (რომელიც წელიწადში 10 ფრენის პირობებში დაახლოებით 0.4 მილიზივერტს შეადგენს). მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) ეკიპაჟის წევრებს მაიონებელი გამოსხივების რისკ-ჯგუფად აღიარებს, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მათზე რადიაციის დოზის შეზღუდვისა და მონიტორინგის მკაცრი ფედერალური მოთხოვნები არ ვრცელდება. შესაბამისად, კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ ეკიპაჟის წევრებისთვის პროფესიული რადიაციული დაცვის სტანდარტების გადახედვის აუცილებლობას, რათა ის მათი ექსპოზიციის რეალურ დონეს შეესაბამებოდეს.

წყარო: JAMA

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები