ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს 99.7%-ს. ავსტრალიის მიერ 2007 წელს დაწყებულმა საყოველთაო, უფასო ვაქცინაციის პროგრამამ მკვეთრად შეამცირა მაღალი რისკის ონკოგენური HPV 16/18 ტიპების გავრცელება ახალგაზრდებში: ინფიცირების დონე დაეცა 20%-დან 1%-მდე. ეს უდავოდ ადასტურებს, რომ ვაქცინები მომაკვდინებელი დაავადების წინააღმდეგ სწრაფად და ეფექტურად მოქმედებს.
ეს კვლევა, რომელიც წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის პროგრესის 2025 წლის ანგარიშის შემადგენელ ნაწილს, დეტალურად აკვირდება ავსტრალიის ეროვნულ სტრატეგიას HPV ვაქცინაციისა და სკრინინგის კუთხით.
კვლევამ დააფიქსირა უპრეცედენტო, ისტორიული გამარჯვება: 2021 წელს 25 წლამდე ასაკის ქალთა პოპულაციაში აღინიშნა საშვილოსნოს ყელის კიბოს ნულოვანი ინციდენტობა. ეს მაჩვენებელი ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა 1982 წლის შემდეგ.
გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით კიბოს საერთო ინციდენტობა (ახალი შემთხვევების სიხშირე) შემცირდა 6.6-დან (2020 წ.) 6.3-მდე (100,000 მოსახლეზე) 2021 წელს. ეს შედეგი მნიშვნელოვნად უახლოვდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დადგენილ 2030 წლის ელიმინაციის სამიზნეს, რომელიც 4-ზე ნაკლებ შემთხვევას ისახავს მიზნად.
ვაქცინაციის ეფექტი ონკოგენურ HPV-ზე
HPV ვაქცინაციის პროგრამამ რადიკალური ცვლილება გამოიწვია მაღალი რისკის ონკოგენური ტიპების გავრცელებაში:
HPV 16/18 ტიპების გავრცელება 25–74 წლის ქალებში ახლა მხოლოდ 1.4%-ს შეადგენს (2024 წ.), რაც 28.4%-ით არის შემცირებული პირველ სკრინინგთან შედარებით.
25-29 წლის ქალებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია – 1.0%.
ანალოგიური, 32.6% კლება დაფიქსირდა ადგილობრივ (Indigenous) ქალებს შორისაც, რაც ხაზს უსვამს პროგრამის თანაბარ ეფექტურობას.
ეს მონაცემები ნათლად ადასტურებს ვაქცინაციის პროგრამის სწრაფ, მასშტაბურ და დამცავ ეფექტს.
პროგრამა 2007 წელს დაიწყო და მოიცავდა უფასო ვაქცინაციას 12-17 წლის გოგონებისთვის, რომელიც მოგვიანებით 27+ წლის ასაკამდე გაფართოვდა. ვაჟები სკოლის პროგრამით ვაქცინაციის სქემას 2013 წელს შეუერთდნენ. ამჟამად გამოყენებული ცხრა კომპონენტიანი ვაქცინა (ნონავალენტური) ფარავს საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების დაახლოებით 70%-ს (HPV 16/18 ტიპების ჩათვლით, რომლებიც მთავარი ონკოგენური ფაქტორებია).
მიღწეული წარმატებების მიუხედავად, დაფიქსირდა საგანგაშო რეგრესიც ვაქცინაციის პროგრამაში:
ვაქცინაციის მოცვის კლება: 15 წლის გოგონებში ვაქცინაციით მოცვა 81.1%-მდე დაეცა (2024 წ.), რაც 3.1%-იანი კლებაა 2023 წელთან შედარებით (პიკი 85.7% იყო 2020 წელს). ბიჭებში ეს მაჩვენებელი 77.9% შეადგენს. მოცვის მაჩვენებლები განსაკუთრებით დაბალია ადგილობრივ პოპულაციასა და შორეულ რაიონებში.
მიზეზები: ეს კლება განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა პანდემიის გავლენა, სოციალურ-ეკონომიკური სირთულეები, ვაქცინისადმი უნდობლობა და სხვა. (ამ ფონზე აუცილებელია სასწრაფო რეაგირება WHO-ს 90%-იანი სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად)
ავსტრალია ლიდერობს და წარმოადგენს მოდელს გლობალური ელიმინაციისთვის, როგორც თანასწორობის უზრუნველყოფის, ისე მონაცემთა ეფექტური მართვის კუთხით. პროგრამის წარმატების შესანარჩუნებლად აუცილებელია:
მოცვის აღდგენა: ვაქცინაციით მოცვის კლების აღმოფხვრა სკოლის პროგრამებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით.
ეროვნული მიზნები: ეროვნული სტრატეგია ორიენტირებულია 90% სკრინინგისა და მკურნალობის მაჩვენებლის მიღწევაზე.

