ჰარვარდი სამედიცინო სკოლიდან ადამიანის ნეშტების მოპარვისა და გაყიდვის გამო $53 მილიონის კომპენსაციას გადაიხდის

გააზიარე

ჰარვარდის უნივერსიტეტი 53 მილიონ დოლარს გადაიხდის იმ სასამართლო დავების დასასრულებლად, რომლებიც სამედიცინო სკოლაში კვლევებისთვის შეწირული ადამიანების ნეშტების უკანონოდ მითვისებასა და გაყიდვას ეხება.

საქმის მთავარი ფიგურანტი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მორგის ყოფილი მენეჯერი, 58 წლის სედრიკ ლოჯია. ეროვნული მასშტაბით მოქმედი შავი ბაზრის სქემის ორგანიზებისთვის გასული წლის დეკემბერში მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურის ცნობით, 2018 წლიდან 2020 წლის მარტამდე პერიოდში, ლოჯი უნივერსიტეტისთვის შეწირული გვამებიდან ორგანოებს, კანს, ტვინსა და თავის ანატომირებულ ნაწილებს დამსაქმებლისა და დონორთა ოჯახების ნებართვის გარეშე იპარავდა. მოპარული ნეშტები მას ნიუ-ჰემფშირში, საკუთარ სახლში მიჰქონდა, საიდანაც მეუღლესთან, 65 წლის დენის ლოჯთან ერთად (რომელსაც 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯა) ამანათებით სხვადასხვა შტატში მყიდველებს უგზავნიდა.

შეთანხმების მიხედვით, ფულადი კომპენსაციის გარდა, ჰარვარდი დაზარალებული ოჯახებისთვის სპეციალურ ვებინარს გამართავს, სადაც ლოჯის ქმედებას სრულიად მიუღებლად აღიარებს და დონაციის პროგრამაში დანერგილ ახალ უსაფრთხოების წესებს წარადგენს. გარდა ამისა, 2027 წლიდან, დონორებისადმი პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ყოველწლიური სტიპენდია დაწესდება.

დაზარალებულმა ოჯახებმა ჰარვარდის წინააღმდეგ სარჩელების შეტანა 2023 წლის ზაფხულში, სედრიკ ლოჯისთვის ბრალის წაყენების შემდეგ დაიწყეს. ისინი უნივერსიტეტს დაუდევრობასა და მორალური ზიანის მიყენებაში ადანაშაულებდნენ. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის დეკანების განცხადებით, მიღწეული შეთანხმება უნივერსიტეტსა და მოსარჩელეებს ხანგრძლივი და დამღლელი სასამართლო პროცესების თავიდან აცილების საშუალებას მისცემს.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები