აშშ-ში როტავირუსის შემთხვევების რაოდენობა სწრაფად იზრდება

გააზიარე

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, ქვეყანაში როტავირუსის შემთხვევების საგანგაშო მატება ფიქსირდება. ინფექციის დონე განსაკუთრებით მაღალია დასავლეთ და შუა დასავლეთის შტატებში, რასაც მეცნიერები ჩამდინარე წყლების მონიტორინგითაც ადასტურებენ.

რატომ არის როტავირუსი სახიფათო?

როტავირუსი სეზონური ვირუსია, რომელიც ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის განსაკუთრებით საშიშია. მისი მთავარი მახასიათებელი შეუკავებელი ღებინება და დიარეაა (დღეში 20-ზე მეტი ეპიზოდი), რაც ორგანიზმის მომენტალურ გაუწყლოებას იწვევს.

ექიმების თქმით, მდგომარეობა ხშირად იმდენად სწრაფად მძიმდება, რომ ბავშვის სახლის პირობებში რეჰიდრატაცია (სითხის მიწოდება) შეუძლებელი ხდება და საჭიროა ჰოსპიტალიზაცია ინტრავენური (გადასხმის) თერაპიისთვის.

რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინაცია?

სპეციალისტების მთავარი საფიქრალი ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებაა, რის გამოც ბოლო რვა წლის განმავლობაში აშშ-ში აცრილი ბავშვების რაოდენობა 73.8%-მდე შემცირდა. არადა, სტატისტიკურად, ვაქცინირებული ბავშვების 90% დაცულია დაავადების მძიმე ფორმებისგან, CDC-ის შეფასებით კი, ეს ვაქცინა ყოველწლიურად 40,000-დან 50,000-მდე ბავშვის ჰოსპიტალიზაციას უშლის ხელს. პაციენტების უმეტესობა, რომლებიც ახლა კლინიკაში მძიმე მდგომარეობით ხვდებიან, ან საერთოდ აუცრელები არიან, ან ვაქცინაციის სრული კურსი ჯერ არ აქვთ დასრულებული.

სიტუაციას ართულებს ბოლოდროინდელი პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივანმა, რობერტ კენედი უმცროსმა, ბავშვთა იმუნიზაციის კალენდრიდან როტავირუსის ვაქცინის ამოღების ინიციატივა წამოაყენა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ეს პროცესი შეაჩერა, ექსპერტები შიშობენ, რომ მსგავსმა მესიჯებმა მშობლებში ვაქცინებისადმი უნდობლობა წაახალისა.

წყარო: NBC

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები