სამხრეთ დანიის უნივერსიტეტისა და ოდენსეს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მეცნიერების ახალი კვლევის თანახმად, აუტისტურ სპექტრზე მყოფ ზრდასრულებს ტვინში დოფამინის მეტი რეცეპტორი აქვთ, ვიდრე ნეიროტიპულ ადამიანებს. ჟურნალ European Journal of Nuclear Medicine and Molecular Imaging-ში გამოქვეყნებული ნაშრომი პირველია, რომელმაც აუტიზმთან დაკავშირებული ნეირობიოლოგიური მექანიზმების შესასწავლად ტვინის სკანირების სამი მოწინავე ტექნიკა გააერთიანა.
60 ზრდასრულ ადამიანზე ჩატარებული დაკვირვებისას მკვლევრებმა ერთდროულად შეისწავლეს ტვინის დოფამინური სისტემა, ენერგიის მოხმარება (გლუკოზის მეტაბოლიზმი) და ტვინის სხვადასხვა რეგიონს შორის კომუნიკაცია. აღმოჩნდა, რომ აუტისტურ სპექტრზე მყოფი ადამიანების ტვინის გარკვეულ ღრმა რეგიონებში ენერგიის გაზრდილი მოხმარება პირდაპირ კავშირშია დოფამინის რეცეპტორების დიდ რაოდენობასთან. გარდა ამისა, დოფამინის სისტემა მათ ტვინში რეგიონებს შორის კომუნიკაციაზე სრულიად განსხვავებულად მოქმედებს, ვიდრე ნეიროტიპული ადამიანების შემთხვევაში.
მეცნიერების განმარტებით, დოფამინი არის ნეირომედიატორი, რომელიც მოტივაციას, სწავლასა და მოძრაობას არეგულირებს. ახალი მიგნებები მიუთითებს, რომ ამ სისტემას აუტიზმში ბევრად უფრო ფუნდამენტური როლი აკისრია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. აღსანიშნავია, რომ დოფამინის სისტემა ცენტრალურ როლს თამაშობს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) დროსაც. შესაბამისად, ახალი მონაცემები ხსნის პერსპექტივას იმის გასაგებად, თუ რატომ იკვეთება ეს ორი მდგომარეობა ასე ხშირად ერთმანეთთან.
კვლევის წამყვანი ავტორი, ლაუსტ ვინდ კნუდსენი ხაზს უსვამს, რომ მიგნება არ ხსნის უშუალოდ აუტიზმის განვითარების მიზეზებს და არ გამოიყენება დიაგნოსტირებისთვის. მისი თქმით, კვლევის მიზანი ადამიანების „შეცვლა“ არ არის — მოწინავე ტექნოლოგიებით მიღებული მონაცემები მეცნიერებს ეხმარება, უკეთ გაიგონ ნეირომრავალფეროვნების ბიოლოგიური საფუძვლები, რათა საზოგადოებაში აუტისტურ სპექტრზე მყოფი პირებისთვის უკეთესი, უფრო გასაგები და ადაპტირებული გარემო შეიქმნას.
წყარო: European Journal of Nuclear Medicine and Molecular Imaging

