ახალი კვლევის თანახმად, მოზარდების მენტალური ჯანმრთელობისთვის მთავარი რისკ-ფაქტორი სოციალური მედიის ადრეულ ასაკში მოხმარებაა და არა უბრალოდ ის, აქვთ თუ არა მათ საკუთარი ანგარიში.
სიდნეის ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის (UNSW) მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც ავტორიტეტულ სამედიცინო გამოცემა JAMA Network Open-ში გამოქვეყნდა, 10-დან 15 წლამდე ასაკის 365 ავსტრალიელ მოზარდსა და მათ მშობლებს აერთიანებდა. შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებმაც სოციალურ ქსელებთან შეხება უფრო ადრეულ ასაკში დაიწყეს, შფოთვისა და დეპრესიის მეტი სიმპტომი აღენიშნებოდათ. მონაცემების მიხედვით, გამოკითხულთა 70%-ს სოციალური მედია უკვე გამოყენებული ჰქონდა, ხოლო ციფრულ სივრცეში მათი პირველი გამოჩენის საშუალო ასაკი 11 წელს შეადგენდა.
კვლევა 2025 წლის დეკემბერში, ავსტრალიაში 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვის კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩატარდა. კვლევის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორ სუზან შვაიცერის განმარტებით, მეცნიერებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ სოციალური მედიის მოხმარების დაწყების ასაკი მენტალური ჯანმრთელობისთვის ბევრად უფრო კრიტიკული ფაქტორია, ვიდრე პლატფორმაზე უბრალოდ დარეგისტრირება. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ სოციალური მედიის მოხმარების რაც შეიძლება გვიან დაწყება საკმაოდ პერსპექტიული მიდგომაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამ პერიოდს საზოგადოება ბავშვებში ჯანსაღი ციფრული ჰიგიენის ჩვევების გამომუშავებისთვის გამოიყენებს.
მიუხედავად მთავრობის მიერ დაწესებული აკრძალვისა, კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ წვდომის შეზღუდვა პრობლემას სრულად ვერ აგვარებს. გამოკითხული მოზარდების მხოლოდ მეოთხედი გეგმავდა სოციალური ქსელების გამოყენების შეწყვეტას. 34% პლატფორმებზე ანგარიშის გარეშე შესვლას აპირებდა, ხოლო 35% აცხადებდა, რომ რეგულაციებისთვის გვერდის ავლის გზებს გამონახავდა. შესაბამისად, მეცნიერების შეფასებით, მოზარდების მენტალური ჯანმრთელობის დასაცავად აუცილებელია არა მხოლოდ აკრძალვა, არამედ მშობლებისა და პედაგოგების უშუალო ჩართულობა მედია წიგნიერების განვითარებაში.
პარალელურად, გამოცემა JMIR Mental Health-ში გამოქვეყნებულმა კიდევ ერთმა კვლევამ პირისპირ და ონლაინ კომუნიკაციის ეფექტები შეისწავლა. დადასტურდა, რომ ცოცხალი, პირისპირ კომუნიკაცია მოზარდებში ბევრად უფრო პოზიტიურ ემოციებსა და სოციალური მიკუთვნებულობის განცდას იწვევს. თუმცა, სოციალურად სენსიტიური (მგრძნობიარე) ახალგაზრდებისთვის ონლაინ კომუნიკაცია მოკლევადიან პერსპექტივაში უფრო მარტივი აღმოჩნდა, რადგან პასუხის მოსაფიქრებლად მათ მეტი დრო აქვთ. მიუხედავად ამისა, მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ გრძელვადიანი, ჯანსაღი ურთიერთობების შესანარჩუნებლად რეალური კომუნიკაცია მაინც შეუცვლელი რჩება.
სპეციალისტები კვლევაში ჩართულ მოზარდებსა და მათ მშობლებზე დაკვირვებას მომდევნო 12 თვის განმავლობაშიც გააგრძელებენ, რათა ობიექტურად შეაფასონ, თუ როგორ შეცვალა ავსტრალიის მთავრობის აკრძალვამ ახალგაზრდების ქცევა და მათი მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა.
წყარო: JAMA

