ჩინელმა მეცნიერებმა ტკიპისგან გადამდები ახალი ვირუსი აღმოაჩინეს

გააზიარე

ჩინეთში მეცნიერებმა ტკიპისგან გადამდები სრულიად ახალი ვირუსი გამოავლინეს. ინფექცია გრიპს ჰგავს და პაციენტებში ძლიერ სიცხეს, დაღლილობას, კუჭ-ნაწლავის პრობლემებს იწვევს. პეკინის პათოგენებისა და ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიის მკვლევართა გუნდმა ახალ ორთონაიროვირუსს “აზიური გრძელრქიანი ტკიპის ნაიროვირუსი” (“ALTNV”) უწოდა.

ამ აღმოჩენის შესახებ ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა. მეცნიერებმა კვლევა მას შემდეგ დაიწყეს, რაც დაბიეს ბანდავირუსის („DBV“) სიმპტომების მქონე პაციენტთა 30%-ს ტესტირებისას ვირუსი არ დაუდასტურდა. “DBV” აზიაში ფართოდ ვრცელდება, ძლიერ ცხელებას იწვევს და შემთხვევათა 10-30%-ში პაციენტის სიკვდილით სრულდება.

სპეციალისტებმა ტკიპის ნაკბენის მქონე პაციენტების ნიმუშები ჩინეთის სხვადასხვა პროვინციიდან შეაგროვეს. რნმ-ის სეკვენირების შედეგად მათ ახალი ვირუსი ზუსტად იდენტიფიცირეს. 3 163 გამოკვლეული პაციენტიდან 10.4%-მა “ALTNV”-ზე დადებითი შედეგი დააფიქსირა. ამასთან, “DBV”-ზე უარყოფითი პასუხის მქონე ადამიანების 15.1%-ში ტესტმა სწორედ ეს ახალი ვირუსი გამოავლინა.

მხოლოდ “ALTNV”-ით ინფიცირებულები ძირითადად დაღლილობას, კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, სისხლში თრომბოციტების სიმცირესა და ღვიძლის ანთებას უჩივიან. ექიმების დაკვირვებით, ეს პაციენტები სრულად გამოჯანმრთელდნენ. თუმცა, როდესაც ორგანიზმში ორივე ვირუსი ერთდროულად ხვდება, რისკები მკვეთრად იზრდება. თანაინფიცირებულ 38 პაციენტში სპეციალისტებმა სუნთქვისა და თირკმლის მძიმე პრობლემები დააფიქსირეს, შვიდი მათგანი კი გარდაიცვალა.

ვირუსის გავრცელების არეალის შესასწავლად მეცნიერებმა 15 პროვინციაში 47 000-ზე მეტი ტკიპა შეამოწმეს. “ALTNV”-ის რნმ ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ “Haemaphysalis longicornis”-ის სახეობის ტკიპებში გამოვლინდა. მკვლევრები ასკვნიან, რომ ამ ორი ვირუსის ერთდროული მიმოქცევა რეგიონში დიაგნოსტიკის მეთოდების სასწრაფო გაუმჯობესებას მოითხოვს.

წყარო: MedicalXpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები