იმუნური სისტემა უბრალოდ არ ბერდება – ის ეგუება: რას ამჟღავნებს 100 წელს გადაცილებულ ადამიანთა იმუნიტეტი?

გააზიარე

ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმის იმუნური სისტემა იფიტება. ეს პროცესი, რომელსაც იმუნოსენესცენციას უწოდებენ, ხანდაზმულებს უფრო დაუცველს ხდის ინფექციების მიმართ, ამცირებს ავთვისებიანი უჯრედების განადგურების უნარსა და იწვევს ქრონიკულ ანთებას. აღნიშნული მოვლენა დაბერების ფუნდამენტურ, გარდაუვალ, უნივერსალურ და ძირითადად შეუქცევად პროცესად მიიჩნეოდა.

თუმცა, უახლესი სამეცნიერო მონაცემები ამ მოსაზრებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

კვლევები, რომლებიც 110 წელს გადაცილებულ ადამიანთა – ე.წ. ზეასწლოვანების – იმუნურ სისტემას აანალიზებს, მოწმობს, რომ ის, რასაც აქამდე „იმუნურ დაბერებას“ ვუწოდებდით, რეალურად შესაძლოა, უფრო რთულ პროცესს – სტრატეგიულ ადაპტაციას წარმოადგენდეს.

მოულოდნელი აღმოჩენა

როდესაც მკვლევრებმა ამ ადამიანების სისხლის ნიმუშები შეისწავლეს, ისეთი რამ აღმოაჩინეს, რაც მსგავსი კონცენტრაციით სრულიად მოულოდნელი იყო: საუბარია CD4 ციტოტოქსიკურ T-ლიმფოციტებზე (CD4 CTLs). ისინი იმუნოლოგიური ჰიბრიდები არიან – უჯრედები, რომლებიც ატარებენ CD4 მარკერს (ტრადიციულად ასოცირდება „დამხმარე“ T-უჯრედებთან, რომლებიც იმუნურ პასუხს წარმართავენ), მაგრამ ასევე ფლობენ ციტოტოქსიკურ კომპონენტებს, როგორიცაა გრანზიმები და პერფორინი (იარაღი, რომელიც ჩვეულებრივ CD8 ციტოტოქსიკურ T-უჯრედებს აქვთ).

ჯანმრთელ ახალგაზრდებში CD4 CTL უჯრედები იშვიათია და T-ლიმფოციტების საერთო რაოდენობის 5%-ზე ნაკლებს შეადგენს. თუმცა, ზეასწლოვანებში ეს მაჩვენებელი თითქმის 18%-ს აღწევს. შედარებისთვის, ას წელს გადაცილებულ პირებში (100+) ის დაახლოებით 10%-ია, ხოლო ზოგიერთ 70-90 წლის ჯანმრთელ ადამიანში აღნიშნული უჯრედების მომატებული დონე ფიქსირდება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

CD4 ციტოტოქსიკური T-ლიმფოციტები (CTLs) უბრალოდ უცნაური ფენომენი არ არის. მათ აქტიურად აკვირდებიან ქრონიკული ვირუსული ინფექციების (CMV, აივ, SARS-CoV-2) წინააღმდეგ ბრძოლისა და სიმსივნური უჯრედების განადგურების პროცესში. ბოლო კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ მათ ადამიანის კანში სენესცენტური (დაბერებული) უჯრედების მოშორებაც შეუძლიათ.

მაგრამ აი, სად არის მთავარი გამოცანა: 100 წელს გადაცილებული ადამიანები ჯანსაღი დაბერების იდეალურ მაგალითს წარმოადგენენ. მიუხედავად მათი ასაკისა, ისინი თავიდან იცილებენ ან “აჭიანურებენ” ასაკთან დაკავშირებულ ძირითად დაავადებებს – გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებს, კიბოსა და ნეიროდეგენერაციას. თუკი CD4 CTLs მხოლოდ დაავადებაზე ერთგვარი საპასუხო რეაქციაა, მაშინ რატომ აქვთ ეს უჯრედები ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ყველაზე ჯანმრთელ ხანდაზმულებს?

მკვლევრები განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვთავაზობენ: CD4 CTLs შესაძლოა არ იყოს იმუნური დაქვეითების ნიშანი, არამედ წარმოადგენდეს ადაპტაციას – სპეციალიზებულ ძალას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ყალიბდება იმ მუდმივი საფრთხეების სამართავად, რომლებიც ასაკთან ერთად გროვდება: სუბკლინიკური სიმსივნეები, დაბერებული უჯრედები და რეაქტივირებული ლატენტური ვირუსები.

კვლევის შედეგები

უახლესი ერთუჯრედიანი ანალიზის (single-cell analysis) გამოყენებით, მკვლევართა ჯგუფმა სამი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 28 ადამიანის 43 000-ზე მეტი T-უჯრედის ტრანსკრიპტომი, ზედაპირული ცილები და T-უჯრედების რეცეპტორების მიმდევრობა შეისწავლა. 

მათ ხანდაზმულებში მხოლოდ დიდი რაოდენობით CD4 CTL-ები კი არ აღმოაჩინეს, არამედ გარდაქმნის შუალედურ ეტაპზე მყოფი უჯრედებიც დააფიქსირეს. ამ დროს დამხმარე T-უჯრედები კარგავენ სპეციფიკურ ზედაპირულ მარკერებს (ჯერ CD27-ს, შემდეგ – CD28-ს) და ციტოტოქსიკურ უნარებს იძენენ.

კიდევ უფრო საყურადღებოა შემდეგი ფაქტი: TCR-ის (T-უჯრედების რეცეპტორების) უზარმაზარი მონაცემთა ბაზების გაანალიზებისას გაირკვა, რომ ზეასწლოვანების CD4 CTL-ების უნიკალური რეცეპტორული მიმდევრობები ემთხვევა კიბოს მქონე პაციენტებში (კერძოდ, ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი, ძუძუსა და ღვიძლის კიბოს დროს) ნაპოვნ მიმდევრობებს.

აღსანიშნავია, რომ არცერთ გამოკვლეულ ადამიანს ეს დაავადებები არ ჰქონდა. მკვლევართა ვარაუდით, ეს შესაძლოა მიუთითებდეს ადრეულ იმუნურ პასუხზე, რომელიც სიმსივნეს მანამ ანადგურებს, სანამ ის კლინიკურად შესამჩნევი გახდება.

ორმაგი ბუნება

მკვლევრები ცდილობენ, გადაჭარბებულად არ შეაფასონ ვითარება. მიუხედავად იმისა, რომ CD4 CTL უჯრედები დამცავი ფუნქციის მატარებელია, ისინი პათოგენურებიც შეიძლება აღმოჩნდნენ. ამ უჯრედების არანორმალური დაგროვება დაკავშირებულია აუტოიმუნურ დაავადებებთან, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებსა და მძიმე ანთებით პროცესებთან. შესაბამისად, ეს უჯრედები დამცავი იქნება თუ ზიანის მომტანი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად რეგულირდება მათი აქტივობა.

სამომავლო პერსპექტივები

კვლევას გარკვეული შეზღუდვები აქვს: შერჩევის მცირე ზომა (110 წელს გადაცილებული ადამიანები იშვიათია), სისხლის მიმოქცევაში არსებული უჯრედებით შემოფარგლული ანალიზი (ქსოვილში მცხოვრები იმუნური უჯრედების ნაცვლად) და პირდაპირი in vivo ფუნქციური ვალიდაციის არარსებობა.

მიუხედავად ამისა, ეს მიგნებები სრულიად ახალ კითხვებს აჩენს:

შეგვიძლია თუ არა CD4 CTL-ების გამოყენება ხანდაზმულებში კიბოს იმუნური ზედამხედველობის გასაუმჯობესებლად?

არსებობს თუ არა სპეციალური იმუნური კონტროლი, რომელიც ზეასწლოვანებში ამ უჯრედებს ზიანის მიყენების საშუალებას არ აძლევს?

შეიძლება თუ არა CD4 CTL-ების გაძლიერება ან მოდულაცია ჯანსაღი დაბერების ერთ-ერთ სტრატეგიად იქცეს?

ამ დროისთვის მთავარი დასკვნა კონცეპტუალურია, თუმცა დამაფიქრებელი: შესაძლოა, დაბერებული იმუნური სისტემა არ მარცხდებოდეს, არამედ ისეთნაირად ეგუებოდეს ცვლილებებს, რის გაგებასაც მეცნიერება მხოლოდ ახლა იწყებს. და სწორედ ამ პროცესის საიდუმლოს ფლობენ ისინი, ვინც ყველაზე დიდხანს ცოცხლობს.

წყარო: Cell



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები