კვლევა: მარტოობა და შფოთვა ახალგაზრდების სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების მთავარი მიზეზებია

გააზიარე

ახალი კვლევა, რომელიც სოციალური მედიის გამოყენებას, მარტოობასა და შფოთვას შორის პირდაპირ კავშირს ადასტურებს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ პრობლემა გაცილებით ღრმაა, ვიდრე უბრალოდ „ეკრანზე მიჯაჭვულობა”

დიდი ბრიტანეთის სტუდენტების თითქმის 40%-ს სოციალური მედიისადმი დამოკიდებულების ნიშნები აღენიშნება, განსაკუთრებული რისკის ქვეშ კი ახალგაზრდა ქალები არიან. აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა გვიანობამდე სიფხიზლის ჩვევა; ძილის გაუარესებულ ხარისხს, დეპრესიასა და დამოკიდებულების გამომწვევ ქცევებს დაუკავშირა, მაგრამ მიზეზები მაინც ბუნდოვანი იყო.

პორტსმუთისა და სურეის უნივერსიტეტების მკვლევრების აზრით, მარტოობა და შფოთვა არის ის მთავარი ფაქტორები, რომლებიც გვიანობამდე სიფხიზლეს სმარტფონისა და სოციალური მედიის პრობლემურ გამოყენებასთან აკავშირებს. მათი ახალი კვლევა, რომელიც PLOS One-ში გამოქვეყნდა, 18-დან 25 წლამდე ასაკის 407 ახალგაზრდაზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ ძილისა და ღვიძილის რეჟიმი ტექნოლოგიურ დამოკიდებულებასთან არის დაკავშირებული.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც ბუნებრივად უფრო აქტიურები არიან საღამოს საათებში, ხშირად განიცდიან სოციალურ დაუკმაყოფილებლობას, რამაც შესაძლოა, მარტოობისა და შფოთვის განცდა გაუძლიეროთ. მათი აზრით, ბევრი ასეთი ადამიანი სმარტფონებსა და სოციალურ მედიას დამხმარე მექანიზმებად იყენებს, რამაც შეიძლება, ემოციური სტრესი გააძლიეროს და გაჯეტების პრობლემური გამოყენების შემთხვევები გაზარდოს.

ახალგაზრდებში შფოთვის, დეპრესიისა და იზოლაციის მზარდი დონის გათვალისწინებით, მკვლევართა ჯგუფი ვარაუდობს, რომ პრევენციული სტრატეგიები მიმართული უნდა იყოს ემოციური კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ და არა უბრალოდ ეკრანთან გატარებული დროის შემცირებაზე. ისინი ხაზს უსვამენ საღამოს ქრონოტიპის მქონე ახალგაზრდებისთვის ეფექტიანი მხარდაჭერის აუცილებლობას, განსაკუთრებით გვიან საათებში, როდესაც იზოლაციის გრძნობა ყველაზე ინტენსიურია და დახმარების სერვისები ნაკლებად ხელმისაწვდომია.

მკვლევრები ასევე ამტკიცებენ, რომ ძირითადი ემოციური ფაქტორების შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებს დაეხმარება, გაიაზრონ, რომ სმარტფონები და სოციალური მედია მარტოობის ან შფოთვის აღმოფხვრის მექანიზმი არ არის, არამედ შეუძლიათ ამ პრობლემების გამწვავება. 

წყარო: plos

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები