ბოლო დროს ჩატარებულმა მასშტაბურმა ანალიზმა აჩვენა, რომ პოპულარული წონის კლების პრეპარატების (Ozempic, Wegovy) შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ, ადამიანები დაკლებული წონის საშუალოდ 60%-ს იბრუნებენ. თუმცა, არის კარგი ამბავიც: წონის მატება გარკვეულ ეტაპზე ჩერდება და პაციენტები დაკლებული მასის 25%-ის შენარჩუნებას ხანგრძლივად ახერხებენ.
კვლევა ჩატარდა კემბრიჯის უნივერსიტეტის ტრინიტის კოლეჯის მკვლევართა ჯგუფის მიერ. მეცნიერებმა გამოიყენეს მეტა-ანალიზის მეთოდი, რომლის ფარგლებშიც დეტალურად შეისწავლეს 48 სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 36 რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევა, რაც საერთო ჯამში 3,200-ზე მეტი ადამიანის მონაცემებს მოიცავდა.
კვლევის მიგნებები: რატომ იმატებენ წონაში პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ?
მეცნიერები ამ პრეპარატებს მადის „მუხრუჭს“ ადარებენ. სანამ წამალს იღებთ, მუხრუჭი მუშაობს და ნაკლებს ჭამთ. როდესაც მიღებას წყვეტთ, ეს მუხრუჭი იხსნება, რაც წონის სწრაფ მატებას იწვევს.
კვლევის ყველაზე საყურადღებო ნაწილი სხეულის შემადგენლობას ეხება. წონის კლებისას ადამიანი ცხიმთან ერთად კარგავს კუნთოვანი მასის 40-60%-ს. მეცნიერები შიშობენ, რომ წონის დაბრუნებისას ორგანიზმი შეიძლება მხოლოდ ცხიმით შეივსოს. თუ კუნთი არ აღდგა, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ნივთიერებათა ცვლა) შესაძლოა უფრო გაუარესდეს წონის კლებამდე პერიოდთან შედარებით.
სტატისტიკური მონაცემები მოწმობს, რომ პაციენტების უმეტესობა, გვერდითი მოვლენების ან მაღალი ღირებულების გამო, პრეპარატის მიღებას ადრე თუ გვიან წყვეტს, რის გამოც ექსპერტები რეკომენდაციას კომპლექსურ მიდგომას უწევენ.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მედიკამენტი მხოლოდ დამხმარე საშუალებაა და არა საბოლოო გამოსავალი. შედეგის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად რეგულარული ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია, ხოლო კვების რეჟიმის მკაცრი კონტროლი კრიტიკულ მნიშვნელობას პრეპარატის შეწყვეტის შემდეგაც იძენს.
წყარო: The Lancet

