„განვითარებულ ქვეყნებში ნარკომანიასთან ბრძოლის გამო დრაკონული რეგულაციებით არც პაციენტებს ტანჯავენ და არც ექიმებს.“

გააზიარე

„მაღალშემოსავლიანი, განვითარებული დასავლური სახელმწიფოები, რომელთა საერთო მოსახლეობა პლანეტის პოპულაციის მხოლოდ 17%-ს შეადგენს, მოიხმარენ მსოფლიოში წარმოებული სამედიცინო მორფინის 92%-ს. დედამიწის მოსახლეობის დარჩენილი 83% კი — მხოლოდ 8%-ს.

რატომ? იმიტომ, რომ მაღალშემოსავლიან, განვითარებულ, დალაგებულ ქვეყნებში ადამიანის სიცოცხლის ხარისხს, კომფორტს, ჯანმრთელობას პატივს სცემენ. იქ იციან, რომ უმართავი ტკივილი უპირველეს ყოვლისა ადამიანის მთავარ დამცველ ბარიერს — იმუნურ სისტემას ანგრევს და თუ და როცა იმუნური სისტემა ჩამოიშლება, დაავადება უსწრაფესად ვრცელდება სხეულში და დატანჯული ადამიანი წამებით კვდება.

იქ, სადაც ადამიანთა სიცოცხლეს ფასი არა აქვს, არც მათი სიცოცხლის ხარისხს აქვს ფასი, ამიტომ ტკივილის მართვა ასეთ ქვეყნებში პირველყოფილ დონეზეა. თანაც, ყველაზე სასტიკი ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი ბოროტი ქვეყნები ტკივილის არაადეკვატური მართვის გასამართლებლად ადამიანებზე ზრუნვას იმიზეზებენ; თითქოსდა ძალიან შესტკივათ გული ნარკომანებზე და ნარკო-დანაშაულებზე.

რეალურად კი, უაზრო და უმკაცრესი რეგულაციები ნარკომანიის კიდევ უფრო დიდ და უკონტროლო აფეთქებას იწვევს, რადგან ბოროტი ქვეყნების ბოროტი მმართველები სწორედ ნარკო-ბიზნესით ითბობენ ხელს და სწორედ ამ ქვეყნებში ფუნქციონირებენ ყველაზე დაუნდობელი ნარკო-კარტელები.

ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ძალიან კარგად ესმით, რომ ნარკომანიასთან ბრძოლისას არ შეიძლება დაზარალდეს ტკივილით დატანჯულ ადამიანთა უფლებები და ამიტომ დრაკონული რეგულაციებით არ ტანჯავენ არც პაციენტებს და არც ექიმებს.

ადამიანის სიცოცხლის ხარისხის უპატივცემულობა რუსული სივრცის კიდევ ერთი ბაზისური დამახასიათებელი ნიშანია. იმიტომ იბრძვის გონიერი, აზრიანი საქართველო ამ სივრციდან გასაღწევად და იმიტომ ეწინააღმდეგება ამ პროცესს უაზრო და უგუნური საქართველო.

‘ტკივილი უდიდესი ბოროტებაა!’ — ამბობდა ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი, ნეტარი ავგუსტინე. იქ, სადაც ამ ბოროტების შესაბამისად მართვა არ იციან და არ სურთ, არც ჭეშმარიტი ქრისტიანობაა და არც არანაირი ჭეშმარიტი რელიგია. იქ მხოლოდ სიბნელე და უვიცობა პარპაშობს.

ტკივილის მართვის დაუფლება ცივილიზაციის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა. ცივილიზაცია კი ადეკვატური პოლიტიკური სისტემებით არის დაცული და განვითარებული. ნუ მოიტყუებთ თავს და ნურც გულუბრყვილოების გაბრიყვებას შეეცდებით. მედიცინა განუყოფელია პოლიტიკისაგან, რადგან პოლიტიკა სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების არსებობის წესი. იქ, სადაც პოლიტიკა ბნელია, ყველა სხვა სფეროც ბნელი და ბოროტია“, — წერს სოციალურ ქსელში აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები