ჩინელმა მეცნიერებმა ღორის სპერმისგან თვალის წვეთები შექმნეს, რომლებიც ალცჰაიმერის სამკურნალოდ შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს

გააზიარე

ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, მეცნიერებმა რევოლუციური თვალის წვეთები შეიმუშავეს, რომლებსაც ბადურის სიმსივნის (რეტინობლასტომა) ზრდის შეჩერება და მხედველობის შენარჩუნება შეუძლიათ.

შენიანის ფარმაცევტული უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, პროფესორ ჟან იუს ხელმძღვანელობით, პრეპარატის ბაზისად ღორის ბიოლოგიური მასალისგან (სპერმისგან) მიღებული ეგზოსომები გამოიყენა.

რა ბიოლოგიური მექანიზმით მუშაობს ინოვაციური თვალის წვეთები?

რეტინობლასტომა, რომელიც ძირითადად ბავშვებში გვხვდება, ამჟამად ინვაზიური მეთოდებით, თვალშიდა ინექციებით, ქიმიოთერაპიით ან ლაზერული თერაპიით მკურნალობენ, რაც ხშირად ჯანსაღი ქსოვილების დაზიანებას იწვევს.

საპირწონედ, ჩინელმა მეცნიერებმა ინოვაციურ გამოსავალს მიაგნეს, მათ ნანომასშტაბის უჯრედგარე ვეზიკულები, ეგზოსომები, გამოიყენეს. ბუნებრივად ეს ნაწილაკები სპერმატოზოიდებს ერთგვარ „უხილავ ლაბადას“ უქმნიან, რაც მათ იმუნური სისტემისგან იცავს და ბიოლოგიური ბარიერების დროებით გახსნაში ეხმარება.

მეცნიერებმა ეგზოსომებში ე.წ. „ნანოზიმური სისტემა“ მოათავსეს, რომელიც შერჩევითად უტევს მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს. პრეპარატის სიზუსტის გაზრდის მიზნით, მას ფოლიუმის მჟავის მოლეკულები დაუმატეს, რადგან რეტინობლასტომის უჯრედები ამ ნივთიერების მიმართ განსაკუთრებული მიმზიდველობით გამოირჩევიან. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ კიბოს უჯრედების დათრგუნვის ეფექტურობამ 82.7% შეადგინა, ხოლო ჯანსაღი ქსოვილების გადარჩენის მაჩვენებელი 85%-ზე მაღალი დარჩა.

თაგვებზე ჩატარებული კვლევის შედეგები

თაგვებზე ჩატარებულმა ტესტებმა გამოავლინა, რომ წვეთების გამოყენებიდან 30 დღის შემდეგ: სიმსივნის ზრდა შეჩერდა, მხედველობის ფუნქცია შენარჩუნდა, პრეპარატმა არ გამოიწვია ჯანსაღი ნაწილების დაზიანება.

ახალი პერსპექტივა ალცჰაიმერის მკურნალობაში

როგორც ვახსენეთ, კვლევა ბავშვთა იშვიათი კიბოს, რეტინობლასტომის, წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა ადელაიდის უნივერსიტეტის მკვლევარი, ჩუნსია ჯაო, განმარტავს, რომ აღნიშნული ტექნოლოგია შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ისეთი რთულად შეღწევადი ბიოლოგიური ბარიერების დასაძლევად, როგორიცაა, მაგალითად, ჰემატოენცეფალური ბარიერი. ეს მიდგომა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აჩენს ალცჰაიმერისა და სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების ეფექტური თერაპიისთვის.

ალცჰაიმერის დაავადების თერაპიისთვის აღნიშნული ტექნოლოგია მნიშვნელოვანია, რადგან ის ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვის არაინვაზიურ გზას გვთავაზობს. ეს ბუნებრივი ფილტრი ტვინში სამკურნალო პრეპარატების უდიდესი ნაწილის შეღწევას ბლოკავს, რაც ნეიროდეგენერაციული დაავადებების მკურნალობას უკიდურესად ართულებს. ეგზოსომების უნარი მოატყუონ ორგანიზმის დამცავი მექანიზმები და წამალი უშუალოდ ნერვულ ქსოვილებამდე მიიტანონ, მეცნიერებს საშუალებას მისცემს, შეიმუშაონ თვალის წვეთები, რომლებიც ტვინის დაზიანებულ უბნებზე მიზნობრივად იმოქმედებს.

მაგრამ, მიუხედავად ლაბორატორიული კვლევების მაღალი ეფექტურობისა, მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პროექტი ჯერ კიდევ „კონცეფციის დადასტურების“ (proof-of-concept) ეტაპზეა და საჭიროა კლინიკური კვლევების გაგრძელება.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები