ოზემპიკის შეწყვეტამ, შესაძლოა, გულის შეტევისა და ინსულტის რისკი გაზარდოს — კვლევა

გააზიარე

GLP-1 კლასის პრეპარატების (Ozempic, Wegovy, Mounjaro, Zepbound) მიღების შეწყვეტა პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს მკვეთრად ზრდის. სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, მკურნალობის შეწყვეტიდან ორი წლის შემდეგ, პაციენტებს გულის შეტევის, ინსულტისა და სიკვდილის 22%-ით უფრო მაღალი ალბათობა აღენიშნებათ, ვიდრე მათ, ვინც პრეპარატის მიღებას აგრძელებს.

სამეცნიერო ჟურნალ BMJ Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევა, რომელშიც მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე 333 000-ზე მეტი ამერიკელი ვეტერანი მონაწილეობდა, აჩვენებს, რომ წამლის დადებითი კარდიოლოგიური ეფექტი მისი შეწყვეტისთანავე სწრაფად ქრება. მკვლევართა განმარტებით, პაციენტების დიდი ნაწილი პრეპარატის მიღებას მაღალი ფასის, გვერდითი მოვლენების ან დეფიციტის გამო წყვეტს. ამ დროს კი ორგანიზმში იმატებს ანთებითი პროცესები, არტერიული წნევა და ქოლესტერინის დონე — ეს არის ერთგვარი „მეტაბოლური დარტყმა“, რომელიც გულის ჯანმრთელობაზე დამანგრევლად მოქმედებს.

სამწლიანი დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ მკურნალობის თუნდაც 6 თვით შეჩერება მნიშვნელოვნად ამცირებს მედიკამენტის გულ-სისხლძარღვთა დამცველობით ფუნქციას. პაციენტებს, რომლებიც GLP-1 პრეპარატებს სამი წლის განმავლობაში უწყვეტად იღებდნენ, რისკი 18%-ით შეუმცირდათ. მაგრამ, იმ პირებში, ვინც მკურნალობა წელიწად-ნახევარზე ადრე შეწყვიტა, გულის დაავადებებისგან დაცვის ეფექტი საერთოდ აღარ ფიქსირდებოდა.

ამასთან, კვლევა აჩვენებს, რომ წამლის შეწყვეტის შემდეგ დაკარგული გულის დამცველობითი ეფექტის სრულად დაბრუნება მკურნალობის განახლებითაც კი ვეღარ ხერხდება. ავტორების განმარტებით, პრეპარატი გულ-სისხლძარღვთა სისტემას წლების განმავლობაში, ნელ-ნელა აძლიერებს, მიღების შეწყვეტისას კი ეს ეფექტი ძალიან სწრაფად ქრება. სწორედ ამიტომ, მკვლევრები ექიმებს ურჩევენ, პაციენტებს თერაპია უმიზეზოდ არ შეაწყვეტინონ, რადგან ეს მედიკამენტები ქრონიკულ დაავადებებს ებრძვის და გულის დასაცავად მათი უწყვეტი მიღებაა საჭირო.

წყარო: ScienceDaily

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები