ექსპერიმენტულმა პრეპარატმა თაგვებში გაფანტული სკლეროზით გამოწვეული დამბლა შეაჩერა და მხედველობის ფუნქცია აღადგინა

გააზიარე

ვირჯინიის უნივერსიტეტის (UVA) მკვლევართა ექსპერიმენტულმა პრეპარატმა გაფანტული სკლეროზის მოდელში დამბლისა და მხედველობის დაქვეითების შეჩერებასთან ერთად, დაკარგული ნევროლოგიური ფუნქციების აღდგენაც შეძლო. ეს შედეგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დღეს არსებული თერაპიები მხოლოდ სამომავლო ანთებითი შეტევების პრევენციაზეა გათვლილი და უკვე დაკარგული ფუნქციების დაბრუნება არ შეუძლია.

ჟურნალ Science Translational Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პრეპარატი Kamuvudine K-9 აივ-ინფექციის სამკურნალოდ უკვე დამტკიცებული წამლების ბაზაზეა შექმნილი. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ K-9 წარმატებით იცავს ნერვულ ბოჭკოებსა და მათ მიელინის გარსს (რომელსაც გაფანტული სკლეროზი ანადგურებს). გარდა ამისა, წამალმა შეაჩერა სისხლში ნერვების დაზიანების მთავარი ბიომარკერის (NfL) მატების პროცესიც.

აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 3 მილიონზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის დაზღვევის მონაცემებიც გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ პაციენტებში, რომლებიც აივ-ინფექციის საბაზისო პრეპარატებს (NRTI) იღებდნენ, გაფანტული სკლეროზის განვითარების რისკი 41%-ით, ხოლო დაავადების გამწვავების ყოველწლიური მაჩვენებელი 36%-ით უფრო დაბალი იყო. კვლევის ავტორის, დოქტორ ჯაიაკრიშნა ამბატის განმარტებით, ახალი მედიკამენტი K-9 ორგანიზმში ანთების გამომწვევ მნიშვნელოვან მექანიზმს (ე.წ. ინფლამასომის აქტივაციას) ბლოკავს და NRTI პრეპარატების ბევრად უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი ალტერნატივაა.

„მედიკამენტების უმეტესობა მიმართულია იქითკენ, რომ თავიდან აირიდოს შემდეგი შეტევა. ის, რაც K-9-ს შემთხვევაში მართლაც გასაოცარია, არის არა მხოლოდ ნევროლოგიური გაუარესების პრევენცია, არამედ უკვე დაკარგული ფუნქციების აღდგენა. მიგვაჩნია, რომ არსებობს მყარი საფუძველი, ეს მიდგომა უშუალოდ პაციენტებზე გამოვცადოთ,“ — აცხადებს ამბატი.

ამჟამად K-9 უკვე გადის კლინიკურ კვლევებს თვალის სხვადასხვა დაავადების, მათ შორის დიაბეტური მაკულარული შეშუპების სამკურნალოდ, რაც გაფანტული სკლეროზის მიმართულებით მის გამოცდას დააჩქარებს. მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ მედიკამენტი ამ ეტაპზე ექსპერიმენტულია. მიუხედავად ამისა, სამომავლოდ მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს მიდგომა სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების, მათ შორის ალცჰაიმერის, პარკინსონისა და ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის (ALS) სამკურნალოდაც იქნება ეფექტიანი.

წყარო: MedicalXpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები