დრონებს გულის გაჩერებისას დეფიბრილატორის მიწოდების დროის შემცირება შეუძლიათ

გააზიარე

ევროპის გადაუდებელი მედიცინის კონგრესზე წარმოდგენილი კომპიუტერული სიმულაციის თანახმად, დრონით მიწოდებულ ავტომატურ გარეგან დეფიბრილატორებს (AED) საავადმყოფოს გარეთ გულის გაჩერებისას ადრეულ დეფიბრილაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება შეუძლიათ – განსაკუთრებით სოფლის ტიპის დასახლებებსა და გადატვირთულ ურბანულ გარემოში.

გადაუდებელ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა

გულის გაჩერების შემდეგ გადარჩენა დიდად არის დამოკიდებული დროულ გულ-ფილტვის რეანიმაციასა და, საჭიროების შემთხვევაში, დეფიბრილაციაზე. თუმცა, დეფიბრილატორები თანაბრად არ არის განაწილებული, მათი სახმელეთო ტრანსპორტით მიტანა კი შეიძლება საგრძნობლად დაყოვნდეს, თუ აპარატი შორსაა, გზებზე საცობებია ან შემთხვევა შეზღუდული დაფარვის ზონაში ხდება.

ფრანგმა მკვლევრებმა ილ-დე-ფრანსის რეგიონის შვიდი დეპარტამენტის (პარიზის ცენტრის გამოკლებით) გულის გაჩერების მონაცემები შეისწავლეს. მათ სამი სტრატეგია შეადარეს ერთმანეთს: დამატებითი სტაციონარული დეფიბრილატორების განთავსება, აპარატების დრონით მიწოდება და ამ ორი მიდგომის შერწყმა.

ჰიბრიდული სტრატეგია

მოდელის შეფასებით, სტაციონარული დეფიბრილატორებისა (AED) და დრონების კომბინირებულ ქსელს ადგილზე მიტანის დროის საშუალოდ 3,76 წუთით შემცირება შეუძლია. გულის გაჩერების სიმულირებული შემთხვევების 95%-ზე მეტში დეფიბრილატორის მიწოდება ხუთ წუთში გახდებოდა შესაძლებელი, მაშინ როცა არსებული სტაციონარული პუნქტებიდან სახმელეთო ტრანსპორტით ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%–40%-ს შეადგენს.

მკვლევართა გამოთვლებით, დრონების 200 ბაზასა და 871 სტაციონარულ პუნქტს შეუძლია მოდელში გათვალისწინებული გულის გაჩერების 28 349 შემთხვევიდან 99,4%-ის დაფარვა უზრუნველყოს. ზოგიერთ ლოკაციაზე დაზოგილი სავარაუდო დრო 10 წუთსაც კი აღემატებოდა.

სარგებელი ყველაზე თვალსაჩინო პერიფერიულ და გადატვირთულ უბნებში აღმოჩნდა, სადაც საგზაო წვდომა ან დეფიბრილატორების არსებული განაწილება ნაკლებად ხელსაყრელი იყო.

შემოთავაზებული მოდელის მიხედვით, დრონებს გადამზადებული პერსონალი ან გადაუდებელი დახმარების სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი ავტომატიზებული სისტემები მართავს. შემთხვევის ადგილზე მყოფი თვითმხილველი ჩამოტანილ დეფიბრილატორს აიღებს და მას გადაუდებელი დახმარების დისპეტჩერების მითითებების შესაბამისად გამოიყენებს.

შესაბამისად, ეს სტრატეგია გადარჩენის ჯაჭვს კიდევ ერთ რგოლს შემატებს. ის ვერ ჩაანაცვლებს თვითმხილველის მიერ ჩატარებულ გულ-ფილტვის რეანიმაციას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ან დეფიბრილატორით სარგებლობის ცოდნის აუცილებლობას.

მნიშვნელოვანი შეზღუდვები

კვლევის შედეგები სიმულაციას ეფუძნება და არა რეალურ პრაქტიკულ გამოყენებას. დრონის გადაადგილების დრო პირდაპირი მანძილის მიხედვით გამოითვალეს, რის გამოც მხედველობაში არ მიუღიათ ამინდი, საჰაერო სივრცის შეზღუდვები, რეგულაციები, დაბრკოლებები, ელემენტის რესურსი, დაჯდომის პირობები თუ სხვა საოპერაციო სირთულეები.

შესაბამისად, მიღებული მონაცემები მხოლოდ პოტენციალზე მიუთითებს და არა დადასტურებულ კლინიკურ სარგებელზე. იმის დასადგენად, შეძლებს თუ არა დრონი ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორების (AED) სტაბილურად, სწრაფად და უსაფრთხოდ მიწოდებას – და აისახება თუ არა ეს უფრო დროულ დეფიბრილაციასა და გადარჩენის მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე – პროსპექტული კვლევები და რეალურ პირობებში გამოცდაა საჭირო.

კვლევის მთავარი გზავნილი ისაა, რომ გადაუდებელი დახმარების ხელმისაწვდომობა არა მხოლოდ დეფიბრილატორების რაოდენობაზეა დამოკიდებული, არამედ იმაზეც, თუ სად არის ისინი განთავსებული და როგორაა ორგანიზებული. გარკვეულ პირობებში დრონით მიწოდებამ შესაძლოა შეავსოს სტაციონარული AED ქსელები და ხელი შეუწყოს სიცოცხლის გადამრჩენ მკურნალობაზე გეოგრაფიული უთანასწორობის შემცირებას.

წყარო: European Society for Emergency Medicine (EUSEM)



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები