კვების მეცნიერებაში დიდი ხნის განმავლობაში დომინირებდა მოსაზრება, რომ ერთნაირი კვებითი ღირებულების მქონე კერძები სისხლში შაქრის დონესა და მეტაბოლიზმზე იდენტურად ზემოქმედებს, მაგრამ ვირჯინიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Virginia Tech) ახალი კვლევა, რომელიც ჟურნალ Nature Metabolism-ში გამოქვეყნდა, ამ პარადიგმას ცვლის. შედეგები აჩვენებს, რომ საკვების ინდუსტრიული დამუშავების ხარისხი დამოუკიდებელ გავლენას ახდენს როგორც მეტაბოლურ პროცესებზე, ისე თავის ტვინის ნეირობიოლოგიურ პასუხზე.
მეცნიერებმა ექსპერიმენტში 18-დან 45 წლამდე ასაკის ჯანმრთელი პირები ჩართეს. კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, შეიცვლებოდა თუ არა ორგანიზმის რეაქცია, თუ მაკრონუტრიენტების მაჩვენებლები უცვლელი დარჩებოდა, ხოლო განსხვავება მხოლოდ დამუშავების ხარისხში იქნებოდა. საამისოდ, მკვლევრებმა მონაწილეებს ორი ტიპის — მინიმალურად და ულტრადამუშავებული (NOVA კლასიფიკაციით) საკვები შესთავაზეს.
ორივე ულუფა ზუსტად 300 კალორიას შეიცავდა და 1%-იანი სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს ნახშირწყლების, ცხიმების, ცილების, წყლისა და მარილის შემცველობით, ასევე წონით.
ულტრადამუშავებული ულუფა მოიცავდა არაქისის კარაქისა და ჯემის სენდვიჩს, ინდაურის დამუშავებულ ხორცს, ბოსტნეულის ჩიფსებს, ორცხობილასა და სწრაფი მომზადების კარტოფილის პიურეს.
მინიმალურად დამუშავებული ულუფა კი შედგებოდა დაჭრილი ბანანის, გამომშრალი მოცვის, ყველისა და კვერცხისგან.
კვლევის თანაავტორის, ზაკ ჰუტელინის განმარტებით, ამ კერძებს კვებითი ღირებულების ეტიკეტი რომ ჰქონოდათ, ისინი პრაქტიკულად იდენტური იქნებოდა.
მეტაბოლური ცვლილებები
მეტაბოლური ეფექტების შესასწავლად მონაწილეები ღამის შიმშილის შემდეგ მოათავსეს სპეციალურ, ჰერმეტულ მეტაბოლურ კამერაში, რომელიც ადამიანის ენერგოდანახარჯსა და ნივთიერებათა ცვლას ზომავს. საკვების მიღების შემდეგ, სამი საათის განმავლობაში, მათ სისხლის ნიმუშები ექვსჯერ აუღეს.
მონაცემებმა აჩვენა, რომ ულტრადამუშავებული საკვების მიღების შემდეგ, ინსულინის პასუხი გაცილებით მაღალი იყო, ხოლო სისხლში შაქრის დონე უფრო მაღალ ნიშნულზე და უფრო ხანგრძლივად ნარჩუნდებოდა. ამასთან, ორგანიზმმა ენერგიისთვის უფრო ნაკლები ნახშირწყალი დაწვა (ნახშირწყლების ოქსიდაცია), მაგრამ ჯამური ენერგოდანახარჯი გაიზარდა. როგორც ცნობილია, სისხლში გლუკოზის ქრონიკულად მომატებული დონე პირდაპირ კავშირშია ტიპი 2 დიაბეტისა და სხვა მეტაბოლური დარღვევების განვითარების რისკთან.
ნეირობიოლოგიური პასუხი და ტვინის ჯილდოს სისტემა
გარდა მეტაბოლური ცვლილებებისა, კვლევამ შეისწავლა ნეირობიოლოგიური ასპექტებიც. ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (fMRI) გამოყენებით, ნეირომეცნიერმა ალექს დიფელისეანტონიომ და მისმა გუნდმა გააანალიზეს თავის ტვინის რეაქცია საკვების ვიზუალურ სტიმულებზე.
გამოვლინდა მკვეთრი განსხვავება თავის ტვინის იმ უბნების აქტივობაში, რომლებიც მოტივაციასა და დაჯილდოების სისტემაზე არიან პასუხისმგებელნი (კერძოდ, ვენტრალური სტრიატუმი და მიმდებარე ბირთვი — Nucleus accumbens). აღმოჩნდა, რომ ნახშირწყლების ოქსიდაციის შეცვლილი მაჩვენებელი პირდაპირ კორელაციაში იყო თავის ტვინის შეცვლილ რეაქციასთან საკვების დანახვისას. მიუხედავად იმისა, რომ სუბიექტური აღქმით მონაწილეები ორივე კერძს თანაბრად აფასებდნენ, ნეირონულ დონეზე ინდუსტრიულად დამუშავებული პროდუქტი ტვინის სრულიად განსხვავებულ, არაჯანსაღ მექანიზმებს ააქტიურებდა.
სან-პაულუს უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგის, NOVA კლასიფიკაციის შემქმნელის, კარლოს მონტეიროს შეფასებით, ეს კვლევა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია იმ დავის გადასაჭრელად, თუ რა იწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას — უშუალოდ საკვების შემადგენლობა თუ მისი ინდუსტრიული დამუშავების პროცესი. მონაცემები მიანიშნებს, რომ ულტრადამუშავებული საკვების ნეგატიური ეფექტები (სიმსუქნე, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები) მხოლოდ მაკრონუტრიენტების დისბალანსით არ აიხსნება. მომავალ კვლევებში მეცნიერები გეგმავენ კონკრეტული კომერციული დანამატებისა და ქიმიური სტრუქტურების როლის დეტალურ შესწავლას.
წყარო: MedicalXpress

