რომის პაპ ლეო XIV-ს მომავალ კვირას ფილტვზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გეგმური სამედიცინო შემოწმებისას ფილტვზე ადრეული სტადიის კვანძი გამოვლინდა. ამის შესახებ პონტიფიკოსმა რომში, წმინდა პეტრეს მოედანზე, საკვირაო ლოცვისას თავად განაცხადა.
71 წლის პაპის განმარტებით, სამედიცინო გუნდმა ქირურგიული ჩარევა მიზანშეწონილად მიიჩნია. მან მრევლი დაამშვიდა და აღნიშნა, რომ წარმონაქმნი კარგად ლოკალიზებული და სრულად კონტროლირებადია, რადგან მისი აღმოჩენა ადრეულ ეტაპზე მოხდა.
ვატიკანის პრესსამსახურის წარმომადგენლის, მატეო ბრუნის ცნობით, ოპერაცია მომავალი კვირის დასაწყისში, რომში მდებარე ჯემელის (Gemelli) კლინიკაში იგეგმება. სწორედ ამ საავადმყოფოშია მოწყობილი სპეციალური პალატა, რომელიც ჯერ კიდევ 1981 წელს იოანე პავლე II-ზე თავდასხმის შემდეგ შეიქმნა. მოსალოდნელია, რომ სარეაბილიტაციო პერიოდი დაახლოებით ერთ კვირას გასტანს.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ, პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ და ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა პაპს სოლიდარობა გამოუცხადეს და სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვეს. მიუხედავად დაგეგმილი სამედიცინო ჩარევისა, პაპის ნოემბრის ოფიციალური ტურნე ურუგვაიში, არგენტინასა და პერუში კვლავ ძალაში რჩება.
სამედიცინო განმარტებით, ფილტვის კვანძი ქსოვილის მცირე ზომის წარმონაქმნია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს და გულმკერდის რენტგენოლოგიური ან კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) კვლევისას ვლინდება.
ლეო XIV (ერისკაცობაში რობერტ ფრენსის პრევოსტი) 267-ე პაპი და პირველი ამერიკელი მღვდელმთავარია ამ პოსტზე. იგი ვატიკანის სათავეში დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, პაპ ფრანცისკეს შემდეგ მოვიდა.
წყარო: BBC

