დიდი ბრიტანეთის დანდის უნივერსიტეტის (University of Dundee) მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი, მასშტაბური კვლევის თანახმად, „ხანგრძლივი კოვიდის“ (Long COVID) მძიმე ფორმების მქონე პაციენტებს პირის ღრუსა და ფილტვებში ბაქტერიების (მიკრობიომის) განსხვავებული ბალანსი აღენიშნებათ. ჟურნალ European Respiratory Journal-ში გამოქვეყნებული ანგარიში აჩვენებს, რომ ეს ცვლილებები, რესპირატორული პრობლემების გარდა, კოგნიტიურ და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებსაც უკავშირდება.
კვლევა ბრიტანული პროექტის, PHOSP-COVID-ის ფარგლებში ჩატარდა და მასში 771 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც 2020-2021 წლებში კოვიდ-19-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულნი იყვნენ. კლინიკიდან გაწერიდან ექვსი თვის შემდეგ, სპეციალისტებმა პაციენტების ნერწყვისა და ნახველის ნიმუშები დნმ-სექვენირების მეთოდით შეისწავლეს.
შედეგად გამოვლინდა, რომ ყველაზე მძიმე სიმპტომების მქონე პაციენტებს ფილტვებსა და პირის ღრუში ლაქტური მჟავის მწარმოებელი ბაქტერიების ჭარბი რაოდენობა ჰქონდათ. აღნიშნული დისბალანსი პირდაპირ კავშირშია სისხლში მიმდინარე ანთებით პროცესებთან, ფილტვების ფუნქციის დაქვეითებასთან, ასევე ნეიროკოგნიტიურ სიმპტომებთან (მეხსიერებისა და კონცენტრაციის დაქვეითება) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებთან (ტკივილი, გულისრევა, დიარეა).
„მიკრობიომი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. წინა კვლევებმა უკვე აჩვენა გარკვეული ცვლილებები ნაწლავის მიკრობიომში, მაგრამ, რადგან კოვიდი უპირველესად სასუნთქი გზების დაავადებაა, ლოგიკური იყო შეგვემოწმებინა, იცვლებოდა თუ არა ფილტვების მიკრობიომიც. აღმოჩნდა, რომ სასუნთქი გზების ბაქტერიული დისბალანსი გაცილებით ფართო გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე და მხოლოდ ფილტვების პრობლემებით არ შემოიფარგლება“, — განმარტავს კვლევის მთავარი ავტორი, დოქტორი დანიელა ალფერეს დე ლიმა ჰედლი.
კვლევის ხელმძღვანელის, ჯეიმს ჩალმერსის თქმით, მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია, მიკრობიომის ეს ცვლილებები უშუალოდ კორონავირუსით ინფიცირების შედეგად განვითარდა, თუ პაციენტებს ის მანამდეც აღენიშნებოდათ. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ეს მიგნება ხანგრძლივი კოვიდის მკურნალობის ახალ, ეფექტურ გზებამდე მიგვიყვანს. ვინაიდან მიკრობიომის კორექტირება ანტიბიოტიკებით, პრობიოტიკებითა თუ სხვა თერაპიული საშუალებებით შესაძლებელია, სამომავლო კლინიკურმა ცდებმა, შესაძლოა, მილიონობით პაციენტს მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეუმსუბუქოს.
წყარო: MedicalXpress

