კვლევის თანახმად, ფრჩხილის მოვლის სალონებში ჰაერი ქიმიური საწარმოების მსგავსად ბინძურდება – რა სტანდარტებია საქართველოში?

გააზიარე

ფრჩხილის მოვლის სალონების თანამშრომლები სამუშაო ადგილზე ჰაერის ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურების გამო, შესაძლოა ჯანმრთელობის რისკის ქვეშ იყვნენ – შესაბამისი კვლევა ჟურნალ Risk Analysis-ში გამოქვეყნდა.

მკვლევრებმა ჰაერის ხარისხი ნიუ-იორკის ფრჩხილის მოვლის ხუთ სალონში შეამოწმეს. ისინი ერთი კვირის განმავლობაში ყოველწუთიერ რეჟიმში ზომავდნენ მაჩვენებლებს და დაადგინეს, რომ აქროლადი ორგანული ნივთიერებების დონე (VOCs) ფართო დიაპაზონში მერყეობდა. კვლევა, რომელიც CUNY-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის პოლიტიკის უმაღლესი სკოლის (CUNY SPH)  წარმომადგენლის, დოქტორ ა. მაიკლ იერარდის (PhD,CIH) ხელმძღვანელობით ჩატარდა, გულისხმობდა უწყვეტ მონიტორინგს  ფოტოიონიზაციური დეტექტორით და კონკრეტული ქიმიური ნივთიერებების სინჯების აღებას დესორბციული მილაკებით.

კვლევის თანახმად, ქიმიური ნივთიერებების მაჩვენებელი დღის განმავლობაში დაახლოებით 15 ppm-ს  შეადგენდა, თუმცა ხანმოკლე პერიოდების განმავლობაში მათი კონცენტრაცია  ბევრად უფრო მაღალ ნიშნულს აღწევდა. კერძოდ, 15-წუთიანი პიკური მაჩვენებლების საშუალო დონე 31 ppm-ს შეადგენდა, ხოლო ერთ-ერთ სალონში 113 ppm-ს მიაღწია. ნივთიერებების კონცენტრაციის ძირითადი წყარო იყო ლაქი, აცეტონი და ეთილაცეტატი. აგრეთვე დაფიქსირდა  ბენზოლის დაბალი კონცენტრაციაც – ქიმიური ნივთიერებისა, რომელიც კანცეროგენული თვისებებით არის ცნობილი.

წამყვანი მკვლევრის განმარტებით, ქიმიური ნივთიერებების პერიოდული მკვეთრი კონცენტრაციის შედარება შესაძლებელია ქიმიურ საწარმოებში არსებულ მაჩვენებლებთან. ამასთან, ქირურგიული ან ნაჭრის პირბადეები, რომლებსაც ფრჩხილის მოვლის სპეციალისტები იყენებენ, არაეფქტურია ქიმიური ორთქლის წინააღმდეგ. მკვლევრების განმარტებით, პრობლემის რეალურად მოგვარების გზები მარტივი, თუმცა ხშირად უგულებელყოფილია – კარგი ვენტილაცია, ღია კარ-ფანჯარა და პროდუქციის, მათ შორის, სითხით გაჟღენთილი ბამბების დახურულ მდგომარეობაში განთავსება. ასევე საუბარია ხელსახოცების თავდახურული ურნების გამოყენებაზეც.

კვლევაში აღნიშნულია, რომ სალონებში არსებული ქიმიური ნივთიერებების პროფესიული ექსპოზიციის ზღვრები დადგენილია ზრდასრული, ჯანმრთელი მამაკაცებისთვის, რვასაათიანი სამუშაო ცვლის განმავლობაში. თუმცა, მკვლევართა განმარტებით, დადგენილი ლიმიტები შესაძლოა არასაკმარისი იყოს უფრო მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის, რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის, რომლებიც ფრჩხილის მოვლის ინდუსტრიაში დასაქმებულთა დიდ ნაწილს შეადგენენ. გარდა ამისა, მთლიანი ცვლის საშუალო მაჩვენებლები სრულად ვერ ასახავს იმ მოკლევადიან პიკებს, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს მწვავე სიმპტომების წარმოქმნას. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევას არ შეუფასებია არც კონკრეტულად სიმპტომები და არც ცალკეული პიკების წყაროები დაუდგენია.

„ეს კვლევა აჩვენებს, რომ ჰაერის სინჯების აღებისა და რისკების შეფასების ტრადიციული მეთოდები ფრჩხილის მოვლის სალონების რეალურ სურათს სრულად ვერ ასახავს“, – განაცხადა დოქტორმა იერარდიმ, CUNY SPH-ის პროფესიული და გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის უსაფრთხოების მკვლევარმა, – „ფრჩხილის მოვლის სპეციალისტები და სალონის სხვა თანამშრომლები სამუშაო დღის განმავლობაში შესაძლოა განიცდიდნენ ჰაერში არსებული ქიმიკატების მაღალ, პერიოდულ პიკურ ზემოქმედებას, თუმცა ამ ზემოქმედების გავლენა ჯანმრთელობაზე აქამდე სათანადოდ არ ფასდებოდა. არსებული მიდგომებისა და მეთოდების შეზღუდვების უკეთ გაცნობიერება მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია ჯანმრთელობის რისკების უკეთ გასაგებად და სალონის თანამშრომლების დასაცავად.“

აღსანიშნავია, რომ ეს იყო ხუთი სალონის მცირე კვლევა, რომელთაგან თითოეული დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მოწმდებოდა, ხოლო ონკოლოგიური დაავადებების მაჩვენებლები წარმოადგენს მოდელირებულ შეფასებებს იმ მუშაკებისთვის, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებიან ასეთ გარემოში და არა უშუალოდ გამოვლენილ შემთხვევებს. გარდა ამისა, მკვლევრებს არ გაუზომავთ, თუ რას ისუნთქავენ მომხმარებლები ერთჯერადი ვიზიტისას.

ჟურნალ Risk Analysis-ის შესახებ: Risk Analysis წარმოადგენს რეცენზირებად ჟურნალს, რომელიც აქვეყნებს კვლევებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და გარემოზე მოქმედი რისკების შეფასებასა და მართვაზე. ჟურნალი 1980 წელს დაარსდა და ასაჯაროებს თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების შედეგებს ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ინჟინერია, გარემოსდაცვითი და სოციალური მეცნიერებები და პოლიტიკა.

რა სტანდარტებს იცავენ საქართველოში მოქმედი ქსელური ფრჩხილის სალონები და ინფორმირებულები არიან თუ არა რისკების შესახებ?

თბილისის მსხვილ ქსელურ სალონებში Medscriptum-ს განუმარტეს, რომ თანამშრომლებსა და მომხმარებლებს როგორც შიდა სტანდარტებით, ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომებით იცავენ. ამასთან, ბაზარზე არსებობს გარკვეული გამოწვევებიც.

სალონ „ნეილ სანის“ დამფუძნებელი ელენე ღოთვაძე განმარტავს, რომ ადმინისტრაცია ინფორმირებულია რისკების შესახებ და იცავს ისეთ სტანდარტებს, როგორიცაა პროდუქციის ხარისხი, ვენტილაცია, ქირურგიული ავტოკლავით სტერილიზაცია და გამოყენებული პროდუქციის დროული გატანა სივრციდან:

„უპირველეს ყოვლისა ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს პროდუქცია, რადგან მხოლოდ ნარჩენების თავდახურულ მდგომარეობაში მოთავსებას ან ვენტილაციას არ ექნება დიდი მნიშვნელობა, თუ დაბალი კატეგორიის მასალები გამოიყენება. მავნე ქიმიური ნივთიერებები არის ფორმალდეჰიდი და ტოლურენი, რომლებსაც თუ ზღვარზე მაღალი მაჩვენებლით შეიცავს პროდუქტი, უშუალოდ წასმისა და შრობის დროს იმდენად მარტივად აქროლადია, რომ ნეგატიურ გავლენას ნებისმიერ შემთხვევაში იქონიებს. პროდუქციის შერჩევისას უნდა იხელმძღვანელო MSDS დოკუმენტით და არა პირადი შეხედულებებით. ეს საერთაშორისო დოკუმენტია, რომელიც ყველა პროდუქტს აქვს.

მეორე საკითხი არის ყველა ფილიალის განიავება ნებისმიერ სეზონზე. გარდა ამისა, ჩვენ ყველგან გვაქვს გამწოვი სისტემა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ფილიალში ყოველდღიურად უნდა იყოს დიასახლისი და დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა აწესრიგებდეს როგორც სამუშაო ზედაპირებს, ასევე იატაკს. ასევე, დაცვის ნაწილში აუცილებლად უნდა ვისაუბროთ სტერილიზაციაზეც, რომელზეც შესაძლოა კვლევაში ყურადღება არ არის გამახვილებული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ სწორად არ ხდება სტერილიზაცია, სპეციალისტიც რისკის ქვეშაა და ჩვენს ქვეყანაში კვლავ აქტიურად იყენებენ მოძველებულ აპარატებს, როცა დღეს გვაქვს ფუფუნება, რომ ხელმისაწვდომობა გვქონდეს ავტოკლავზე, ქირურგიული ინსტრუმენტების სტერილიზაციის აპარატზე, რომელსაც ჩვენ ყველა ფილიალში ვიყენებთ“, – განმარტა „ნეილ სანის“ დამფუძნებელმა ელენე ღოთვაძემ.

როგორც კიდევ ერთ სალონების ქსელ “ნეილ ბიუთიში” განმარტავენ, კომპანია ითვალისწინებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებულ ინჰალაციურ რისკებს და უსაფრთხოებისთვის გამართულია როგორც ცენტრალური ვენტილაცია, ასევე თითოეულ მაგიდაზე დამონტაჟებულია გამწოვი, რაც ჰაერის სისუფთავეს უზრუნველყოფს, – “სპეციალისტები მუშაობენ დამცავი ნიღბებითა და ხელთათმანებით, ინსტრუმენტების სტერილიზაცია სრული წესების დაცვით ტარდება, ხოლო თითოეული მომხმარებლისთვის მხოლოდ ერთჯერადი ქლიბი და ბაფი გამოიყენება”, – განმარტეს სალონში.

ამასთან, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ერთი მხრივ, წამყვანი სალონები აქტიურად ნერგავენ მაღალ სტანდარტებს, თუმცა მეორე მხრივ, ზოგადად ბაზარზე გამოწვევები კვლავ არსებობს:

“ქართულ ბაზარზე დადებითი დინამიკა ნამდვილად შეინიშნება და წამყვანი სალონები მაქსიმალურად ნერგავენ უსაფრთხოების თანამედროვე ნორმებს. თუმცა, სექტორში ერთიანი სტანდარტის დაცვა – როგორც გამართული ვენტილაციის, ისე სრული სტერილიზაციისა და ერთჯერადი სახარჯი მასალების გამოყენების კუთხით – ბაზრის ნაწილში კვლავ გამოწვევად რჩება. დარწმუნებულები ვართ, რომ მომხმარებლისა და თავად სპეციალისტების მზარდი მოთხოვნა ბაზარს ეტაპობრივად კიდევ უფრო მაღალ სტანდარტზე აიყვანს”, – განმარტეს “ნეილ ბიუთიში”.

„ნეილ ბარის“ ქსელის წარმომადგენლის, მარიამ ფიფიას განმარტებით, ყველა ფილიალში დანერგილია კვლევაში აღნიშნული საფრთხეების საპრევენციო სტანდარტები, როგორც თანამშრომელთა, ასევე მომხმარებელთა დასაცავად, თუმცა შესაძლოა, ბაზარზე რისკები არსებობდეს:

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ მძლავრი გამწოვები, რომლებიც ანიავებს შენობასაც და ასევე, ფრჩხილიდან ლაქის მოხსნის დროსაც გამოიყენება ასეთი სისტემა, რომელიც ისრუტავს ნაწილაკებს. რა თქმა უნდა, სპეციალისტები იყენებენ პირბადეებს და ერთ მომხმარებელთან მუშაობისას ორჯერ იცვლიან მათ, მუშაობენ ხელთათმანებით; მოსახსნელი ხსნარები, რა თქმა უნდა, ყველა გამოყენების შემდეგ დალუქულია და ღია მდგომარეობაში არ რჩება, ნარჩენებისთვის განთავსებული ურნებიც თავდახურულია და დიასახლისი ყოველი მომხმარებლის შემდეგ ცვლის მათ.

ვიცავთ ზოგად წესებს, რომლებიც განსაზღვრულია სალონებისთვის და მომხმარებელიც რომ დაცული იყოს, ყველანაირი ინსტრუმენტი სტერილდება ავტოკლავში, გავლილი გვაქვს სახელმწიფო ვერიფიკაცია და ყოველთვის სტანდარტებზე მაღლა ვდგავართ. ჩემი აზრით, სალონები, რომლებიც დიდი ხანია ბაზარზე ვართ და არანაირი დარღვევა არ გვაქვს, ამ სტანდარტებს ვიცავთ, თუმცა  სპეციალისტები, რომლებიც სახლებში მუშაობენ ან ახალი და მცირე ზომის სალონები, რომლებმაც არ იციან ყველა დეტალი, სავარაუდოდ უფრო ვერ იცავენ ასეთ წესებს“, – განმარტა „ნეილ ბარის“ ქსელის წარმომადგენელმა მარიამ ფიფიამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების მონიტორინგსა და კონტროლს რამდენიმე ძირითადი სახელმწიფო ორგანო ახორციელებს, რომელთა უფლებამოსილებები გადანაწილებულია რეგისტრაციის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და შრომის უსაფრთხოების მიხედვით.

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ადგილობრივ მონიტორინგს მუნიციპალური ორგანოები ახორციელებენ. მოწმდება, რამდენად ასრულებს დაწესებულება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, ხელსაწყოების დეზინფექციისა და სტერილიზაციის წესებს, ჰიგიენასთან დაკავშირებით არსებულ პირობებს. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და დაჯარიმების უფლებამოსილება აქვთ. ხოლო შრომის უსაფრთხოების ნორმებს, სამუშაო პირობებსა და ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მექანიზმებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აკონტროლებს.

საინტერესოა, უბიძგებს თუ არა ახალი კვლევები სახელმწიფო ორგანოებს დამატებითი რეგულაციების შემოღებისა და კონტროლის გამკაცრებისკენ.

წყარო:

Estimation of Excess Inhalation Non-Cancer and Cancer Risk From Volatile Organic Compound Mixtures I New York City Nail Salon

https://sph.cuny.edu/

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები