მეცნიერები ონკოლოგიაში გამოყენებულ CAR T-უჯრედულ თერაპიას ახლა უკვე აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობის მიმართულებითაც იკვლევენ.აღნიშნული მიდგომა, შესაძლოა, მძიმე აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებს ხანგრძლივი რემისიის მიღწევასა და იმუნოსუპრესიული მედიკამენტების მიღების შეწყვეტაში დაეხმაროს. წინასწარი შედეგები იმედისმომცემია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროა უფრო ფართომასშტაბიანი კვლევები, რომლებიც მეთოდის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებას დაადასტურებს.
2026 წელს ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებული I/IIa ფაზის კვლევის — CASTLE-ის ფარგლებში, ერლანგენ-ნიურნბერგის ფრიდრიხ-ალექსანდრეს უნივერსიტეტისა და ერლანგენის საუნივერსიტეტო კლინიკის მეცნიერებმა CAR T-უჯრედული თერაპია სამი მძიმე აუტოიმუნური დაავადების: სისტემური წითელი მგლურას, სისტემური სკლეროზისა და იდიოპათიური ანთებითი მიოპათიების მქონე 24 პაციენტში შეაფასეს. ამ პაციენტებში დაავადებების მიმდინარეობა მანამდე ჩატარებული იმუნოსუპრესიული მკურნალობის მიუხედავად აქტიური რჩებოდა.
როგორ მუშაობს CAR T-უჯრედული თერაპია?
CAR T-უჯრედული თერაპიის დროს პაციენტის T-ლიმფოციტებს ორგანიზმიდან იღებენ და გენეტიკურად ისე ცვლიან, რომ მათ კონკრეტული სამიზნის ამოცნობა შეძლონ. ამ შემთხვევაში სამიზნეა CD19 ცილა, რომელიც B-ლიმფოციტების ზედაპირზე გვხვდება. B-უჯრედები იმუნურ პასუხში მონაწილეობენ, მათ შორის აუტოანტისხეულების წარმოქმნაში, და ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადების განვითარებასა და აქტივობას უწყობენ ხელს. ორგანიზმში შეყვანის შემდეგ მოდიფიცირებული T-უჯრედები CD19-ის მატარებელ B-უჯრედებს ანადგურებენ.
B-უჯრედების რამდენიმე ტიპი არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან ფუნქციითა და განვითარების ეტაპით განსხვავდება. „ნაივური B-უჯრედები“ ის ტიპია, რომელიც ჯერ არ შეხვედრია შესაბამის ანტიგენს და მის საპასუხოდ არ გააქტიურებულა, მეხსიერების B-უჯრედები კი ის, რომელიც იმუნოლოგიურ მეხსიერებას ინარჩუნებს და იმავე ანტიგენთან განმეორებითი შეხვედრისას სწრაფი იმუნური პასუხის განვითარებას უწყობს ხელს, ხოლო პლაზმობლასტები ანტისხეულების აქტიურად გამომმუშავებელი უჯრედებია. ზოგიერთი ამ ტიპის უჯრედი (მეხსიერების B-უჯრედები და პლაზმობლასტები) აუტოანტისხეულებს წარმოქმნის, რომლებიც ორგანიზმის საკუთარ ქსოვილებს უტევს და აუტოიმუნური დაავადებების განვითარებასა თუ გააქტიურებაში მონაწილეობს.
CASTLE-ის კვლევაში გაანალიზებულ 13 პაციენტში B-უჯრედების აღდგენისას ძირითადად (90%) „ნაივური B-უჯრედები“ (ანტიგენთან შეხების არ მქონე) გამოვლინდა, ხოლო მეხსიერების B-უჯრედები და პლაზმობლასტები თითქმის არ დაფიქსირდა. ეს მიგნება მიანიშნებს, რომ CAR T-უჯრედული თერაპიის შემდეგ იმუნური სისტემა, შესაძლოა, განსხვავებული შემადგენლობით აღდგეს, რაც დაავადების აქტივობის შემცირებას უწყობდეს ხელს, მაგრამ ამ კავშირის დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.
კვლევაში გამოიყენეს CD19 CAR T-უჯრედული პროდუქტი — Zorpo-cel (zorpocabtagene autoleucel), რომელიც პაციენტის საკუთარი T-ლიმფოციტებისგან მზადდება. თერაპიის ჩატარებამდე პაციენტებს შეუწყვიტეს იმუნოსუპრესიული მკურნალობა და ჩაუტარეს ლიმფოდეპლეციური ქიმიოთერაპია ციკლოფოსფამიდისა და ფლუდარაბინის გამოყენებით, რათა გენეტიკურად მოდიფიცირებული T-უჯრედებისთვის ხელსაყრელი პირობები შეექმნათ.
24-კვირიანი დაკვირვების შედეგად, 24-დან 22 პაციენტთან თერაპიამ სასურველი კლინიკური შედეგი აჩვენა. სისტემური წითელი მგლურას მქონე 10-დან 9 პაციენტმა რემისიას მიაღწია, სისტემური სკლეროზის მქონე ცხრავე პაციენტს ფილტვების ინტერსტიციული დაავადების პროგრესირება არ აღენიშნა, ხოლო იდიოპათიური ანთებითი მიოპათიების მქონე ხუთი პაციენტიდან ოთხმა მკურნალობაზე მნიშვნელოვანი ან საშუალო ხარისხის პასუხი აჩვენა. სისტემური სკლეროზის მქონე პაციენტებში ასევე დაფიქსირდა კანის ფიბროზის შემცირება, რომელიც სპეციალური კლინიკური შეფასების სკალის საშუალებით იზომებოდა.
კვლევის მნიშვნელოვანი შედეგი იყო ისიც, რომ 24-ვე პაციენტმა შეძლო გლუკოკორტიკოიდებისა და სხვა იმუნოსუპრესიული მკურნალობის შეწყვეტა, რაც 24-კვირიანი დაკვირვების პერიოდშიც შენარჩუნდა. დაკვირვების მედიანური ხანგრძლივობა 13 თვე იყო, ცალკეულ პაციენტებში კი 23 თვემდე გაგრძელდა. ამ პერიოდში დაავადების რეციდივი არ დაფიქსირებულა.
მსგავსი შედეგები მეცნიერებმა მანამდე, 2022 წელს Nature Medicine-ში გამოქვეყნებულ საპილოტე კვლევაშიც მიიღეს. კვლევაში მკურნალობისადმი რეზისტენტული სისტემური წითელი მგლურას მქონე ხუთივე პაციენტმა CAR T-უჯრედული თერაპიის შემდეგ რემისიას მიაღწია, რომელიც დაკვირვების პერიოდში მედიკამენტების გარეშე შეუნარჩუნდათ. ამ შედეგებმა გააძლიერა ვარაუდი, რომ თერაპიის ეფექტი შესაძლოა B-უჯრედების დროებით განადგურებას სცდებოდეს და იმუნური სისტემის ფუნქციურ „გადატვირთვას“ უკავშირდებოდეს.
მიუხედავად იმედისმომცემი შედეგებისა, თერაპიას რისკებიც ახლავს. CASTLE-ის კვლევაში ერთ პაციენტს განუვითარდა ციტომეგალოვირუსის (CMV) რეაქტივაცია, რომელსაც ახლდა თირკმლის მწვავე დაზიანება და თრომბოზული მიკროანგიოპათია. ინფექცია მკურნალობის შემდეგ აღმოიფხვრა, მაგრამ თირკმლის ფუნქციის დარღვევა შენარჩუნდა. ასევე დაფიქსირდა გვიანი, მძიმე ნეიტროპენიის სამი შემთხვევა, როდესაც სისხლში ნეიტროფილების რაოდენობა ინფუზიიდან 28 დღეზე მეტი ხნის შემდეგ შემცირდა. სამივე შემთხვევა სისტემური წითელი მგლურას მქონე პაციენტებში განვითარდა და გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორით (G-CSF) მკურნალობის შემდეგ აღმოიფხვრა. რაც შეეხება CAR T-თერაპიისთვის დამახასიათებელ გვერდით ეფექტებს, აღსანიშნავია, რომ ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომის (CRS) არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა მეორე ხარისხზე მძიმე, ხოლო იმუნურ ეფექტორულ უჯრედებთან ასოცირებული ნეიროტოქსიკურობის სინდრომი (ICANS) არ დაფიქსირებულა. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ თერაპიის უსაფრთხოების შესაფასებლად მნიშვნელოვანია სისხლის უჯრედების აღდგენისა და ინფექციების რისკის ხანგრძლივი მონიტორინგი.
კვლევის კიდევ ერთი შეზღუდვა მონაწილეთა მცირე რაოდენობაა. CASTLE ადრეული ფაზის კვლევა იყო და საკონტროლო ჯგუფი არ ჰყოლია, ამიტომ შედეგები ჯერ ვერ ადასტურებს, რომ CAR T-უჯრედული თერაპია არსებულ მკურნალობაზე უკეთესია. ამასთან, B-უჯრედების რაოდენობისა და შემადგენლობის აღდგენა პაციენტებს შორის განსხვავდებოდა, რაც მკურნალობის შემდგომი იმუნური პასუხისა და შესაძლო გრძელვადიანი რისკების შემდგომ შესწავლას საჭიროებს.
მეცნიერების მიზანია, გაარკვიონ შეუძლია თუ არა CAR T-უჯრედულ თერაპიას მძიმე, მკურნალობისადმი რეზისტენტული აუტოიმუნური დაავადებების დროს ხანგრძლივი, მედიკამენტებისგან თავისუფალი რემისიის უზრუნველყოფა. ამ ეტაპზე შედეგები პერსპექტიულია, მაგრამ მეთოდის ფართოდ გამოყენებამდე აუცილებელია უფრო მასშტაბური კვლევების ჩატარება და პაციენტებზე ხანგრძლივი დაკვირვება.
წყარო: nature

