კვლევა: COVID-19-ის ვაქცინა შობადობას არ ამცირებს

გააზიარე

შვედეთში, ლინჩეპინგის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ უარყო სოციალურ ქსელებში გავრცელებული მითები იმის შესახებ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შობადობის შემცირებას იწვევს. ჟურნალ Communications Medicine-ში გამოქვეყნებული ნაშრომი ადასტურებს, რომ ვაქცინაციასა და ფერტილობის გაუარესებას შორის კავშირი არ არსებობს.

სოციალურ მედიაში გავრცელებული უსაფუძვლო მოსაზრებების გადასამოწმებლად, მეცნიერებმა იენჩეპინგის რეგიონში მცხოვრები 18-დან 45 წლამდე ასაკის თითქმის 60,000 ქალის მონაცემები შეისწავლეს. 

კვლევა 2021-დან 2024 წლამდე პერიოდს მოიცავდა, რა დროსაც ქალების 75% მინიმუმ ერთხელ მაინც იყო აცრილი. ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ქალებს შორის არც შობადობის და არც თვითნებური აბორტების (მუცლის მოშლის) მხრივ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა არ ფიქსირდება.

კვლევის ავტორების განმარტებით, შობადობის კლება შვედეთში (და სხვა ქვეყნებში) სრულიად სხვა, უფრო ლოგიკური მიზეზებით აიხსნება. დღეს პოტენციური მშობლების ასაკში (დაახლოებით 30 წლის) არის ის თაობა, რომელიც 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიბადა ანუ იმ პერიოდში, როდესაც შვედეთში ისედაც დაბალი შობადობა და ფინანსური კრიზისი იყო.

გარდა ამისა, პანდემიასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა გაურკვევლობამ და ლოკდაუნის პერიოდში შეცვლილმა სოციალურმა ქცევამ ბევრ წყვილს შვილის გაჩენის გადაწყვეტილება დროებით გადაადებინა.

მკვლევრებმა ანალიზისას ქალების ასაკობრივი ფაქტორიც გაითვალისწინეს, რათა შედეგები მაქსიმალურად ზუსტი ყოფილიყო. ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ mRNA ვაქცინები რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე გავლენას არ ახდენს და შობადობის კლების მიზეზები დემოგრაფიულ და სოციალურ-ეკონომიკურ ცვლილებებში უნდა ვეძებოთ.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები