ფარმაცევტული კომპანიების, Merck-ისა და Moderna-ს მიერ შემუშავებული ექსპერიმენტული პერსონალიზებული mRNA ვაქცინა, პრეპარატ Keytruda-სთან კომბინაციაში, მელანომის (კანის კიბოს) რეციდივისა და ფატალური გამოსავლის რისკს 42%-ით ამცირებს. კლინიკური კვლევის ბოლო ფაზის შედეგები მადრიდში, ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოების (ESMO) კონგრესზე წარადგინეს.
კვლევა მოიცავდა პაციენტებს, რომლებსაც სიმსივნე ქირურგიული გზით უკვე ამოკვეთილი ჰქონდათ (ადიუვანტური თერაპია). მონაცემებმა აჩვენა, რომ ინოვაციური ვაქცინისა და უკვე დამტკიცებული იმუნოთერაპიული პრეპარატის, Keytruda-ს ერთობლივი გამოყენება ბევრად უფრო ეფექტიანია, ვიდრე მხოლოდ Keytruda-თი ჩატარებული სტანდარტული მკურნალობა.
როგორ მუშაობს პერსონალიზებული ვაქცინა?
ახალი პრეპარატი (დროებითი სახელწოდებით intismeran autogene) იმავე mRNA ტექნოლოგიას ეფუძნება, რომელსაც Moderna-ს კოვიდ-ვაქცინა იყენებს. თუმცა, ორგანიზმის ვირუსისგან დაცვის ნაცვლად, ის იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების წინააღმდეგ მიზნობრივი შეტევისთვის წვრთნის.
პრეპარატი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად იქმნება. ოპერაციის შემდეგ ამოკვეთილი სიმსივნის ქსოვილს გენეტიკური სეკვენირება უტარდება. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერები ქმნიან ვაქცინას, რომელიც იმუნურ სისტემას კონკრეტული პაციენტის სიმსივნისთვის დამახასიათებელი უნიკალური მარკერების ამოცნობასა და განადგურებას ასწავლის.
მემორიალ სლოან კეტერინგის კიბოს ცენტრის (MSKCC) ონკოლოგის, მაიკლ პოსტოუს შეფასებით, ეს არის მკაცრად მიზნობრივი იმუნური სტიმულაცია, რომლის მსგავსი მოქმედების მექანიზმი და ეფექტიანობაც კლინიკურ პრაქტიკაში აქამდე არ დაფიქსირებულა.
წარმატებულ კლინიკურ შედეგებზე დაყრდნობით, კომპანიები აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასთან (FDA) პრეპარატის ავტორიზაციის მისაღებად უკვე მუშაობენ. პარალელურად, პერსონალიზებული mRNA ტექნოლოგია კიბოს სხვა ფორმების, მათ შორის ფილტვისა და პანკრეასის სიმსივნეების სამკურნალოდაც იტესტება.
წყარო: CNN

