პროფესორი თინათინ ტყემალაძე ევროპის ადამიანის გენეტიკის საზოგადოების სამეცნიერო კომიტეტის წევრად აირჩიეს

გააზიარე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) მედიცინის ფაკულტეტის დეკანი და მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ტყემალაძე ევროპის ადამიანის გენეტიკის საზოგადოების (ESHG) სამეცნიერო პროგრამის კომიტეტის წევრად აირჩიეს.

ESHG ადამიანის გენეტიკის სფეროში ევროპის ყველაზე ავტორიტეტული პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც 70 ქვეყნის 4000-ზე მეტ სპეციალისტს აერთიანებს. ორგანიზაცია ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს უწყობს ხელს, კლინიკურ პრაქტიკაში მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს და ევროპაში მოღვაწე მკვლევრებს ერთმანეთთან აკავშირებს.

სამეცნიერო პროგრამის კომიტეტი ევროპის 14 ქვეყნის 35 წევრს აერთიანებს. საბჭო მათ 4 წლის ვადით ნიშნავს. კომიტეტი წელიწადში ოთხჯერ იკრიბება და უშუალოდ განაგებს ორგანიზაციის სამეცნიერო პროცესებს: შეიმუშავებს ყოველწლიური შეხვედრის პროგრამას, იწვევს მომხსენებლებს, განიხილავს აბსტრაქტებს, არჩევს ნაშრომებს ზეპირი მოხსენებებისთვის, გასცემს სამოგზაურო გრანტებსა და სასწავლო ფელოუშიპებს და ავლენს ESHG-ის საგანმანათლებლო და მენდელის ჯილდოების მფლობელებს.

მანამდე თინათინ ტყემალაძე 5 წლის განმავლობაში ESHG-ის ბორდის წევრის პოზიციას იკავებდა. ის პირველი ქართველია, ვინც აღნიშნული ევროპული საზოგადოების როგორც ბორდის, ისე სამეცნიერო პროგრამის კომიტეტის წევრად აირჩიეს.

წყარო: თსსუ

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები