სიმსუქნე თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევად იქცა. მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტი ადამიანი, მათ შორის 163 მილიონი ბავშვი და მოზარდი, ცხოვრობს სიმსუქნით. საქართველოში, ისევე როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში, ამ ადამიანებს ორმაგ ტვირთთან უწევთ გამკლავება: ფიზიკურ და სამედიცინო პრობლემებთან ერთად, სტიგმასთან, იზოლაციასთან, ემოციურ დისკომფორტთან და რაც მთავარია, განიცდიან ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის დეფიციტს.
2024-2025 წლებში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის მიერ ჩატარებულმა ეროვნულმა კვლევამ (რომელიც ჩატარდა NCD გლობალური ალიანსის მხარდაჭერით), აჩვენა, რომ საქართველოში არაგადამდები დაავადებებით მცხოვრები ადამიანების 66%-ს არ აქვს წვდომა ფსიქოლოგიურ კონსულტაციასა და კოლეგიალურ მხარდაჭერაზე (peer support). სიმსუქნით მცხოვრები ადამიანებისთვის ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავე და სენსიტიური აღმოჩნდა. მიუხედავად მკაფიოდ გამოკვეთილი და აუცილებელი საჭიროებისა, საქართველოში არ არსებობს სტრუქტურირებული მხარდაჭერა სიმსუქნით მცხოვრები პირებისთვის.
ამ საჭიროების საპასუხოდ საქართველოს NCD ალიანსმა წამოიწყო ქვეყანაში პირველი მხარდაჭერის ინიციატივა ჭარბწონიანი ადამიანებისთვის. „ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩემპიონების“ უფასო, მოხალისეობრივ პრინციპზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ერთის მხრივ აჩენს სივრცეს ერთმანეთის მხარდაჭერისთვის და გაძლიერებისთვის, მეორეს მხრივ აკავშირებს მოხალისეობის სურვილის მქონე სპეციალისტებს (ენდოკრინოლოგები, ფსიქოლოგები, ჰელს ქოუჩები, ფიტნეს ტრენერები, ნუტრიციოლოგები და სხვა) პაციენტებთან.
არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და მართვის ადვოკატირებისთვის ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიის განხილვის დროს ჯანდაცვის სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად წარმოჩინდა საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის და პრომოციის საკითხები. შესაბამისად, დავიწყეთ ცვლილებების მართვის პრინციპების გამოყენება და “bottom-up” მიდგომა. ვცდილობთ შევქმნათ ცვლილებების მხარდამჭერი ჩემპიონები და ჯგუფები, რომლებიც საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის სასარგებლოდ შეცვლიან სოციალურ ნორმებს.
პილოტირებისას ნასწავლი გაკვეთილების და გამოცდილების საფუძველზე გამოიკვეთა ახლებური ხედვა და სკალირების (რეგიონებში გავრცობის) გეგმა. ასევე ჯგუფებისთვის პერსონალური (personality type) ფასილიტატორების შერჩევა და მათი საგანგებოდ მომზადება/ტრენინგი.
სიმსუქნეს დიდხანს მხოლოდ სამედიცინო კუთხით უყურებდნენ და ხშირად შეუმჩნეველი რჩებოდა თემის-community-ს გარდამქმნელი ძალა. როცა ადამიანები ერთიანდებიან, ისინი ქმნიან არა მხოლოდ სოციალურ მხარდაჭერას – ისინი ქმნიან ერთიან ძალას, გაზიარებულ პასუხისმგებლობას და იმედს. იმ ეპოქაში, სადაც მარტოობა და გაუცხოება ფართოდ არის გავრცელებული, უნდა გვახსოვდეს რომ ადამიანური კავშირიც წამალია.
თემი არის ადგილი, სადაც ჯანმრთელობა რეალობად იქცევა: სადაც ადამიანები გრძნობენ, რომ მათი ესმით. სადაც სტიგმას ცვლის სოლიდარობა და სადაც ცოდნა ყოველდღიურ საქმედ იქცევა.
ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ როდესაც ადამიანს აძლევ უსაფრთხო სივრცეს, სადაც შეუძლია გააზიაროს თავისი სირთულეები და იზეიმოს პროგრესი, პრევენცია ხდება მდგრადი და ცვლილება გადამდები.
ამ მიზნის განხორციელებას უზრუნველყოფს ურთიერთ-სასარგებლო (win-win) პლატფორმა – სპეციალისტები, რომლებიც მზად არიან საკუთარი ცოდნა და უნარები მოხალისეობრივად გააზიარონ და ბენეფიციარები, რომლებიც მზად არიან ისწავლონ, გამოსცადონ და გარდაქმნან თავიანთი ცხოვრება. ასეთი პლატფორმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებში, სადაც რესურსები მწირია და შეზღუდული.
ეს არის თანასწორთა პარტნიორობა, სადაც პროფესიონალები პოულობენ საზრისს მსახურებაში, ხოლო ადამიანები ძალას ცოდნაში და საერთო გამოცდილებაში. ერთად ეს ქმნის ისეთ შედეგებს, რომელსაც ვერც ერთი კლინიკა და ინსტიტუცია ცალკე ვერ მიაღწევდა. რაც მთავარია, საბოლოო შედეგი არის საზოგადოების განათლება და სოციალური ნორმების ცვლილება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პრომოციისა და დანერგვისთვის, უფრო ჯანმრთელი საზოგადოებისთვის.

