თანამედროვე მედიცინა ხშირად დუმს იმაზე, თუ რა სისასტიკეს მალავს დახურული ლაბორატორიების კარები. ცხოველთა უფლებადამცველმა ორგანიზაცია PETA-მ ახლახან უპრეცედენტო ფარული კადრები გამოაქვეყნა, სადაც აშშ-ში, ვაშინგტონის უნივერსიტეტში ახალდაბადებულ მაკაკებზე ჩატარებული მძიმე ექსპერიმენტები ჩანს. ეს ვიდეომასალა ცხადად აჩვენებს იმ რეალობას, რასაც მეცნიერები წლების განმავლობაში ასაიდუმლოებდნენ.
2014-2020 წლებში მკვლევრებმა 32 გესტაციის პერიოდში მყოფი მაიმუნის ორგანიზმში ნეიროტოქსინი შეიყვანეს. დაბადებისთანავე მათ 28 ნაშიერი დედებს წაართვეს. კადრებში ჩანს, როგორ პარსავენ პატარებს თავებს, უმაგრებენ ელექტროდებს და ნევროლოგიურ ტესტებს უტარებენ. მძიმე სტრესში მყოფი მაიმუნები მეტალის მაგიდაზე საბნებს ებღაუჭებიან და კივიან. ცდების დასრულების შემდეგ მკვლევრებმა ყველა საცდელი ცხოველი დახოცეს. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტმა აშშ-ის მთავრობისგან 4.2 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო.
კვლევის ეთიკურობასა და შედეგებს ექსპერტები მკაცრად გმობენ. პრიმატოლოგები განმარტავენ, რომ დედისგან ნაშიერის მოშორება ცხოველის იმუნიტეტსა და ფსიქიკას ანგრევს, რაც ტესტირების შედეგებს თავიდანვე ამახინჯებს. უნივერსიტეტი თავს იცავს და ამტკიცებს, რომ კვლევები საზოგადოებრივ ჯანდაცვას სჭირდება. თუმცა ფაქტია: ამ კონკრეტულ ექსპერიმენტებს ადამიანთა მკურნალობის ოფიციალური პროტოკოლები არ შეუცვლია. ტოქსინზე დაკვირვების დასრულების შემდეგ, ლაბორატორიამ მცირეწლოვანი მაიმუნების შეძენა და მათზე აივ-ინფექციისა (HIV) თუ სხვა ვირუსების ტესტირება განაგრძო.
მეცნიერთა ნაწილი ღიად საუბრობს, რომ ადამიანსა და მაიმუნს შორის არსებული ბიოლოგიური სხვაობების გამო, მსგავსი ექსპერიმენტები იშვიათად ამართლებს და რეალურ სამედიცინო პროგრესს არ იძლევა. დღეს მსოფლიო მედიცინა ალტერნატიულ, მაღალტექნოლოგიურ მეთოდებს ნერგავს, მაგრამ ამერიკულ ლაბორატორიებში 106 000-ზე მეტი მაიმუნი კვლავ საცდელ ობიექტად რჩება. PETA მსგავსი კვლევითი ცენტრების დაუყოვნებლივ დახურვას მოითხოვს.
წყარო: The Guardian

