ქართველი სტუდენტების წარმატება ტაშკენტის საერთაშორისო სამედიცინო ოლიმპიადაზე

გააზიარე

ტაშკენტში გამართული საერთაშორისო სამედიცინო ოლიმპიადა „Medicine of the Future“ ქართველი სტუდენტებისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა: 25 ქვეყნის ასზე მეტ გუნდს შორის ღირსეულად წარდგნენ და მაღალი პროფესიული კომპეტენცია წარმოაჩინეს.

საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი სტუდენტების დებიუტზე, ოლიმპიადის ფორმატსა და მსგავსი მასშტაბის პროექტების მნიშვნელობაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ნანუკა ყავლაშვილი საუბრობს.

პირველ რიგში, გვიამბეთ ამ საერთაშორისო ოლიმპიადის შესახებ – რას წარმოადგენს ის და რა მიზანს ემსახურება?

ეს არის სამედიცინო სტუდენტებისთვის განკუთვნილი ყოველწლიური ოლიმპიადა „Medicine of the Future“, რომლის მასპინძელია აზიის ცენტრალური უნივერსიტეტი ტაშკენტში, უზბეკეთი. მასშტაბური შეჯიბრი 25-მდე ქვეყნის წარმომადგენელ ასზე მეტ სტუდენტურ გუნდს აერთიანებს. თითოეული გუნდი ხუთი წევრისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრი საკმაოდ პრესტიჟულია, რადგან მასში პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთის ქვეყნებთან ერთად ევროპის წამყვანი ქვეყნების გუნდებიც მონაწილეობენ.

როგორი ფორმატით ტარდება ეს ოლიმპიადა და რა ეტაპებს მოიცავს?  

ოლიმპიადა სამი ძირითადი ეტაპისგან შედგება. პირველი არის შესარჩევი და მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც ონლაინ გასაუბრებებსა და შესაბამისი საფეხურების გავლით ხორციელდება. ამის შემდეგ, ადგილზე ჩასვლისას, იმართება ნახევარფინალი OSCE (ოსკის) ფორმატით. ეს არის ხუთი სადგურისგან შედგენილი ტესტი, სადაც სტუდენტებმა პრაქტიკული მანიპულაციები უნდა ჩაატარონ ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ქირურგია, პედიატრია, შინაგანი მედიცინა, გინეკოლოგია და გადაუდებელი მედიცინა; თითოეულ სადგურზე ისინი შესაბამის ქულებს აგროვებენ. მომდევნო დღეს უკვე ფინალური ეტაპი – ქვიზი იმართება, რომელიც კლინიკურ შემთხვევებსა და კითხვებს ეფუძნება. ზოგჯერ ტესტური დავალებები დაკავშირებულია ხელოვნებასთან ან მედიცინის თემატიკაზე შექმნილ კინონაწყვეტებთანაც კი. საბოლოოდ, გამარჯვებულები სწორედ ამ ეტაპების ჯამური ქულების მიხედვით ვლინდებიან.

რა შედეგებით დასრულდა ეს ოლიმპიადა ქართველი სტუდენტებისთვის?

სამედიცინო უნივერსიტეტის, კერძოდ კი ამერიკული პროგრამის სტუდენტებისთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ოლიმპიადაში საკუთარი გუნდით მონაწილეობდნენ. მოსამზადებლად ძალიან მცირე დრო ჰქონდათ, რადგან წინასწარ ბოლომდე არ იცოდნენ OSCE-ს (ოსკის) სადგურების ზუსტი ტიპები და დეტალები. მიუხედავად იმისა, რომ პროცესში პირველად ჩაერთნენ და გარკვეული სირთულეებიც შეხვდათ, ჩვენმა გოგონებმა ბარიერები წარმატებით გადალახეს.

საქართველოს გუნდი ხუთი წევრისგან შედგებოდა: ელენე ადამია, ნინო ობოლაძე, ნინო ბორაშვილი, ნინო ქოიავა, ანასტასია მინდიაშვილი. OSCE-ს ფორმატში მათ მეოთხე ადგილი დაიკავეს, რაც შესანიშნავი შედეგია. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან კიდევ ერთი გუნდი (აიეტიდან) მონაწილეობდა, რომელმაც მესამე ადგილი მოიპოვა. მომდევნო დღეს ქვიზის ფორმატში ფინალი გაიმართა, სადაც ჩვენმა გუნდმა საბოლოო ჯამში მეცხრე ადგილი დაიკავა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს მათი დებიუტი იყო, შედეგი ნამდვილად ძალიან კარგია. თუ გადავხედავთ გამარჯვებულებს, საპრიზო ადგილები ძირითადად რუსულმა და უზბეკურმა გუნდებმა გაინაწილეს, ათეულში შესულ ევროპულ ნაკრებებს შორის კი მეორე ადგილი ედინბურგის წარმომადგენლებმა დაიკავეს.

როგორ შეაფასებდით მსგავს საერთაშორისო ოლიმპიადებში სტუდენტების ჩართულობას და რა მნიშვნელობა აქვს მათთვის ამ გამოცდილებას?  

ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, სტუდენტები იძენენ უნიკალურ საკონკურსო გამოცდილებას, რადგან მსგავსი ფორმატის შეჯიბრებები ხშირი არ არის; ასეთი გარემო გადამწყვეტია სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი კონტაქტები და კომუნიკაციაა – ჩვენს სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ეურთიერთათ თანატოლებთან არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრციდან, არამედ ევროპის წამყვანი ქვეყნებიდანაც. ეს შესანიშნავი შანსია პროფესიული კავშირების დასამყარებლად. სწორედ ამიტომ, მსგავს კონკურსებში მონაწილეობა ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტისთვის ძალზე საინტერესო და პრესტიჟულია.



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები