საქართველოს პარლამენტმა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნის, მისი გაგრძელებისა და პაციენტის კლინიკიდან გაწერის წესებში ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტი დეპუტატებმა დაჩქარებული წესით განიხილეს და მესამე მოსმენით მიიღეს. საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის კანონსა და საპროცესო კოდექსებში შესულ ცვლილებებს საფუძვლად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაედო.
მოქმედი კანონმდებლობით, სისხლის სამართლის მოსამართლე იძულებით მკურნალობას მაქსიმუმ 4 წლის ვადით ნიშნავს. მიღებული პროექტის თანახმად კი, ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია პაციენტის მდგომარეობას ორ თვეში ერთხელ შეისწავლის და მკურნალობის გაგრძელების საფუძვლებს ხელახლა შეაფასებს. კომისიის გადაწყვეტილება, როგორც იძულებითი, ისე არანებაყოფლობითი მკურნალობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდება.
ამასთან, მკურნალობის შეფარდებიდან ყოველ 6 თვეში ერთხელ, კლინიკის ადმინისტრაცია კომისიის დასკვნასა და დოკუმენტაციას სასამართლოს გადაუგზავნის, რათა მოსამართლემ მკურნალობის საჭიროება კიდევ ერთხელ განიხილოს. ცვლილებების მიუხედავად, მკურნალ ექიმს კვლავ რჩება უფლებამოსილება, პაციენტის ვადამდე გამოჯანმრთელების შემთხვევაში, კომისიას ნებისმიერ დროს მიმართოს.
წყარო: Interpressnews

