„ვაქცინები მუშაობს ყველა თაობისთვის“ — იმუნიზაციის მსოფლიო კვირეული 2026 დაიწყო

გააზიარე

2012 წლის მაისში ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ საფუძველი ჩაუყარა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის გლობალურ ინიციატივას, რომლის თანახმადაც ყოველი წლის აპრილის ბოლო კვირა იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულად გამოცხადდა. კამპანიის უმთავრესი მისიაა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ და ვაქცინაციის როლის გაძლიერება იმუნიზაციით პრევენცირებადი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში.

2026 წლის კვირეულმა სტარტი 24 აპრილს აიღო და 30 აპრილამდე გაგრძელდება. წლევანდელი ღონისძიების მთავარი სლოგანია — „ვაქცინები მუშაობს ყველა თაობისთვის“. აღნიშნული გზავნილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმუნიზაციის კრიტიკულ მნიშვნელობას პოპულაციის ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის, ასევე მის ფუნდამენტურ როლს ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის  კონტექსტში.

ორ საუკუნეზე მეტია, რაც იმუნიზაცია მომავალი თაობების ჯანმრთელობის დაცვის მტკიცე გარანტია. ჯანმოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 150 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, რომელთაგან 101 მილიონი ჩვილია. ამ პერიოდში მიღწეულ იქნა ყვავილის ინფექციის სრული ერადიკაცია და პოლიომიელიტის ელიმინაცია მსოფლიოს უმეტეს რეგიონში. ამასთანავე, მნიშვნელოვნად შემცირდა წითელას, დიფტერიის, ყივანახველისა და ტეტანუსის ინციდენტობა და მათთან ასოცირებული სიკვდილიანობა. 2026 წლის მონაცემებით, იმუნიზაციის პროგრამები გლობალურად ყოველ წუთში საშუალოდ 6 ბავშვის სიცოცხლეს ინარჩუნებს.

მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა კონკრეტული ინფექციური დაავადებების კონტროლის მიმართულებითაც. B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ფართო დანერგვამ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ინფექციის პრევალენტობა გლობალურ დონეზე 1%-მდე შეამცირა. Haemophilus influenzae type b (Hib) იმუნიზაციის პროგრამებმა მინიმუმამდე დაიყვანა მენინგიტისა და პნევმონიის მძიმე ფორმების გავრცელება, ხოლო პნევმოკოკის და როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენებამ საგრძნობლად შეამცირა აღნიშნულ ინფექციებთან ასოცირებული პედიატრიული ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებლები, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. ამჟამად, პნევმოკოკის ვაქცინა ინტეგრირებულია დაახლოებით 160 ქვეყნის ეროვნული იმუნიზაციის კალენდარში; როტავირუსის ვაქცინა ხელმისაწვდომია 131 ქვეყანაში, ხოლო B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნიზაცია შეტანილია თითქმის ყველა ქვეყნის ეროვნულ პროგრამაში, ჯანმოს 2024 წლის მონაცემებით, დაახლოებით 190 ქვეყანაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ მალარიის უახლესი ვაქცინები RTS,S/AS01 და R21/Matrix-M ეტაპობრივად ინტეგრირდება სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნების რუტინული იმუნიზაციის კალენდარში. 2026 წლის დასაწყისისთვის, დაახლოებით 25-მა ქვეყანამ უკვე დანერგა აღნიშნული ვაქცინები, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს მალარიის ტვირთის შემცირების მიმართულებით.

მიღწეული კოლოსალური პროგრესის მიუხედავად, გლობალური იმუნიზაციის სისტემაში კვლავ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები. განსაკუთრებით საგულისხმოა „ნულოვანი დოზის“ (zero-dose) ბავშვების მაღალი წილი, რაც იმუნიზაციის სერვისებზე წვდომის სისტემური უთანასწორობის ინდიკატორია. UNICEF-ის (2023) მონაცემებით, 14.5 მილიონი ბავშვი სრულად მოკლებულია რუტინულ იმუნიზაციას, ხოლო 20 მილიონზე მეტს ვაქცინაციის კურსი არ დაუსრულებია. დიფტერია-ტეტანუს-ყივანახველას მესამე დოზის (DTP3) დაფარვა დაახლოებით 84%-ს შეადგენს, რაც ჩამორჩება კოლექტიური იმუნიტეტისათვის საჭირო ≥90%-იან ზღვარს. კიდევ უფრო კრიტიკულია ვითარება წითელასთან მიმართებით, სადაც ვაქცინის პირველი დოზით მოცვა 83%-ია, ხოლო მეორე დოზით— დაახლოებით 74%, რაც მნიშვნელოვნად დაბალია საჭირო 95%-იან მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნული ტენდენცია ხელს უწყობს წითელას ეპიდაფეთქებების ზრდას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.

ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს COVID-19-ის პანდემიის გრძელვადიანი გავლენა. 2019–2021 წლებში დაახლოებით 67-მა მილიონმა ბავშვმა გამოტოვა ერთი ან მეტი გეგმიური აცრა, რის გამოც იმუნიზაციის მაჩვენებლების სრული აღდგენა დღემდე სერიოზულ გამოწვევად რჩება.

ზემოთხსენებულ გამოწვევებს სამი ურთიერთდაკავშირებული სისტემური ფაქტორი განაპირობებს. პირველი — სოციალურ-ეკონომიკური და გეოგრაფიული უთანასწორობაა, რაც იმუნიზაციის სერვისებზე არათანაბარ წვდომას განაპირობებს; შედეგად, არაიმუნიზებული მოსახლეობის დიდი ნაწილი კონცენტრირებულია დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებსა და კონფლიქტურ რეგიონებში, სადაც ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის შესაძლებლობები შეზღუდულია. მეორე — ვაქცინაციის მიმართ სკეპტიციზმია, რომელიც ჯანმომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ შეაფასა. დეზინფორმაციის გავრცელება და ჯანდაცვის ინსტიტუტების მიმართ ნდობის ეროზია არა მხოლოდ აფერხებს ვაქცინაციის მოცვის ზრდას, არამედ საფრთხეს უქმნის ათწლეულების განმავლობაში მიღწეულ ეპიდემიოლოგიურ სტაბილურობას. მესამე — ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული ბარიერებია, კერძოდ, „ცივი ჯაჭვის“ გაუმართაობა, რაც ართულებს ვაქცინების დროულ და ეფექტიან მიწოდებას რესურსშეზღუდულ რეგიონებში. აღნიშნული ფაქტორების სინერგია ცხადყოფს, რომ იმუნიზაციის დაფარვის გაუმჯობესება მოითხოვს არა მხოლოდ ვაქცინების ფიზიკური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, არამედ ჯანდაცვის სისტემების მრავალმხრივ და სისტემურ გაძლიერებას, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის განვითარებას, სერვისებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფას, ეფექტიანი ლოჯისტიკური მექანიზმების ჩამოყალიბებას, საზოგადოების ნდობის განმტკიცებასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებას.

მიუხედავად არსებული ბარიერებისა, ვაქცინაცია რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან და ეკონომიკურად გამართლებულ ინტერვენციად, რომელიც ამცირებს ავადობისა და სიკვდილიანობის გლობალურ ტვირთს. იგი უზრუნველყოფს როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ დაცვას 20-ზე მეტი ვაქცინით პრევენცირებადი ინფექციური და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებისგან. ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს ჰოსპიტალიზაციასა და გართულებებს, ზოგავს ჯანდაცვის დანახარჯებს და ხელს უწყობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

წყარო: Who.int 

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები