ტვინის ოპერაციის შემდეგ პაციენტი ადამიანების სახეებზე კატის თვალებს ხედავს — მეცნიერებმა იშვიათი სინდრომი შეისწავლეს

გააზიარე

დართმუთის კოლეჯის (Dartmouth College) მკვლევრებმა სამეცნიერო ჟურნალ Cortex-ში იშვიათი ნევროლოგიური დარღვევის უჩვეულო შემთხვევა აღწერეს. 28 წლის მამაკაცი, რომელსაც თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა, ადამიანების სახეებზე საკუთარი კატის თვალებსა და ნაკვთებს ხედავს.

პაციენტს, სახელად კარლს, ორი წლის წინ მარჯვენა საფეთქლის წილის ნაწილის ამოკვეთა დასჭირდა. მიზეზი არტერიოვენური მალფორმაცია — არტერიებსა და ვენებს შორის სისხლძარღვების პათოლოგიური ხლართი იყო, რომელსაც მკურნალობის გარეშე სისხლჩაქცევის გამოწვევა შეეძლო. ვინაიდან მარჯვენა საფეთქლის წილი სახეების ამოცნობასა და გადამუშავებაში კრიტიკულ როლს ასრულებს, ოპერაციის შემდეგ მას პალინოფსიის ერთ-ერთი ფორმა — პროსოპომეტამორფოფსია (PMO) განუვითარდა. ეს არის სინდრომი, როდესაც ადრე ნანახი ობიექტის დეტალები ადამიანის შემდგომ აღქმაში გადადის.

კარლის მდგომარეობის გამოვლინება იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის ან რას დაინახავს ის გაღვიძებისთანავე. თუ დილით მისი თვალი პირველად შინაურ კატას, ლუნას აღიქვამს, მთელი დღის განმავლობაში, პირადად თუ ონლაინ შეხვედრისას, ადამიანების სახეებზე კატის ნუშისებრ თვალებს, გაფართოებულ გუგებსა და ზოლებს ხედავს. და პირიქით, თუ გაღვიძებისას პირველად ადამიანს დაინახავს, მოგვიანებით სწორედ მის ნაკვთებს ამჩნევს სხვა ადამიანებსა თუ საკუთარ კატაზე.

„ეს შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რომ ტვინს შეუძლია, მეხსიერებიდან ცალკეული დეტალები ამოიღოს და მიმდინარე ვიზუალური აღქმა შეცვალოს“, — აღნიშნავს კვლევის ავტორი, დართმუთის კოლეჯის ფსიქოლოგიისა და ტვინის მეცნიერებათა პროფესორი ბრედ დუშეინი.

კარლის ვიზუალური აღქმის ზუსტად საილუსტრაციოდ მკვლევრებმა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს. პროფესორმა დუშეინმა ხელით დახატული ესკიზი დიდ ენობრივ მოდელში ატვირთა და პაციენტთან მუდმივი უკუკავშირით, ფოტორეალისტური გამოსახულებები შექმნა. ეს მეთოდი მსგავსი სინდრომის მქონე პაციენტებს ეხმარება, ექიმებსა და ოჯახის წევრებს ზუსტად აჩვენონ, თუ როგორ ხედავენ ისინი სამყაროს.

დუშეინის ლაბორატორიას სახის აღქმის დამახინჯების მქონე 250-ზე მეტი პაციენტი დაუკავშირდა. მკვლევრის თქმით, ხშირ შემთხვევაში, ამ ადამიანებს არასწორ ფსიქიატრიულ დიაგნოზს უსვამენ და ანტიფსიქოზურ პრეპარატებსაც კი უნიშნავენ, მაშინ როდესაც მათი პრობლემა წმინდად ვიზუალური და ნევროლოგიურია.

წყარო: MedicalXpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები