როგორ იქცა ლუპიტა ნიონგოს პირადი ისტორია საშვილოსნოს ფიბროიდების წინააღმდეგ გლობალურ მანიფესტად

გააზიარე

2026 წლის 1 მარტს, ოსკაროსანმა მსახიობმა ლუპიტა ნიონგომ 43-ე იუბილე არა ტრადიციული სადღესასწაულო ფოტოთი, არამედ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული რეზონანსული მიმართვით აღნიშნა. მსახიობმა საკუთარი დაბადების დღე ქალთა ჯანმრთელობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების პლატფორმად აქცია. მან საზოგადოებას გაუზიარა ინფორმაცია საშვილოსნოს იმ 77 ფიბროიდის შესახებ, რომლებიც მის ორგანიზმში წლების განმავლობაში განვითარდა.

ნიონგოს გულწრფელმა მიმართვამ მალევე მიიპყრო ყურადღება:

„ვისწრაფვი სამყაროსკენ, სადაც არცერთი ქალი დარჩება მარტო ფიბროიდების პირისპირ – უყურადღებოდ, არასათანადო მკურნალობითა თუ უგულებელყოფილი ტკივილით. ამ გზაზე კვლევა ჩვენი მთავარი იარაღია, კვლევას კი მხარდაჭერა და დაფინანსება სჭირდება“

ვიზუალური გზავნილისთვის მსახიობმა 77 ცალი ხილისგან შემდგარი კალათა გამოიყენა, რაც სიმბოლურად მის ორგანიზმში არსებული ფიბროიდების რაოდენობასა და მათგან გამოწვეულ „უხილავ ტვირთზე“ მიანიშნებდა.

Credit : Emma Summerton; Credit: Lupita Nyong’o/Instagram

ლუპიტა ნიონგოს გადაწყვეტილება, ღიად ისაუბროს ქალთა ჯანმრთელობის გამოწვევებზე, მოულოდნელი არ ყოფილა; მისი ამჟამინდელი აქტივობა მრავალწლიან პირად გამოცდილებას ეფუძნება. მსახიობის ისტორია 2014 წელს, კარიერული ტრიუმფის პარალელურად დაიწყო. სწორედ მაშინ, როდესაც მან ფილმისთვის „მონობის 12 წელი“ „ოსკარი“ მოიპოვა, ექიმებმა მის ორგანიზმში მზარდი სიმსივნური წარმონაქმნები აღმოაჩინეს.

რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნების მიზნით, ლუპიტამ მიომექტომია ჩაიტარა, რომლის დროსაც ქირურგებმა 25-მდე კვანძი ამოკვეთეს. მიუხედავად წარმატებული ინტერვენციისა, შედეგი დროებითი აღმოჩნდა: მომდევნო 12 წლის განმავლობაში მის საშვილოსნოში კიდევ 50-ზე მეტი ფიბროიდი განვითარდა. ზოგიერთმა მათგანმა მნიშვნელოვან ზომებს მიაღწია, რასაც თან მენჯის არეში მუდმივი ტკივილი და პათოლოგიური სისხლდენა მოჰყვა. ამ პროცესებმა, საბოლოო ჯამში, მძიმე ანემია და ფსიქოლოგიური იზოლაცია გამოიწვია. მსახიობის თქმით, ის ყოველთვიურად სისხლის სახიფათო რაოდენობას კარგავდა და მუდმივი ტკივილის ფონზე „ჩუმად იტანჯებოდა“. ამ გულწრფელი აღიარებით მან ხაზი გაუსვა სირცხვილის გრძნობასა და ტკივილის ნორმალიზების იმ ტენდენციას, რაც ბევრი ქალისთვის ყოველდღიურობას წარმოადგენს.

საკუთარ მდგომარეობაზე საჯარო საუბარი მსახიობმა 2025 წელს, სხვა ქალების მხარდამჭერი გამოხმაურებების შემდეგ დაიწყო. მისი თქმით, ეს შემთხვევა იშვიათი კი არა, უბრალოდ „იშვიათად მოყოლილი ისტორიაა“. უკვე 2026 წელს, „ქალთა ჯანმრთელობის ფონდთან“ ერთად, მან კამპანია #MakeFibroidsCount წამოიწყო. ინიციატივა მცირეინვაზიური მკურნალობის მეთოდების კვლევისთვის ფინანსური რესურსების მობილიზებას ისახავს მიზნად.

რა არის საშვილოსნოს ფიბროიდები?

საშვილოსნოს ფიბროიდები, იგივე ლეიომიომები, რეპროდუქციული ასაკის ქალებში ყველაზე გავრცელებულ კეთილთვისებიან სიმსივნეებს წარმოადგენს. სტატისტიკურად, 50 წლის ასაკისთვის ეს პათოლოგია ქალების 70−80%-ში ვლინდება. წარმონაქმნები საშვილოსნოს კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილისგან ყალიბდება, რასაც სტიმულირებას ჰორმონალური ფონი (ესტროგენი და პროგესტერონი) და გენეტიკური ფაქტორები უწევს.

ფიბროიდები ხშირად ასიმპტომურია და მათი ზომა თუ რაოდენობა პაციენტებში მკვეთრად განსხვავდება. იმ შემთხვევებში კი, როდესაც პათოლოგია სიმპტომურად ვლინდება, ის პაციენტის ცხოვრების ხარისხზე მკვეთრად აისახება:

მენორაგია: ჭარბი სისხლდენა ხშირად რკინადეფიციტური ანემიისა და ქრონიკული დაღლილობის მიზეზი ხდება.

კომპრესიული მოვლენები: მეზობელ ორგანოებზე ზეწოლა შარდვის გახშირებას, წელის ტკივილსა თუ ყაბზობას განაპირობებს.

რეპროდუქციული რისკები: ფიბროიდებმა შესაძლოა უნაყოფობა ან ორსულობის მიმდინარეობის გართულება გამოიწვიოს.

რასობრივი დისპარიტეტი

საშვილოსნოს ფიბროიდები შავკანიან ქალებს არაპროპორციულად დიდ ზიანს აყენებს. სტატისტიკურად, 50 წლის ასაკისთვის ეს პათოლოგია მათ პოპულაციაში 80−90%-ს აღწევს, თეთრკანიან ქალებში კი ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალია. ამასთან, შავკანიან პაციენტებში დაავადება ბევრად ადრეულ ასაკში ვლინდება და კლინიკური მიმდინარეობის მაღალი სიმძიმით ხასიათდება.

ამ კრიზისს გენეტიკური წინასწარგანწყობა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის სისტემური ბარიერები კიდევ უფრო ამწვავებს. ხშირად პაციენტებს საშვილოსნოს ნაადრევ ამოკვეთას სთავაზობენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნება სურთ. აღნიშნული მიდგომა უნაყოფობის რისკებს ზრდის და ცხოვრების ხარისხს მკვეთრად აქვეითებს.

დიაგნოსტიკის პროცესი წლობით ფერხდება, რადგან ტკივილის ნორმალიზების ტენდენციის გამო სიმპტომებს ხშირად „ჩვეულებრივ მენსტრუაციულ ციკლს“ მიაწერენ. ლუპიტა ნიონგოს ისტორია სწორედ ამ უთანასწორობას წარმოაჩენს: შავკანიანი ქალები ხშირად იძულებულნი არიან ჩუმად გაუმკლავდნენ დაავადებას, რომლის კვლევა/დაფინანსება ჯერ კიდევ არ შეესაბამება არსებულ საჭიროებებს.

დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტები

ვიზუალიზაციის მეთოდების განვითარებამ ფიბროიდების დიაგნოსტიკა ბევრად უფრო ზუსტი და ხელმისაწვდომი გახადა. პირველადი კვლევის მეთოდად კვლავ მენჯის ღრუს ულტრაბგერა რჩება, ხოლო მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია FIGO-ს კლასიფიკაციის მიხედვით დეტალური ტოპოგრაფიული რუკის შესადგენად გამოიყენება. ეს კლასიფიკაცია, რომელიც წარმონაქმნებს ლოკალიზაციის მიხედვით აჯგუფებს, ქირურგიული ტაქტიკის შერჩევისას გადამწყვეტ როლს ასრულებს. საშვილოსნოს ღრუს დეფორმაციის ხარისხის შესაფასებლად კი, განსაკუთრებით ლორწქვეშა (სუბმუკოზური) კვანძების არსებობისას, სპეციალისტები ჰისტეროსონოგრაფიას მიმართავენ.

NIH

მკურნალობის სტრატეგია პაციენტთან ერთობლივი გადაწყვეტილების მიღების პრინციპს ეფუძნება, სადაც სიმპტომების სიმძიმე და რეპროდუქციული გეგმები პრიორიტეტულია. თერაპიული მიდგომები შემდეგი სახითაა წარმოდგენილი:

სიმპტომური მართვა: ტკივილისა და სისხლდენის შესამცირებლად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDs) და ტრანექსამის მჟავა გამოიყენება.

ჰორმონალური თერაპია: პროგესტინები, კომბინირებული კონტრაცეპტივები და ლევონორგესტრელის შემცველი საშვილოსნოსშიდა სისტემები (სპირალი) სისხლის დანაკარგს 40−50%-ით ამცირებს.

GnRH პრეპარატები: გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტები ფიბროიდების ზომას ეფექტურად აპატარავებენ. მათგან განსხვავებით, GnRH ანტაგონისტები, როგორიცაა რელუგოლიქსი (Ryeqo®), კვანძების 20−50%-იან სწრაფ რედუქციას უზრუნველყოფენ და ტაბლეტირებული ფორმის წყალობით, პაციენტებისთვის ბევრად მარტივი გამოსაყენებელია.

SPRMs: პროგესტერონის რეცეპტორების სელექციური მოდულატორები (მაგალითად, ულიპრისტალის აცეტატი) სიმპტომებს ეფექტურად მართავენ, თუმცა ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების პერიოდულ მონიტორინგს საჭიროებენ.

ტექნოლოგიური პროგრესი 

თანამედროვე გინეკოლოგია საშვილოსნოს შემნარჩუნებელი, მცირეინვაზიური მეთოდების დანერგვისკენ აქტიურად მიისწრაფვის, რამაც წამყვან ცენტრებში ჰისტერექტომიის წილი საგრძნობლად შეამცირა. ინოვაციური ინტერვენციული მეთოდები პაციენტებს ტრადიციული ქირურგიის ალტერნატივას სთავაზობს:

საშვილოსნოს არტერიის ემბოლიზაცია (UAE): კათეტერის მეშვეობით სპეციალური ნაწილაკების შეყვანა ფიბროიდების სისხლმომარაგებას წყვეტს. ეს მეთოდი კვანძების 40−60%-იან რედუქციას და პაციენტთა უმრავლესობაში სიმპტომების გრძელვადიან გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

აბლაციური ტექნოლოგიები: MRI-კონტროლირებადი ან მაღალი ინტენსივობის ფოკუსირებული ულტრაბგერა (HIFU) ახდენს ქსოვილის არაინვაზიურ დესტრუქციას ამბულატორიულ პირობებში. რადიოსიხშირული აბლაცია (RFA) კი  (ლაპაროსკოპიული ან ულტრაბგერითი კონტროლით) კვანძების ზუსტი განადგურების საშუალებას იძლევა.

ხელმისაწვდომობის გაზრდა: ისეთი სისტემები, როგორიცაა GYIDE, შესაძლებელს ხდის ამ ტექნოლოგიების გამოყენებას პირველად ჯანდაცვაში, დაბალი რესურსების მქონე გარემოშიც კი, საშვილოსნოს კედლის დაზიანების გარეშე. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია მიკროტალღური და კრიოაბლაცია.

NIH

მიუხედავად ახალი მეთოდებისა, ქირურგიული მიომექტომია კვლავ რჩება „ოქროს სტანდარტად“ ორგანოს შენარჩუნების მიზნით, თუმცა ამ დროს რეციდივის რისკი 30−50%-ს შეადგენს.

კლინიკური კვლევები და ინოვაციები

სამომავლო პერსპექტივებს ამყარებს მიმდინარე კვლევები:

ფარმაკოთერაპია: ახალი ორალური GnRH ანტაგონისტების ტესტირება მძიმე სისხლდენების მართვისთვის.

გენური თერაპია და ნანოტექნოლოგიები: მიზანმიმართული ზემოქმედება MED12 მუტაციებზე და ნანონაწილაკების გამოყენება პრეპარატების ლოკალური მიწოდებისთვის.

ხელოვნური ინტელექტი: AI-ალგორითმები ვიზუალიზაციაში, რომლებიც წინასწარმეტყველებენ კვანძების ზრდას და პერსონალიზებულს ხდიან მკურნალობის გეგმას.

ლუპიტა ნიონგოს კამპანია #MakeFibroidsCount სწორედ ამ სამეცნიერო გარღვევებს აფინანსებს. მისი მიზანი ჯანდაცვის სისტემის ისეთი ტრანსფორმაციაა, სადაც თანაბარი ხელმისაწვდომობა გარანტირებული იქნება და არცერთ ქალს მოუწევს “ჩუმად“ ტკივილის ატანა.

წყაროები: People; Instagram; Mayo Clinic; NIH; NIH; CanWaCH; Mayo Clinic; JOGC; ClinicalTrials; UCH Clinical Trials; NIH



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები