ჟურნალ JNeurosci-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, აუტისტურ სპექტრზე მყოფი (ASD) ადამიანების ტვინის აქტივობა იმდენად ცვალებადი და ინდივიდუალურია, რომ ტრადიციული, ჯგუფურ საშუალო მაჩვენებლებზე დაფუძნებული კვლევის მეთოდები შესაძლოა, არაეფექტიანი აღმოჩნდეს.
აიოვას უნივერსიტეტის მკვლევრებმა, დორიტ კლიმანმა და ჯეიმს ტრეერმა, ინდიანას უნივერსიტეტსა და კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (Caltech) შეგროვებული მონაცემები გააანალიზეს. ექსპერიმენტის ფარგლებში, მეცნიერები აკვირდებოდნენ აუტისტურ სპექტრზე მყოფი და სპექტრს მიღმა მყოფი (ნეიროტიპული) ზრდასრულების ტვინის აქტივობას სხვადასხვა ჟანრის (ანიმაცია, მძაფრსიუჟეტიანი, რომანტიკული კომედია და თრილერი) ფილმების ყურებისას. მიღებული ნეიროვიზუალიზაციის მონაცემებით გუნდმა სპეციალური გამოთვლითი მოდელი შექმნა, რომელიც ტვინის აქტივობასა და ფილმის ხმოვან, ვიზუალურ თუ აბსტრაქტულ სოციალურ დეტალებს შორის კავშირებს ეძებდა.
როდესაც მეცნიერებმა ორივე ჯგუფის (აუტისტურ სპექტრზე მყოფი და ნეიროტიპული პირების) ტვინის აქტივობის საშუალო მაჩვენებლები შეადარეს, შედეგები თითქმის იდენტური აღმოჩნდა. თუმცა, სურათი რადიკალურად შეიცვალა, როცა მონაცემები ინდივიდუალურ დონეზე გააანალიზეს.
აღმოჩნდა, რომ აუტისტურ სპექტრზე მყოფი პირების ინდივიდუალური მონაცემები საკუთარი ჯგუფის საშუალო მაჩვენებელს ბევრად უფრო სცილდებოდა, ვიდრე ნეიროტიპული ადამიანებისა — თავიანთი ჯგუფის სტანდარტს. ტვინის აქტივობის ეს მკვეთრი ინდივიდუალური ვარიაბილურობა (ცვალებადობა) თითქმის ყველა ნერვულ სისტემაში დაფიქსირდა, თუმცა ყველაზე თვალსაჩინო ის ტვინის ე.წ. სოციალურ ქსელში იყო.
ვინაიდან აუტისტური სპექტრის კვლევისა და თერაპიის თანამედროვე მიდგომები ძირითადად ჯგუფურ საშუალო მაჩვენებლებს ეფუძნება, ავტორები მიიჩნევენ, რომ პარადიგმა უნდა შეიცვალოს.
„ჯგუფური საშუალო მაჩვენებლების მსგავსებამ გაგვაკვირვა. ეს შედეგები მიუთითებს, რომ ფოკუსი ტვინის ინდივიდუალური რეაქციების დეტალების შესწავლაზე უნდა გადავიტანოთ — როგორ და რატომ განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან?“ — აღნიშნავს კვლევის თანაავტორი, ჯეიმს ტრეერი.
მეცნიერების დასკვნით, მსგავსი საშუალო მაჩვენებლები ინდივიდუალურ სხვაობებს ფარავს, რის გამოც სტანდარტული, შაბლონური მეთოდები ხშირად უშედეგოა. დორიტ კლიმანის განმარტებით, აუტისტური სპექტრის ქვეჯგუფების იდენტიფიცირება მდგომარეობის უფრო ზუსტად გააზრებაში დაეხმარებათ, რაც, საბოლოო ჯამში, თითოეულ პაციენტზე სრულად მორგებული მხარდაჭერის გზების შემუშავების პერსპექტივას აჩენს. სამომავლოდ გუნდი სწორედ იმის შესწავლას გეგმავს, თუ როგორ უკავშირდება ტვინის აქტივობის ეს ცვალებადობა სპექტრისთვის დამახასიათებელ ინდივიდუალურ ქცევით სხვაობებს.
წყარო: MedicalXpress

