პანკრეატიტის პრევენცია: ოლეზარსენის პოტენციალი მძიმე ჰიპერტრიგლიცერიდემიის მქონე პაციენტებში

გააზიარე

მძიმე ჰიპერტრიგლიცერიდემია (რომელიც განისაზღვრება შრატის ტრიგლიცერიდების დონით 500 mg/dL ან მეტი) მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს აღენიშნება და მკვეთრად ზრდის სიცოცხლისთვის საშიში მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკს. ტრადიციული თერაპიები (მათ შორის ფიბრატები და ომეგა-3) ტრიგლიცერიდების დონეს მხოლოდ უმნიშვნელოდ ამცირებს და მათი პანკრეატიტის საწინააღმდეგო ეფექტიც დაუდასტურებელია. ბოლო კვლევების თანახმად, ოლეზარსენს შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ლიპიდური დარღვევების მართვა.

ოლეზარსენის მოქმედების მექანიზმი მოიცავს აპოლიპოპროტეინ C-III-ის (ApoC-III) კონცენტრაციის შემცირებას, რაც აუმჯობესებს ორგანიზმის ტრიგლიცერიდებისგან გათავისუფლებას. ოლეზარსენის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად ჩატარდა ორი საერთაშორისო ფაზა 3-ის კლინიკური კვლევა (CORE-TIMI 72a და CORE2-TIMI 72b), რომელიც 12 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ რანდომიზებულ, პლაცებო-კონტროლირებულ ცდებში მონაწილეობდა 1000-ზე მეტი პაციენტი (მძიმე ჰიპერტრიგლიცერიდემიით)  მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. კვლევის ძირითად ფოკუსს წარმოადგენდა ტრიგლიცერიდების დონის დაწევა და მწვავე პანკრეატიტის შემთხვევების პრევენცია. მონაწილეები შემთხვევითად ნაწილდებოდნენ ჯგუფებში, რომლებიც იღებდნენ 50 mg/80 mg ოლეზარსენს, ან პლაცებოს. (თვეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით)

კვლევის შედეგები:

პლაცებო ჯგუფთან შედარებით, მკურნალობის 6 თვის თავზე ტრიგლიცერიდების დონე 72%-ით შემცირდა და შენარჩუნდა მთელი 12-თვის განმავლობაში (დაკვირვების პერიოდი). გარდა ამისა, ოლეზარსენმა პანკრეატიტის ინციდენტობაც 85%-ით დააქვეითა. პაციენტებმა მაღალი რისკის ჯგუფში, რომელთაც საწყისი ტრიგლიცერიდების უკიდურესად მაღალი კონცენტრაცია და ანამნეზში პანკრეატიტი აღენიშნებოდათ, ყველაზე დადებითი შედეგი მიიღეს.

ტრიგლიცერიდებზე ზემოქმედების გარდა, ოლეზარსენმა გააუმჯობესა სხვა ათეროგენული ლიპიდების პროფილიც (კერძოდ, ტრიგლიცერიდებით მდიდარი ლიპოპროტეინები და არა-HDL ქოლესტერინის), თუმცა LDL ქოლესტერინის დონემ მცირედით მოიმატა. აღინიშნა ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ზრდა და თრომბოციტების დაქვეითება, რაც დაკავშირებული იყო მაღალ დოზასთან. მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ ასევე აჩვენა ცხიმოვანი ფრაქციის მატება ღვიძლში (დოზაზე დამოკიდებული), თუმცა მისი კლინიკური მნიშვნელობა დამატებით კვლევას საჭიროებს. მნიშვნელოვანია, რომ სერიოზული არასასურველი მოვლენების (SAE) სიხშირე თერაპიულ და პლაცებო ჯგუფში არ განსხვავდებოდა.

ეს კვლევები მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს მძიმე ჰიპერტრიგლიცერიდემიის მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც მკურნალობის შეზღუდული ვარიანტები და პანკრეატიტის მაღალი რისკი აქვთ. გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დაზუსტების მიზნით, კვლევები გრძელდება. ასევე შესასწავლია მედიკამენტის გავლენა გლიკემიურ კონტროლთან დაკავშირებულ მარკერებსა და ღვიძლის ფუნქციაზე.

წყარო: NEJM



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები